საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-974(კ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. ჩ-ა, პ. ქ-ა და ვ. ქ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-ამ, პ. ქ-ამ და ვ. ქ-ამ 2022 წლის 25 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს: „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-431/ო ბრძანების ბათილად ცნობა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას, პ. ქ-ას და ვ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-431/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ჩ-ას, პ. ქ-ას და ვ. ქ-ას, აგრეთვე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით ლ. ჩ-ას, პ. ქ-ას და ვ. ქ-ას, აგრეთვე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებლის მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტად მიჩნევის შესახებ სახელმწიფო უწყების (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) შესაბამისი წერილის საქმის მასალებში არარსებობა წარმოადგენს სწორედ სადავო აქტის გამოცემის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქულის დაკლების საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებაზე აპელირება, მტკიცებულების არასებობის პირობებში, მიუთითებს სააგენტოს მხრიდან სადავო აქტის მიღებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და გადაწყვეტილების ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებაზე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი. ხოლო, იმავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მას უფლება აქვს: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, რაც, პალატის მოსაზრებით, განსახილველი საქმის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო მოცემულ შემთხვევაში მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო, მოეპოვებინა მტკიცებულება სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველთან დაკავშირებით და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ლ. ჩ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ განმცხადებელი არ ცხოვრობდა სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვან ობიექტში, რის შედეგად, ლ. ჩ-ას ოჯახს დააკლდა 3 ქულა, თუმცა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და დროებით თავს აფარებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ყოფილი ...ს შენობას, რომელის ტექნიკური მდგომარეობა, საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 აპრილის N002324821 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია, მათ შორის საცხოვრებლად გამოყენება, საფრთხის შემცველია.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანია მოსარჩელის ოჯახისთვის 3 ქულის დაკლების მიზეზი. არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სათანადო ფაქტების დაუდგენლობა კი, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
პალატამ აღნიშნა, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებითაა შესაძლებელი. პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. ჩ-ას ოჯახისთვის ქულის დაკლების მიზეზს წარმოადგენს მოსარჩელის საცხოვრებლის მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტად მიჩნევის შესახებ შესაბამისი სახელმწიფო უწყების წერილის საქმის მასალებში არარსებობა. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში 3 ქულის დაკლების შემდეგ მოსარჩელის ოჯახის ქულათა ჯამური რაოდენობა შეადგენდა - 2 ქულას, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 31 მაისის სხდომის ოქმის (ოქმი N33) შესაბამისად, 2-ოთახიანი ბინით უზრუნველყოფისთვის (მოცემულ შემთხვევაში სულადობის მიხედვით ლ. ჩ-ას უნდა გადაცსემოდა 2 ოთახიანი ბინა ქ. ზუგდიდში) საჭირო იყო მინიმუმ 4 ქულა. კასატორის მითითებით, მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მათ ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა N... (...ს შენობა).
ლ. ჩ-ამ 2019 წლის 12 სექტემბერს მისი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.
2021 წლის 27 მაისს ...ს შენობაში განხორციელებული მონიტორინგისას მოსარჩელის ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. 2021 წლის 13 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმეორებითი ვიზიტისას მონიტორინგს ადგილზე დახვდა პ. ქ-ა, ამავე ფორმაში აღინიშნა, რომ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და მითითებულ მისამართზე პ. ქ-ა, ლ. ჩ-ასთან (დედა) და ვ. ქ-ასთან (მამა) ერთად 1993 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის N79 სხდომის ოქმის შესაბამისად, ლ. ჩ-ას დევნილი ოჯახის განცხადება არ დაკმაყოფილდა არასაკმარისი ქულის გამო, ხოლო ამავე სხდომის ოქმში მითითებულია, რომ განმცხადებელს 3 ქულა დააკლდა კრიტერიუმში - „სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტები“.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 31 იანვარის N03-431/ო ბრძანებით, არასაკმარისი ქულის გამო, მოსარჩელე ლ. ჩ-ას უარი ეთქვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. „წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. „წესის“ დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავენ კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. ხოლო „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
დადგენილია, რომ ლ. ჩ-ას ოჯახისთვის სააგენტოს მიერ ქულის დაკლების მიზეზს წარმოადგენს მოსარჩელის საცხოვრებლის მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტად მიჩნევის შესახებ შესაბამისი სახელმწიფო უწყების წერილის საქმის მასალებში არარსებობა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 11 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის შესაბამისად, ოჯახს მიენიჭა 5 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს – 2 ქულა; სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტები - 3 ქულა. ამასთან, მონიტორინგის 2021 წლის 30 ივლისის ინფორმაციით, ოჯახი შეფასებული იყო იმავე კრიტერიუმებით, ჯამში 5 ქულით. ამდენად, დგინდება, რომ 2020 წლის 11 სექტემბრის და 2021 წლის 30 ივლისის პერიოდისთვის სააგენტომ მოსარჩელის საცხოვრებელი ობიექტი მიიჩნია სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვან ობიექტად. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული არ არის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსგან გაცემული მტკიცებულება მოსარჩელის საცხოვრებელი ობიექტის სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვან ობიექტად მიჩნევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია, ერთი მხრივ, 2020 წლის 11 სექტემბრისა და 2021 წლის 30 ივლისის მდგომარეობით სააგენტოს მიერ სადავო ობიექტის სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვან ობიექტად მიჩნევა, ხოლო მეორე მხრივ, 2021 წლის 17 ნოემბერს ობიექტისათვის ამ სტატუსის თვითნებურად ჩამორთმევა.
ამასთან, სააგენტოს მითითება საქმის მასალებში მოსარჩელის საცხოვრებელი ობიექტის სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვან ობიექტად მიჩნევასთან დაკავშირებული მტკიცებულების არარსებობის თაობაზე, არ ადასტურებს ამ დოკუმენტის ზოგადად არარსებობას. მით უფრო, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებად მიჩნევის შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე-97-ე მუხლების შესაბამისად, სააგენტო ვალდებული იყო, საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაზე და მხოლოდ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
კასატორი თავადვე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ პირობებში, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის მასალებში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 აპრილის N002324821 იმ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის უგულებელყოფა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია, მათ შორის საცხოვრებლად გამოყენება, საფრთხის შემცველია.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში არ იყო დაცული საკმარისი მტკიცებულებები, დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვან ობიექტს, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე