№ბს-860(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ვ. მ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №10-08/515 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის №10/5249 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მოახდინოს ვ. მ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ვ. მ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №10-08/515 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის №10/5249 გადაწყვეტილება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ვ. მ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს „მ...სთვის“ ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-8 ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მექანიკური შეცდომის არსებობისას, მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია წერილობით მიმართოს სააგენტოს. ამდენად, კანონმდებელი ადგენს ვალდებულებას და ხაზს უსვამს წერილობით მიმართვაზე და არა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეს სააგენტოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-8 ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტის კლინიკაში მოთავსების ან გაწერის თარიღის მითითებაში მექანიკური შეცდომის არსებობისას, მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ვალდებულია, წერილობით მიმართოს სააგენტოს და წარადგინოს „სტაციონარში პაციენტთა მიღების და გაწერის რეგისტრაციის ჟურნალის“ შესაბამისი ჩანაწერის მომცველი გვერდის ასლი. წარდგენილი დოკუმენტაციით, მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობის ეპიზოდი/შემთხვევა დაექვემდებარება ანაზღაურებას. დასახელებული მუხლი სასამართლომ იმდაგვარად განმარტა, რომ არ არის არანაირი ვადა წერილობითი მიმართვისთვის დადგენილი. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია დასახელებული ნორმის სათაურს, რომელიც ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: „საანგარიშგებო დოკუმენტაციის დამუშავება და შემთხვევების კლასიფიცირება“, რაც ცალსახად გულისხმობს, რომ მუხლში საუბარია დოკუმენტაციის დამუშავებისა და შემთხვევების კლასიფიცირების ეტაპზე და ადგენს ხარვეზის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადას, რომელიც არის დოკუმენტაციის დამუშავება და შემთხვევების კლასიფიცირება. დამუშავებსა და კლასიფიცირებამდე წარდგენილი დოკუმენტაცია დაერთვება საქმეს და კლასიფიცირებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნება და არა ისე, როგორც სასამართლომ განმარტა, თითქოს, მხარეს ნებისმიერ დროს შეულია სააგენტოს მიაწოდოს განცხადება, ხოლო ეს უკანაკნელი ვალდებულია იმსჯელოს წარდგენილ განცხადებაზე.
სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ „მხოლოდ ფორმალურად კანონიერი წესით სამედიცინო შემთხვევისთვის (...) სტატუსის - „არ ექვემდებარება ანაზღაურების“ მინიჭება, მატერიალურად არ არის საფუძვლიანი და შესაბამისად, არსებობს აღნიშნული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებას დაქვემდებარების და შპს „მ...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი“. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ არასწორადაა შეფასებული, რადგან ეს არის შედეგი და არა საფუძველი, რაც არსებითი მნიშვნელობის გარემოებაა იმის დასადასტურებლად, რომ სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ აქვს საქმე შესწავლილი, რაც მისი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ვ. მ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №10-08/515 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის №10/5249 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოთხოვნილია ვ. მ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ვ. მ-ეე შპს „მ...ს“ კასპის კლინიკაში მკურნალობდა 2020 წლის 30 ნოემბრის 12 საათიდან 13 საათამდე, რაზეც მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდულში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით დაფიქსირდა შეტყობინება დიაგნოზით: კანის აბსცესი, სხვა ლოკალიზაციის ფურუნკული და კარბუნკული (ს. ფ. 19-27); ბ) შპს „მ...ს“ მიერ განმახორციელებლისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ვ. მ-ეის კლინიკაში მოთავსების დროდ მიეთითა 2020 წლის 24 ნოემბერი, 12:00 სთ (ს. ფ. 19-27, 28); გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №10-08/515 გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ კასპის კლინიკას უარი ითქვა პაციენტ ვ. მ-ეის შემთხვევის ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის (შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი ან 11 პუნქტით განსაზღვრული პირობები, შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადაცემულია 24-საათიანი ვადის დარღვევით) თანახმად (ს. ფ. 19); დ) შპს „მ...მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, რომელშიც აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა მექანიკური ხასიათის უზუსტობას და ვ. მ-ეის კლინიკაში მოთავსების დრო არის 2020 წლის 30 ნოემბერი (ს.ფ. 20-22); ე) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის №10/5249 გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შემთხვევის ანაზღაურებაზე შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადაცემულია 24-საათიანი ვადის დარღვევით და ამასთან, მიმწოდებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია წერილობით მიმართვას სააგენტოსთვის არსებული ტექნიკური ხარვეზის შესახებ. (ს. ფ. 23-25).
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (დანართი №1) პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
მოცემული დადგენილების დანართი №1-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი №1-ის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
ამავე დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი ან 11 პუნქტით განსაზღვრული პირობები.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვ. მ-ეე შპს „მ...ში“ მიყვანილ იქნა 2020 წლის 30 ნოემბერს, 12:00 საათზე, რაზეც მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდულში, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, დაფიქსირდა შესაბამისი შეტყობინება. მას გაეწია ამბულატორიული მკურნალობა და იმავე დღის 13:00 საათზე გაეწერა კლინიკიდან. დადგენილია ასევე, რომ შემთხვევის შესახებ ელექტრონულ პორტალზე შეტყობინებისას შპს „მ...ს“ მიერ დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის უზუსტობა და პაციენტის მიღების თარიღად 2020 წლის 30 ნოემბრის ნაცვლად, მიეთითა 24 ნოემბერი, 12:00 საათი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს, რამდენად მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო დაწესებულებას შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადაცემულია 24-საათიანი ვადის დარღვევით და ამასთანავე, კლინიკას ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ განცხადებით განმახორციელებლისათვის არ მიუმართავს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ. მ-ეის შპს „მ...ში“ მიყვანის რეალური დრო არის 2020 წლის 30 ნოემბერი და შპს „მ...ს“ მიერ შეტყობინება გაკეთებულია იმავე დღეს, 2020 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ შპს „მ...ს“ მხრიდან შემთხვევის შესახებ შეტყობინების ატვირთვის 24-საათიანი ვადა დარღვეული არ არის.
რაც შეეხება ანაზღაურებაზე უარის თქმის იმ საფუძველს, რომ მიმწოდებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია წერილობით მიმართვას სააგენტოსთვის არსებული ტექნიკური ხარვეზის შესახებ, კერძოდ, მიმწოდებელმა განმახორციელებელს ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ განცხადება უნდა წარუდგინოს დოკუმენტაციის დამუშავებისა და შემთხვევების კლასიფიცირების ეტაპის დასრულებამდე, რაც შპს „მ...ს“ მიერ არ განხორციელებულა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (დანართი №1) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს №04 - 241/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პაციენტის კლინიკაში მოთავსების ან გაწერის თარიღის მითითებაში მექანიკური შეცდომის არსებობისას, მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ვალდებულია წერილობით მიმართოს სააგენტოს და წარადგინოს „სტაციონარში პაციენტთა მიღების და გაწერის რეგისტრაციის ჟურნალის“ შესაბამისი ჩანაწერის მომცველი გვერდის ასლი. წარდგენილი დოკუმენტაციით, მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობის ეპიზოდი/შემთხვევა დაექვემდებარება ანაზღაურებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „მ...ს“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდა პაციენტის კლინიკაში მოთავსების-გაწერის თარიღის მითითებაში მექანიკური შეცდომის არსებობა, რაც, თავის მხრივ, მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპთან მიმართებით, წარმოადგენს ფორმალურ მიდგომას, რაც არ ცვლის საქმის შპს „მ...ს“ სასარგებლოდ გადაწყვეტის ბედს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.07.2022წ. №19513 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.07.2022წ. №19513 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე