Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-151(კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ტ. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 2 ოქტომბერს გ. კ-ამ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირის - ტ. ა-ის მონაწილეობით.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა გ. კ-ას კუთვნილი უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 ივნისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და გ. კ-ას კუთვნილი უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 აგვისტოს N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 აგვისტოს N... რეგისტრაციის შესახებ (გ. კ-ას კუთვნილი უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში) გადაწყვეტილება, შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებებს. ტ. ა-ის დაზუსტებული რეგისტრაცია იყო არაზუსტი და უხეშად არღვევდა მის საკუთრების უფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 ივნისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ. ა-ის განცხადება და უძრავ ქონებაზე - სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 728.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობებზე (ს/კ ...; ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ე. ს-ის საკუთრების უფლება. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისმა მეზობელმა ტ. ა-იმა განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში დაირეგისტრირა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ფართობი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე ძალადაკარგული, ისე მოქმედი ნორმატიული აქტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003 წლის 9 ოქტომბერს (განაცხადი N...) უძრავ ქონებაზე - სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 753.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ს/კ ... პირველადი რეგისტრაციით დარეგისტრირდა ე. ს-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია სარეგისტრაციო მოწმობა N... და მარნეულის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობა-დახასიათება.

2012 წლის 6 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ტ. ა-იმა და უძრავ ნივთზე გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ნასყიდობის ხელშეკრულება.

2012 წლის 20 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტ. ა-ის განცხადება და უძრავ ქონებაზე - სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 728.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ს/კ ... (ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა ე. ს-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებად მიეთითა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

2013 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელე გ. კ-ამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ.მარნეული, ...ს N1-ში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, განცხადებას თან დაურთო: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ცნობა დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ელ ვერსია და სამკვიდრო მოწმობა, რაზეც დაკმაყოფილდა მოთხოვნა და სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ... მდებარე ქ.მარნეული, ...ს ქუჩა N10-ში დარეგისტრირდა გ. კ-ას საკუთრების უფლება.

2018 წლის 20 სექტემბერს გ. კ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. მარნეული, ...ს ქუჩა N109-ში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, რაზეც 2018 წლის 20 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა სარეგისტრაციო მოწმობისა და ცნობა-დახასიათების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 753 მ2 დაუზუსტებელი მონაცემით დარეგისტრირდა ე. ს-ის სახელზე, ხოლო მესამე პირის ტ. ა-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა დაზუსტებული რეგისტრაცია, რომელიც შეესაბამება სარეგისტრაციოდ წარდგენილ და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულ მონაცემებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ტექ. ბიუროს ცნობაზე, რომელშიც ცალსახად მითითებულია მიწის ნაკვეთის ფართი - 753კვ.მ, ხოლო საფუძვლად აღნიშნულია 9/10/2003 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება. ანალოგიურ მონაცემს შეიცავს ასევე 1985 წლის 20 მარტით დათარიღებული მტკიცებულება, ხოლო რაც შეეხება ე. ს-ას სახელზე 1983 წელს გაცემულ N244 ცნობას (ტომი 2, გვ. 84) მითითებულია, რომ აღნიშნულით მიეცა უფლება, მიწის ნაკვეთზე აეშენებინა ახალი საცხოვრებელი სახლი (0,06 ჰა).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო რეგისტრაციის მიმდინარეობისას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული ინფორმაცია ერთობლიობაში იძლეოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან გასაჩივრებული რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა, ხოლო ამავე მუხლის 62 პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელდა და ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ტ. ა-ის მიერ წარდგენილი მონაცემი შეადარა მასთან დაცულ მონაცემებს და ვინაიდან, არ დადგინდა მათ შორის სხვაობა, შესაბამისად მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება დაზუსტებული მონაცემით რეგისტრაციის შესახებ.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტისას დადგენას საჭიროებს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ თავისი ინტერესი სწორედ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ მიუთითა მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. კ-ას საკასაციო საჩივარზე 06.04.2022წ საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. კ-ას (პასპორტის ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. გ. კ-ას (პასპორტის ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.04.2022წ საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე