საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1264(კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელე) - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...“; თ.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ფ.თ-ე, დ.უ-ა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 30 ოქტომბერს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-მა“ და თ.მ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ფ.თ-ე, დ.უ-ა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-ისა“ და თ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-მა“ და თ.მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-ის“ და თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-მა“ და თ.მ-მა.
კასატორების განმარტებით, 2008 წლის 6 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ის ქ. 15-ში (ს/კ...) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ...ის“ საზღვრების დაზუსტების თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აწ გარდაცვლილი გ.პ-ის მიერ 2008 წლის 24 ივლისს სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის (განაცხადის N...) საფუძველზე. არც ერთი დოკუმენტი კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, განხილვის დროს არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და უარის თქმის საფუძველი და სარეგისტრაციო სამსახურის მერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ N...- გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ თავად გამოძიების მიერ დაკითხული მოწმეები, მათ შორის ამზომველი კომპანიის წარმომადგენლები და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ თუ „აზომვით ნახაზში მოცემული მონაცემები არ იქნებოდა შესაბამისობაში რეესტრში დაცულ მონაცემებთან“ ანუ დადგინდებოდა ე/წ ზედდება მიწის ნაკვეთებს შორის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეაჩერებდა წარმოებას. საჯარო რეესტრმა კი გამოიკვლია საქმის გარემოებანი და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაარეგისტრირა ცვლილება.
კასატორების განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.
კასატორები მიუთითებენ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე, 112-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც სარეგისტრაციო წარმოების კანონიერებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია ვალდებულება გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტი იმის თაობაზე „თუ სად მდებარეობს განმცხადებელთა და სხვათა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და არსებობს თუ არა მათ შორის გადაფარვა; გადაფარვის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი; მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. იმ შემთხვევაში, თუკი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისას გამოვლინდება მიწის ნაკვეთების იდენტურობა, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო ადრე რეგისტრირებულ უფლებას. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია, რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
ამასთან, სააგენტოსთვის სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს ცნობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.უ-ას (მოპასუხე) და რ.ს-ს, ნ.თ-ს, დ.მ-ს, თ.ა-ს, ლ.ქ-ს, ე.ა-ს, ა.კ-ს, თ.მ-ს (მოსარჩელეები) შორის მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შესახებ, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტომ მაინც განიხილა და მიიღო გადაწყვეტილებები რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგისტრაციის გაუქმების კანონიერად მიჩნევის თაობაზე, რაც კასატორის განმარტებით დაუშვებელია.
კასატორების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავოდ ქცეული აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო სწორედ სისხლის სამართლის N... საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება და ამ პოზიციას ეყრდნობა მოპასუხე თავის შესაგებელშიც, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო მესამე პირად არ რთავს სისხლის სამართლის N... საქმის შემწყვეტ ორგანოს. ანუ ერთის მხრივ სადავო გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო კანონიერად მიიჩნევს პროკურატურის დადგენილების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიღებულ სადავო გადაწყვეტილებებს, ხოლო მეორეს მხრივ ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის N... საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებას დავის გადაწყვეტისათვის არ აქვს მნიშვნელობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-ისა“ და თ.მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-ისა“ და თ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივში არსებულ საინვენტარიზაციო გეგმას, კერძოდ განსხვავდება კონფიგურაცია და ასევე ნახაზზე საინვენტარიზაციო გეგმაზე დაფიქსირებული ლიტერი „ა“ არ ფიქსირდებოდა, სადავოა ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე ძალადაკარგული, ისე მოქმედი ნორმატიული აქტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.პ-ს 2008 წლის 10 ივლისის განცხადების საფუძველზე გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრში დაცული სიტუაციური ნახაზი, რომელზეც ...ის ქუჩა №15-ში მდებარე უძრავი ნივთის კონფიგურაცია დატანილია სწორკუთხა მართკუთხედის ფორმით.
2008 წლის 24 ივლისს გ.პ-მა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე მიწის ფართის დაზუსტების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც მიწის ნაკვეთი ასახულია მართკუთხედი სწორგვერდა ფიგურის ფორმით, მიწის ნაკვეთზე ასახულია შენობა-ნაგებობები 01/3, 02/1, 03/1, 04/1; თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნულ მიწის ნაკვეთზე ასახულია აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა-ნაგებობების გარდა კიდევ ერთი შენობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ივლისის №...-გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
2008 წლის 5 აგვისტოს გ.პ-ის მიერ წარდგენილი იქნა საინვენტარიზაციო გეგმა. გეგმაზე ასახულია ოთხი შენობა-ნაგებობა, ასევე მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია „ბ“ შენობის კონტურს ემთხვევა მხოლოდ შენობის განთავსების ადგილას, ხოლო შენობის წინ ეზოს ნაწილში მიწის ნაკვეთის საზღვარი გრძელდება №15 უძრავი ნივთის შიდა სივრცეში შეჭრილი ფორმით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთის მიწის ფართი დარეგისტრირდა თავდაპირველი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად და გაიცა საკადასტრო გეგმა ამავე კონფიგურაციით.
2010 წლის 20 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ბ.უ-ას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა თბილისში, ...ის ქ. №15-ში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან, პრივატიზების ხელშეკრულება ბ.უ-ას მიერ ლიტერ „ა“ სახლის პრივატიზების თაობაზე. ასევე ერთვოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაცია შენობის მშენებლობის კანონიერებასთან მიმართებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 26 აპრილის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ბ.უ-ას საკუთრების უფლება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა დ.უ-ას საკუთრების უფლებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებით დ.უ-ას სარეგისტრაციო განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან ვერ იქნა წარდგენილი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი ამხანაგობის წევრთა თანხმობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილებით დ.უ-ას სარეგისტრაციო განაცხადზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, სიტუაციური ნახაზის, ასევე 2008 წელს წარდგენილი ნახაზით და არსებული მდგომარეობით ის შენობა-ნაგებობა, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღწერილია, როგორც ლიტ „ა“, საკადასტრო რუკაზე არ არის ასახული როგორც შენობა-ნაგებობა; შენობა-ნაგებობა ორთოფოტოზეც ფიქსირდება, თუმცა საკადასტრო რუკაზე არ არის ასახული, რადგან იგი არ იყო წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით და შესაბამისად, ლიტ „ა“ აზომვით ნახაზზე დასატანია იმ ზომებში, როგორც იყო საინვენტარიზაციო გეგმაში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, განმცხადებელს მოეთხოვა ცვლილების ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიასთან ერთად და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2017 წლის 21 აგვისტოს დ.უ-ას მიერ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შიდა აზომვითი ნახაზი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება გადავადდა, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით ლიტერ „ა“ შენობა-ნაგებობა ფიქსირდებოდა ერთობლივად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თუმცა მცირდებოდა ფართი. აღნიშნულზე განმცხადებელს უნდა წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 100%-იანი კრების ოქმით განცხადებული თანხმობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დ.უ-ას სარეგისტრაციო განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი უფლებათა რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის საერთო პრინციპის დაცვით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
2018 წლის 29 იანვრის განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სისხლის სამართლის №... საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება. დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის გამოძიება შეწყდა გ.პ-ის გარდაცვალების გამო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გ.პ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამოყენებას. სარეგისტრაციო განცხადებას ასევე ერთვოდა დ.უ-ას საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის თაობაზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაცია. განცხადებით მოთხოვნილ იქნა მიწის დაზუსტებული მონაცემების თაობაზე რეგისტრაციის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული საქმის მასალებიდან გამომდინარე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებული - მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მასზე არსებული შენობა - ნაგებობის საკადასტრო მონაცემები, წინააღმდეგობაში მოდიოდა როგორც ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმასა და სააღრიცხვო საბუთებში აღრიცხულ მონაცემებთან, ასევე შეუსაბამობაში იყო თავად რეგისტრაციის მომენტში განმცხადებლის მიერ წარდგენილ ორთოფოტოსთან. ორთოფოტოზე, ისევე როგორც მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულია ლიტ „ა“ შენობა - ნაგებობა, სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე კი, აღნიშნული შენობა არ ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული საკადასტრო გეგმის კონფიგურაცია არ შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმას. კერძოდ, საკადასტრო გეგმაზე ლიტერი „ბ“ შენობა - ნაგებობის წინ არსებულ ეზოს ფართზე, შეჭრილი მონაკვეთის ნაცვლად, დატანილია მიწის ნაკვეთის სწორკუთხა მართკუთხედის ფორმით და იმეორებს აზომვითი ნახაზზე ასახულ მონაცემებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა, ხოლო ამავე მუხლის 62 პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. ამავე კანონის 26-ე მუხლით რეგლამენტირებულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, კერძოდ, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ ბათილად ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დარეგისტრირდა შეცდომით, რაც შეუსაბამობაში იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მასალასთან და ორთოფოტოზე ასახულ მონაცემებთან. ამგვარი შეუსაბამობის პირობებში დაუშვებელი იყო გ.პ-ის მიერ წარდგენილი №... განაცხადით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან, ამგვარ რეგისტრაციით საჯარო რეესტრში აისახა კანონსაწინააღმდეგო მონაცემები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილებით სწორედ აღნიშნული ფაქტი შეფასდა და მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-ისა“ და თ.მ-ის საკასაციო საჩივარზე თ.მ-ს 21.12.2022წ. საგადახდო დავალებით N... გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ.მ-ს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...-ისა“ და თ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. თ.მ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.12.2022წ. საგადახდო დავალებით N... გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე