№ბს-1221(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ს-ე; მესამე პირი - შპს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 დეკემბრის №SP... ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ; ბ) უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ქმედება - 2020 წლის 22 დეკემბრის №... სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით №3/2493-21 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფ. ს-ეის მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ფ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 დეკემბრის №SP... ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რესპოდენტს 2020 წლის 29 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება. ვინაიდან რესპოდენტმა არ მოახდინა კანონით გათვალისწინებული მისი უფლებების რეალიზაცია, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფულადი ვალდებულებების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი.
კასატორის მითითებით, ფ. ს-ე უთითებდა 2020 წლის 2 ოქტომბრის ინფორმაციაზე სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, ასევე ინფექციის გამო თვითიზოლაციაში ყოფნასთან დაკავშირებით ოქტომბრის თვის ბოლომდე, თუმცა შეტყობინება მას პირადად ჩაბარდა 2020 წლის 29 ოქტომბერს და უფლების დაცვის არანაირ მცდელობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2016 წლის 2 თებერვალს, ფ. ს-ესა და შპს „ო...ს“ შორის დაიდო სესხის ონლაინ/ელექტრონული ხელშეკრულება №1196354. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა შეადგენს 1000 ლარს, გადახდის ვადა - 31 დღე, საკომისიო - 182.90 ლარი, დასაბრუნებელი თანხის ჯამი - 1182.90 ლარი, გადახდის დღე - 04/03/2016 წელი. მსესხებელი ადასტურებს, რომ 02/02/2016 წლისათვის გაეცნო სესხის ხელშეკრულების პირობებს, ეთანხმება მის ვალდებულებას სესხის მოქმედების პერიოდში. მსესხებელი ინფორმირებულია და ეთანხმება, რომ სესხის ხელშეკრულების სპეციალური პირობები, აღნიშნული ინვოისში, არის განუყოფელი ნაწილი სესხის ხელშეკრულებისა და ყოველგვარი სხვა ინტერპრეტაცია არის ბათილი. ამასთან, ხელშეკრულების მე-13 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული სამართალწარმოების წესით გადახდის ბრძანების მისაღებად. მსესხებელი წინასწარ აცხადებს უარს პროტესტის წარდგენაზე და მისი ყველა სახის შესაგებელი სადავო საკითხებთან დაკავშირებით განიხილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ (ს.ფ 84-89, 105, 111); ბ) 2018 წლის 12 ივნისის სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე შეთანხმებით შპს „ო...ი“ (მოთხოვნის დამთმობი) და შპს „პ...“ (მოთხოვნის მიმღები) შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დამთმობი საკუთრების უფლებით გადასცემს მოთხოვნის მიმღებს №1196354 სესხს (რომელიც დაიდო შპს „ო...სა“ და ფ. ს-ეს შორის 02/02/2016 წელს) და მასზე მოთხოვნის უფლებას, რომელიც წინამდებარე შეთანხმების დადებამდე პირდაპირ ეკუთვნოდა მოთხოვნის დამთმობს (ს.ფ 93); გ) 2019 წლის 24 აპრილის სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე შეთანხმებით შპს „პ...“ (მოთხოვნის დამთმობი) და შპს „მ...“ (მოთხოვნის მიმღები) შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დამთმობი საკუთრების უფლებით გადასცემს მოთხოვნის მიმღებს №1196354 სესხს (რომელიც დაიდო შპს „ო...სა“ და ფ. ს-ეს შორის 02/02/2016 წელს) და მასზე მოთხოვნის უფლებას, რომელიც წინამდებარე შეთანხმების დადებამდე პირდაპირ ეკუთვნოდა მოთხოვნის დამთმობს (ს.ფ 94); დ) 2019 წლის 1 ნოემბრის სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე შეთანხმებით შპს „მ...“ (მოთხოვნის დამთმობი) და შპს „...“ (მოთხოვნის მიმღები) შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დამთმობი საკუთრების უფლებით გადასცემს მოთხოვნის მიმღებს №1196354 სესხს (რომელიც დაიდო შპს „ო...სა“ და ფ. ს-ეს შორის 02/02/2016 წელს) და მასზე მოთხოვნის უფლებას, რომელიც წინამდებარე შეთანხმების დადებამდე პირდაპირ ეკუთვნოდა მოთხოვნის დამთმობს (ს.ფ 95); ე) 2020 წლის 17 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება, აპლიკანტის - შპს „...ს“ განცხადების საფუძველზე, რესპოდენტის - ფ. ს-ეის მიმართ. 2020 წლის 23 ოქტომბერს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა №SP.../780909 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც ფ. ს-ეს პირადად ჩაბარდა 2020 წლის 29 ოქტომბერს. ამავე შეტყობინებით ფ. ს-ეს განემარტა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჰქონდა უფლება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება (ს.ფ 113-115); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 დეკემბრის №SP... ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ, რესპოდენტს - ფ. ს-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 14110.45 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „...ს“ მიმართ (ს.ფ 121); ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 დეკემბრის №05/11028 წერილის თანახმად სოფელ ...ებში მცხოვრებ ფ. ს-ეს მისი 2021 წლის 12 ნოემბრის №20158/05 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2020 წლის ოქტომბრის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ებში სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარემ წაიღო მე-9 ქუჩაზე სამანქანე ხიდი (ს.ფ. 139); თ) საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 2 ოქტომბერს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია აჭარაში სტიქიის შედეგების შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ...ში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია. მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. აჭარაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, ადიდდა მდინარეები და ღელეები. ხელვაჩაურის სოფელ ...ში ღამით მეწყერი ჩამოწვა, წაიღო სახლი. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის ქვეშ ადამიანები მოჰყვნენ - სახლში მყოფი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, ბავშვი და ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა. შესაბამისი უწყებების ცნობით, მძიმე ტექნიკით, 120 მეხანძრე-მაშველის მიერ, დაახლოებით 40 ათას ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოები 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს (ს.ფ. 140-141); ი) მოქალაქეების - რ. წ-ეისა და ნ. ზ-ეის 2021 წლის 25 ნოემბრის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, მათი ახლობელი - ფ. ს-ე 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა მკაცრი თვითიზოლაციის პირობებში, მათ ოჯახებთან ხშირი კონტაქტის გამო, რომლის წევრებსაც ჰქონდათ ,,კორონავირუსული დაავადება’’ (კოვიდ-19) (ს.ფ 138); კ) კერძო აღმასრულებლის - თ. მ-ის 2021 წლის 18 მარტის წინადადებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ფ. ს-ეს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 22.12.2020 წელს გაცემული №... აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი), სააღსრულებო წარმოება №..., სადაც კრედიტორია შპს „...“. ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების თანახმად, მოვალეს - ფ. ს-ეს, კრედიტორის - შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 14110.45 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოვალეს, ფ. ს-ეს მიეცა წინადადება, რომ ნებაყოფლობით, შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა (ს.ფ 26-29).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება თავისი არსით აპლიკანტისთვის (კრედიტორი) პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად და აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობაში ვლინდება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის უფლებებს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, (1) ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი; (2) თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან; (3) გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აჭარაში განვითარებული სტიქია იყო ფართომასშტაბიანი და მისი შედეგების ლიკვიდაცია ვერ მოხდებოდა დაუყოვნებლივ, რაც არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, კასატორის შედავება იმის შესახებ, რომ სტიქიასთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2020 წლის 2 ოქტომბრის ინფორმაცია, ხოლო მოსარჩელეს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაუსაბუთებელია და არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული სტიქიური მოვლენები არ უნდა ყოფილიყო მოპასუხის მიერ მხედველობაში მიღებული.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფ. ს-ეის ინფორმირებულობა მოთხოვნის დათმობასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც მას სესხის ხელშეკრულება დადებული ჰქონდა შპს „ო...თან“, ხოლო აპლიკანტს წარმოადგენდა შპს „...“.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და ისე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.11.2022წ. №43541 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე