Facebook Twitter

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე №ბს-1008(კ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ა-ი

მესამე პირი - ს. ჩ-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ა-იმა 2017 წლის 01 სექტემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №21870 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ თ. ა-იმა სანქციის გამოყენების ნაწილში საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ბათილად ცნობა, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №21870 ბრძანების, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის №... საგადასახადო სამართალდარღვევის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის №... ,,საგადასახადო მოთხოვნის“, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №21870 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9618 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ჩ-ი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, თ. ა-ის სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის (ფ/პ თ. ა-ის 11691,25 ლარით დაჯარიმების შესახებ), სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის №... საგადასახადო მოთხოვნის (ფ/პ თ. ა-ის აქციზის 11,280 ლარის, იმპორტის გადასახადის 411,25 ლარის, საურავის 4 144,55 ლარის, საერთო ჯამში 15835,80 ლარის დაკისრების შესახებ), ფ/პ თ. ა-ის (პ/ნ ...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №21870 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9618 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თ. ა-ის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს №21870 ბრძანება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმი თ. ა-ის მიმართ შეფარდებული სანქციის - 1000 ლარის დადების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 აგვისტოს №21870 ბრძანება თ. ა-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმი თ. ა-ის მიმართ შეფარდებული სანქციის - 100 ლარის დადების ნაწილში და თ. ა-ი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, რომელმაც თ. ა-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძვლები.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 04 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და შემოსავლების სამსახურსა და თ. ა-ის შორის 2023 წლის 05 ივლისს გაფორმებული №ა 315-21 საგადასახადო შეთანხმებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. შუამდგომლობას თან ერთოდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის №1218 განკარგულება და 2023 წლის 05 ივლისის №ა 315-21 შეთანხმება.

თ. ა-ის წარმომადგენელმა 2023 წლის 06 ნოემბერს საქართველოს უზენაესს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება, რომლითაც დაეთანხმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის №1218 განკარგულებასა და 2023 წლის 05 ივლისის №ა 315-21 საგადასახადო შეთანხმებაზე მითითებით აღნიშნა, რომ საგადასახადო შეთანხმება იყო სრულად აღსრულებული და არ არსებობდა საქმის წარმოების გაგრძელების საფუძვლები.

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა 2023 წლის 09 ნოემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელსაც დაურთო თ. ა-ის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი 2023 წლის 07 ნოემბრის მდგომარეობით და საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს თ. ა-ის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლების საკითხი.

2023 წლის 04 დეკემბერს კი სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის განკარგულებასა და სსიპ შემოსავლების სამსახურსა და თ. ა-ის შორის 2023 წლის 05 ივლისის გაფორმებულ №ა 315-21 საგადასახადო შეთანხმებაზე მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე - თ. ა-ი. ამასთან შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 09 ნოემბრის განცხადებაზე თანდართული შედარების აქტითა და გადახდის ქვითრით დგინდება, რომ თ. ა-ის მიერ გადახდილია საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხა.

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია: ა) მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თ. ა-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელით დასაცავი უფლება რეალიზებულია, მხარეთა შორის სამართლებრივი კონფლიქტი ამოწურულია, შესაბამისად საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს; თ. ა-ის აღარ გააჩნია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან განთავისუფლების ინტერესი, ვინაიდან მან თავისი ნებელობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის განკარგულების საფუძველზე, 2023 წლის 05 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურთან გააფორმა №ა 315-21 საგადასახადო შეთანხმება, რომელიც თ. ა-იმა შეასრულა შეთანხმებით დადგენილ ვადაში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის არარსებობის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. თ. ა-ის სარჩელზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 თებერვლისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებები;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა