№ბს-1134(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ტ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ტ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2021 წლის 19 მარტის №23-პ/შ ბრძანება გ. ტ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე გ. ტ-ას სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; გ) დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელე გ. ტ-ას სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 640 (ექვსას ორმოცი) ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გ. ტ-ას სარჩელი, მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
3. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მინისტრის 2021 წლის 19 მარტის №23-პ/შ ბრძანება გ. ტ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ტ-ას მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით გ. ტ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსაზრებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს კვლავ განიხილოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით გამოიკვლიოს და შეაფასოს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. ასევე, მოსარჩელეს უარი ეთქვა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, სასამართლომ ფაქტობრივად გადაწყვიტა სადავო საკითხი, ვინაიდან, სამსახურიდან გათავისუფლება და მისი საფუძველი არაკანონიერად იქნა მიჩნეული. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე.
კასატორის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში და სხვებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელესთან მიმართებით რატომ მიანიჭა უპირატესობა მობილობას დაქვემდებარებულ სხვა საჯარო მოხელეებს. 2021 წლის 19 თებერვლის №3 ოქმის თანახმად, შედგა მოსარჩელესთან გასაუბრება, სადაც მან წარადგინა პრეზენტაცია საკუთარი თავის შესახებ, მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, სამომავლო ხედვების და სამხედრო სამსახურის უკეთ წარმართვის მიმართულებით, თუმცა, ყოველგავარი დასაბუთების გარეშე მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე იყო საფუძვლიანი, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ტ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის №189-ძ/ს ბრძანებით სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესი (ს.ფ 70-71); ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №10-ძ/ს ბრძანებით დაიწყო სამინისტროს რეორგანიზაციის მეორე ეტაპი - რეორგანიზაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება (ს.ფ 72-73); გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2021 წლის 22 თებერვლის №21-ძ/ს ბრძანებით დაიწყო სამინისტროს რეორგანიზაციის მესამე ეტაპი - მობილობა (ს.ფ 74-75); დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის სხდომის (გასაუბრების) 2021 წლის 19 თებერვლის №3 ოქმში აღნიშნულია შემდეგი: გასაუბრებისას, კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა სამსახურის მოხელეებს წარედგინათ ინფორმაცია (პრეზენტაცია) საკუთარი თავის შესახებ, მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, სამომავლო ხედვების და სამხედრო სამსახურის უკეთ წარმართვის მიმართულებით. გ. ტ-ამ აღნიშნა, რომ ის ემსახურებოდა წვევამდელთა დაუწყების პროცესს და მისი საქმიანობა შემოიფარგლებოდა წვევამდელთა დაუწყებაში. კითხვაზე ხომ არ სურდა რაიმე სახის ინფორმაციის დამატება, გ. ტ-ამ განაცხადა, რომ მას რაიმე დამატებითი სახის ინფორმაციის წარმოდგენა არ სურდა (ს.ფ 89-90); ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, განისაზღვრა იმ მოხელეთა ვინაობა, რომლებიც შიდა მობილობას დაქვემდებარებულ საშტატო ერთეულთა შევსების გამო ექვემდებარებოდნენ გარე მობილობას. აღნიშნულ მოხელეთაგან ერთ-ერთი იყო გ. ტ-ა (ს.ფ 91-93); ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2021 წლის 19 მარტის №23-პ/შ ბრძანებით 2021 წლის 22 მარტიდან გ. ტ-ა გათავისუფლდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ...ის თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 105-ე მუხლის პირველი პუნქტი, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 110-ე მუხლი, ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები (ს.ფ 15).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული კანონის 110-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ტ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დაწესებულების შტატების შემცირების, მობილობის შეუძლებლობის გამო, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქმის მასალებით დგინდება, რომ რეორგანიზაციამდე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური მოიცავდა 7 საშტატო ერთეულს, მათ შორის, 1 სამსახურის უფროსის საშტატო ერთეული, 1 სამსახურის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული და 5 ...ი, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ აღნიშნულმა სამსახურმა მოიცვა 5 საშტატო ერთეული, 1 სამსახურის უფროსი და 4 ...ი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, გ. ტ-ას სამსახურიდან გათავისუფლება დაეფუძნა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებას, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა. მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის ამონაწერში მითითებული ზოგადი მსჯელობა, რომ გაანალიზებულ იქნა რეორგანიზაციის შედეგები, მოხელეთა სამუშაო გამოცდილება, შესრულებული სამუშაო, კვალიფიკაცია, დაკისრებული მოვალეობების უკეთ შესრულების კრიტერიუმები და სხვა გარემოებები, არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოხელის გათავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკითხის ხელახლა კვლევისას უნდა შეფასდეს სწორედ აღნიშნული საკითხი - ადმინისტრაციულმა ორგანომ უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, რადგან გათავისუფლებულ პირს უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, სრულად აღიქვას მისი გათავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა თუ არა გ. ტ-ას ტოლფას ან უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანის საკითხი. ასევე, მოპასუხე მხარეს არ დაუსაბუთებია რატომ იყო გ. ტ-ას მობილობა შეუძლებელი.
კასატორის შედავებაზე, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართებულია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ტ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე