Facebook Twitter

ბს-1482 (კ-22) 27 ნოემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-იმა 29.07.2019წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 17.10.2018წ. N1/5 მითითების, გ. ა-ის 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტრურული ერთეულის ხელმძღვანელის ზ. ჯ-ას 28.01.2019წ. Nბ.10.0219028001 ბრძანების და გ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 09.07.2019წ. N1907 ბრძანების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.2022წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2022წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 17.10.2018წ. N1/5 მითითება და გ. ა-ის 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტრურული ერთეულის ხელმძღვანელის ზ. ჯ-ას 28.01.2019წ. Nბ.10.0219028001 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი გ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 09.07.2019წ. N1907 ბრძანება, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ასეთის აუცილებლობისას, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. განჩინებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით სადავო იყო ქ. ქუთაისში, ...ის პირველი შესახვ. №...-ში მდებარე გ. ა-ის საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედისა და ბაქნისათვის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ა-ისა და მისი წარმომადგენლების მიერ სასამართლო სხდომებზე გადმოცემული განმარტებების თანახმად, გ. ა-იმა საცხოვრებელი სახლი შეიძინა 1972 წელს ე. ბ-ისაგან, რომელმაც 1972 წელსვე მიმართა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს გამგეს და განცხადებაში მიუთითა, რომ გ. ა-იმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე შეიძინა საცხოვრებელი ოთახი ღია აივნით, რომელიც გადაკეთებულია დამხმარე სათავსოდ სიგანეში 1 მეტრის მომატებით და მოწყობილია შესასვლელი კიბე, საცხოვრებელ სახლს არ აქვს სხვა კიბე ან მოწყობილობა, რომელიც დააკავშირებდა მეორე სართულთან. მოსარჩელის განმარტებით მას, როგორც დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე მაცხოვრებელს, გააჩნდა დამოუკიდებელი საბინაო წიგნი, სადაც მითითებულია ის აივანი, რომელიც ჩათვლილ იქნა უკანონო და უნებართვო მშენებლობად. გ. ა-ის არანაირი მშენებლობა არ უწარმოებია, აივანი, რომლის რეკონსტრუქციასაც მას ედავება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ფიქსირდება ტექნიკური აღრიცხვის მიერ გაცემულ ნახაზში. გ. ა-ის განმარტებით წლების განმავლობაში, სიძველის გამო ხის აივანი მთლიანად დაიშალა, დალპა და 1989-90-იან წლებში ჩამოიშალა, რის გამოც მითითებულ პერიოდში ის იძულებული გახდა ეზრუნა ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე, ამიტომ აღნიშნულ იავანზე დამაგრების გარეშე, უსაფრთოების მიზნით დადო თუნუქის ფურცელი ე.წ. ,,ჟეშტი“ და ფანჯრის რაფები, რაც არის მოძრავი და მას არ აქვს კონსტრუქციური დატვირთვა. მისი განმარტებით ასევე დაზიანებულია აივანზე ასასვლელი კიბეები, რომლის საფეხურები იფშვნება, ამიტომ ასასვლელში დაამაგრა ,,სეტკის“ კონსტრუქცია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული. ქ. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 28.01.2019წ. №ბ.10ბ0219028001 დადგენილებასა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 09.07.2019წ. №1907 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დამრღვევმა გ. ა-იმა ვერ წარადგინა სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა დადგენილებაში არაფერია მითითებული იმის შესახებ, თუ როდის ჩაუტარდა აივანს რეკონსტრუქცია, გაურკვეველია რა გარემოებები გამოიკვლია ზედამხედველობის სამსახურმა და რა ფაქტებს დაეყრდნო საკითხის გადაწყვეტისას. ამასთან, სადავო აქტებში არ არის მსჯელობა აივანზე განთავსებულ თუნუქის ფურცელზე, (მოსარჩელის განმარტებით ე.წ. ,,ჟეშტი“) რომელიც, როგორც მოსარჩელე განმარტავს, უსაფრთოების დაცვის მიზნით დააფინა აივანზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ. ა-ის ქალიშვილმა ი. ა-ემ 11.02.2020წ. №4375/01 განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ,,გადაუდებელი რეაგირების“ პროგრამის ფარგლებში დაზიანებული კიბის რეაბილიტაციისთვის დახმარება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნ. თ-ეის 12.03.2020წ. №01/6486 წერილით ი. ა-ეს ეცნობა, რომ მერიამ დააკმაყოფილა მისი განცხადება და გაეწია მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 53-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე განიხილეს გ. ა-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტებმა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. I შეს №...-ში მდებარე მოქალაქე გ. ა-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე აივნის რეკონსტრუქცია აღმოაჩინეს. 17.10.2018წ. გ. ა-ის მიეცა მითითება და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარმოდგენა. 08.01.2019წ. შემოწმების აქტით დადგინდა, რომ გ. ა-იმა მითითებით დადგენილ ვადაში ვერ წარადგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, არც დემონტაჟი არ განახორციელა და ამდენად, მითითება არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 28.01.2019წ. გამოიცა №ბ.10.0219028001 ბრძანება გ. ა-ის დაჯარიმების შესახებ. ბრძანების მეორე პუქტის მიხედვით დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისფულებდა დარღვევის გამოსწორებისაგან, ასევე დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება საურავის დაკისრების შესახებ. კასატორის განმარტებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ განხილულ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გ. ა-ი ითხოვდა ზემოაღნიშნული დაჯარიმების ბრძანების ბათილად ცნობას. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო ოთახში ჩატარდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, რის საფუძველზეც შედგა ოქმი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით, მასში დაფიქსირდა მხარეთა პოზიციები, სადაც მერიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დამკვეთს/მენაშენეს ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების უფლება არ ჰქონდა და იგი ჩაითვალა უნებართვო მშენებლობად. 09.07.2019წ. გამოიცა ქ. ქუთაისის მერის №1907 ბრძანება გ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიერ არ წარმოდგენილა არანაირი მტკიცებულება, რომლითაც იგი დაასაბუთებდა თავისი მოთხოვნის კანონიერებას და ამდენად არ არსებობდა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით ქ. ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურის 17.10.2018წ. N1/5 მითითების თანახმად, გ. ა-იმა ქუთაისში, ...ის პირველი შესახვევი, ...-ში აწარმოა კუთვნილ საცხოვრებელი სახლის აივნის რეკონსტრუქცია, კერძოდ არსებულ აივანს დაამატა დამატებითი კონსტრუქციები, რის შედეგადაც მოხდა აივნის გაბარიტების გაზრდა. გ. ა-ის დაევალა 10 დღის ვადაში რეკონსტრუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ან ნაწარმოები სამუშაოების დემონტაჟი. მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 28.01.2019წ. Nბ.10.0219028001 ბრძანებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ. ა-ი დაჯარიმდა 3000 ლარით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის ახსნა- განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მას არანაირი მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია არ უწარმოებია, აივანი იმავე მდგომარეობაშია როგორც 1972 წელს შეიძინა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იავანი და მასზე ასასვლელი კიბეები სიძველის გამო დაზიანებულია, მოსარჩელემ განმარტა, რომ იავანზე თუნუქის („ჟეშტის“) ფურცელი დააფინა, ხოლო კიბეები „სეტკის“ კონსტრუქციით გაამაგრა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ქ. ქუთაისში ...ის პირველი შესახ. ...-ში გ. ა-ი 1972წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ფლობს ლიტ. ა-დან სახლის 3/29 ნაწილს. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში დაცულ, ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული სახლთმფლობელობის საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებულია გ. ა-ის საკუთრებაში არსებული ფართი, მათ შორის ბაქანი და კიბის უჯრედი. ამდენად, ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე განიხილეს გ. ა-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და ისე გადაწყვიტეს მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების საკითხი, რომ არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ აივანისათვის სარეკონსტრუქციო სამუშაოების რეალურად ჩატარების ფაქტი, ასევე არ გამოკვლეულა ვის მიერ, როდის და რა მიზნით იქნა აღნიშნული სამუშაოები ნაწარმოები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო (ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 25.05.2022წ. ბრძანებით დაფუძნდა ააიპ „ქ. ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“, რომელიც ამავე ინსპექციის წესდების 2.9 მუხლის თანახმად წარმოადგენს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლეს) ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, სათანადოდ შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გარკვევას საჭიროებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის 2.1 მუხლში მითითებულ სუბიექტებს შორის მოსარჩელის მოქცევის და ამდენად დაკისრებული სანქციისაგან მისი გათავისუფლების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი