საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-27(კ-23) 30 ნოემბერი, 2023 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ.გ-მა 2021 წლის 1 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №37-01203022773 გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 თებერვლის №131 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ს დასახლება, ...ის ქუჩა №22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ წილის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გამგეობაში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიერ დადგენილი ხარვეზი არ მიიჩნია შევსებულად. მოსარჩელის მოსაზრებით, მას ეკუთვნის სადავო ფართის ½ წილი და აქედან გამომდინარე, არაა ვალდებული ადმინისტრაციული წარმოებისას წარადგინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია, ვინაიდან არის ქ. თბილისში, ...ს დასახლება, ...ის ქუჩა №22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კანონიერი მოსარგებლე და პრივატიზაციის უფლების მქონე პირი. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, კანონიერი მოსარგებლეები, მასთან ერთად იყვნენ მისი მშობლები და ძმა, რომლებიც გარდაიცვალნენ. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, ვინაიდან იგი მისი მშობლების ერთ-ერთი მემკვიდრეა, მისი მშობლების დანაშთი ქონების ½ წილი მას ეკუთვნის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით რ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №37-01203022773 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ.გ-ის 2020 წლის 7 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 თებერვლის №131 ბრძანება, რ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.გ-მა.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია, გამგეობის მიერ წილებთან დაკავშირებით დადგენილი ხარვეზი რამდენად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. კასატორის მოსაზრებით, გამგეობამ მოსარჩელესთან ერთად მცხოვრებ პირთა სასარგებლოდ გადაწყვიტა საკითხი. სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიერ გამგეობაში წარდგენილი ყველა დოკუმენტი და ისე გადაწყვიტოს დავა, ვინაიდან გამგეობა, საკითხის ხელახლა განხილვის პირობებში ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული რ.გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე რ.გ-ისათვის ქ. თბილისში, ...ს დასახლება, ...ის ქუჩა №22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ წილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ.გ-ი წარმოადგენს 2008 წლის 1 მარტს გარდაცვლილი კ.ლ-ის და 2018 წლის 29 იანვარს გარდაცვლილი დ.გ-ის შვილს. 2008 წლის პირველ მარტს გარდაცვლილი კ.ლ-ის დანაშთ ქონებაზე, 2008 წლის 25 მარტს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილი - რ.გ-ი. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ...ის ...ის სერვის ცენტრში გახსნილი ანგარიშები №... და №..., თავისი პროცენტებით და კომპენსაციით. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 3 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2018 წლის 29 იანვარს გარდაცვლილი დ.გ-ის შვილმა - რ.გ-მა სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, კანონით დადგენილ ვადაში, სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით. სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა, არის მამკვიდრებლის მთელი დანაშთი ქონება: სამკვიდრო აქტივების და სამკვიდრო პასივების ½ ნაწილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ.გ-ი, კ.ლ-ე და რ.გ-ი წარმოადგენენ ქ. თბილისში, ...ს დასახლება, ...ის ქუჩა №22-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ჩაწერილ პირებს; საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ...ის სერვის-ცენტრ „...ს“ დოკუმენტებში დაცული საბინაო ბარათი (ფორმა №17) რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში არსებულ ბინაში ირიცხებიან: დ.დ-ი, მ.ლ-ე (მეუღლე), რ.გ-ი (შვილი), ა.გ-ი (შვილი), დ.გ-ი (შვილიშვილი), ნ.გ-ი (შვილიშვილი) და ლ.გ-ი (რძალი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ივლისს რ.გ-მა №19/0118198640-37 განცხადებით მიმართა ...ის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს დასახლება, ...ის ქ. №22-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ადმინისტრაციული წარმოებისას, ...ის რაიონის გამგეობის მიერ რ.გ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. ასევე დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების მიზნით რ.გ-მა რამდენჯერმე მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №37-01203022773 გადაწყვეტილებით განუხილველი დარჩა რ.გ-ის 2020 წლის 7 სექტემბრის №19/01202511837-37 განცხადება იმ საფუძვლით, რომ გამგეობის 2020 წლის 15 სექტემბრის №37-01202592488 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (აქტის მე-4 პუნქტით განმცხადებელს დაევალა ა.გ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლის წარდგენა, ხოლო მე-5 პუნქტით - მოთხოვნის დაზუსტება წილების ნაწილში).
2022 წლის 14 ივლისს რ.გ-მა კვლავ მიმართა ...ის რაიონის გამგეობას საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და წარუდგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი (გარდაცვალების მოწმობა). ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 22 ივლისის №37-01222031033 აქტით რ.გ-ის 2022 წლის 14 ივლისის განცხადება დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ განცხადება მიჩნეულ იქნა ერთი და იმავე საკითხის თაობაზე განმეორებით მიმართვად. ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 22 ივლისის №37-01222031033 აქტით განმცხადებელს განემარტა, რომ 2020 წლის 15 სექტემბრის №37-01202592488 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კერძოდ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით მას დავალებული ჰქონდა სამი სხვადასხვა დოკუმენტის წარდგენა. 2022 წლის 14 ივლისს წარდგენილი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტით - ა.გ-ის გარდაცვალების მოწმობის წარდგენით - მის მიერ ზემოხსენებული ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა ნაწილობრივ, თუმცა, განმცხადებლის მიერ შესასრულებელი რჩებოდა ზემოხსენებული აქტის მე-2 და მე-5 პუნქტები, კერძოდ, წარსადგენი იყო 2007 წლის 1 მარტს გარდაცვლილი კ.ლ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა და წილების ნაწილში დასაზუსტებელი იყო განმცხადებლის მოთხოვნა. ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 22 ივლისის №37-01222031033 აქტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრა რ.გ-მა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 12 სექტემბრის №821 ბრძანების თანახმად, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორის 2020 წლის 7 სექტემბრის №19/01202511837-37 განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ იქნა წარდგენილი გამგეობის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ხოლო 2022 წლის 14 ივლისის №19/01221952652-37 განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ისევ არ არის საქმეში სრულად წარმოდგენილი, საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განმცხადებელს განემარტა, რომ არ დასტურდება იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო გამგეობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №37-01203022773 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის პრივატიზაციის განხორციელების შესაძლებლობას აწესრიგებს საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი.“
აღნიშნული წესი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს აღჭურავს სათანადო უფლებამოსილებით, რათა განიხილონ და გადაწყვიტონ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადებები. დასახელებული „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ხოლო მე-10 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა ინფორმაცია, კერძოდ, საბინაო წიგნში მითითებული კანონიერი მოსარგებლის - 2007 წლის 1 მარტს გარდაცვლილი კ.ლ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენის დავალებასთან მიმართებით, დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით, რ.გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - კ.ლ-ისადმი (გარდაცვალების თარიღი - 01.03.2007 წელი, გარდაცვალების ადგილი - საქართველო, თბილისი; პირადი №..., გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №..., გარდაცვალების მოწმობა -...) უფლების დამდგენი საბუთის - საბინაო ბარათის (ფორმა №17, მისამართი: თბილისი, ...ის ქ. №22) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი „მ.“ და გვარი „ლ-ე“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში - ... მითითებულ სახელს „ კ.“ და გვარს „ლ-ე“. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ განმცხადებელმა რ.გ-მა მოიპოვა და ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის №16/16308 წერილი, რომლის თანახმად, რ.გ-ს ეცნობა, რომ ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციას სცილდებოდა სამართლის ნორმის განმარტება. ამასთან, სანოტარო მოქმედება სრულდება ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. შესაბამისად, ნოტარიუსი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მითითებული აქტებით და იგი ვალდებულია, სანოტარო მოქმედება შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში. განცხადებაში მითითებულ სამკვიდრო საქმესთან დაკავშირებით ნოტარიუსთა პალატაში წარმოდგენილ იქნა ნოტარიუს ნ.ბ-ის განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ რ.გ-მა განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ.ბ-ეს და მოითხოვა მისი გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონებიდან ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის მიღება. სამკვიდრო ქონებიდან ½ ნაწილი მისივე განცხადების საფუძველზე დარჩა ღიად მისი ძმის სასარგებლოდ. ამავე განმარტების თანახმად, გარკვეული ხნის შემდეგ რ.გ-მა კვლავ მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით. ერთიან სამემკვიდრეო რეესტრში ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ დედის მთელ სამკვიდრო ქონებაზე რ.გ-ის სასარგებლოდ ნოტარიუს გ.გ-ის მიერ უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა. ნოტარიუსმა ნ.ბ-ემ რ.გ-ს განუმარტა, რომ კანონმდებლობით მას არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა ან ცვლილება შეეტანა ნოტარიუს გ.გ-ის მიერ დამოწმებულ სამკვიდრო მოწმობაში და თავიდან გადაენაწილებინა წილები. ამასთან, განემარტა, რომ ნოტარიუსი მზადყოფნას გამოთქვამდა წერილობით გამოეცა აღნიშნულის თაობაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება, რაზედაც რ.გ-მა თავი შეიკავა. გარკვეული პერიოდის შემდეგ რ.გ-მა კვლავ მიმართა ნოტარიუსს, რომლის მიერაც 2018 წლის 8 ნოემბერს გაცემულ იქნა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება. ამასთან, ეცნობა, რომ ნოტარიუსი გ.გ-ი აღარ ირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და არ წარმოადგენდა მოქმედ ნოტარიუსს. მოქმედი კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებდა თანამდებობიდან გათავისუფლებული ნოტარიუსის ნაცვლად მისი შემცვლელი პირის დანიშვნას; გ.გ-ის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტები ინახებოდა ნოტარიუსთა პალატის არქივში. მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის №165/ს ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ“ სამსახურებრივი ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო აქტები გაიცემა იმ სახით, როგორც ის ინახება სანოტარო არქივში. შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გაიცემა დამოწმების ფურცელი, რითაც დასტურდება პალატის არქივში არსებული დოკუმენტის ფოტოასლის იდენტურობა დედანთან. შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატა არ არის უფლებამოსილი, არქივში დაცულ დოკუმენტებში განახორციელოს რაიმე სახის შესწორება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა დაერთოს აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, იმთავითვე მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - შეაფასოს მხარის მიერ წარდგენილი ყველა სახის ინფორმაცია, ცნობა, დოკუმენტი, რაც ხსენებული მოთხოვნის შესრულების მიზნით იქნება წარდგენილი. ამდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი კანონით გათვალისწინებულ სახესა და ფორმას ზედმიწევნით არ შეესაბამება, ხოლო პირი, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენების მიუხედავად, ვერ ახერხებს დაძლიოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ნაკლოვანება (რაც მისი ბრალით არ არის გამოწვეული) და ამასთან, მხარე წარადგენს სათანადო ორგანოს მიერ გაცემულ ინფორმაციას, რომ დოკუმენტის შეუსაბამობის აღმოფხვრა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდანაც შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ზემოხსენებული უფლებამოსილების შეფასებისა და მსჯელობის ვალდებულება გულისხმობს მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევა განიმარტოს და გადაწყდეს სწორედ იმგვარად, რომ მხარის იურიდიული ინტერესის რეალიზაცია შეუძლებელი არ გახდეს, რაც შედეგობრივად, საკუთრების უფლებაზე უარის თქმის ტოლფასი აღმოჩნდება. ამრიგად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქ. თბილისის ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №37-01203022773 გადაწყვეტილება, რომლითაც რ.გ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოცემულია საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ.გ-ის 2020 წლის 7 სექტემბრის განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განეხილა არსებითად და გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციის თვალსაზრისით, არსებითად სხვადასხვაგვარი შესაძლებლობის მატარებელია, ერთი მხრივ, განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმა და, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხზე არსებითი მსჯელობის გამართვა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას წილების ნაწილში მოთხოვნის დაზუსტებასა და სხვა კანონიერი მოსარგებლეების - ა.გ-ის, დ.გ-ის, ნ.გ-ის და ლ.გ-ის (ა.გ-ის მეუღლე) წილის დათმობის თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების წარდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №1566 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ.გ-ის 2018 წლის 13 აგვისტოს №19/01182252831-01 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 9 აგვისტოს №37-0118221225 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მე-3 პუნქტი, ე.ი. სხვა კანონიერი მოსარგებლეების - ა.გ-ის, დ.გ-ის, ნ.გ-ის და ლ.გ-ის (ა.გ-ის მეუღლე) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების წარდგენა წილის დათმობის თაობაზე. ამდენად, მხარის იურიდიული ინტერესის რეალიზაციის მიზნებისათვის, არსებული მდგომარეობით, მხარის მიერ შეუსრულებელი რჩება ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რაც მიემართება მის მიერ საპრივატიზაციო ქონების წილის დაზუსტებასა და სხვა კანონიერი მოსარგებლეების ნების დაზუსტებაზე საპრივატიზაციო ქონებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მოიხმობს მითითებული „წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ რეგულაციას და განმარტავს, რომ საპრივატიზაციო მიზნით წარდგენილ განცხადებას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ. აღნიშნული ემსახურება მიზანს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით არ შეილახოს საპრივატიზაციო ობიექტზე უფლების მქონე პოტენციურად დაინტერესებული პირის ინტერესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, ასევე, კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები და მოპასუხე ...ის რაიონის გამგეობას მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ.გ-ის 2020 წლის 7 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმეში მესამე პირებად ლ., ნ. და დ. გ-ების ჩართვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე–16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ლ.გ-ის, დ.გ-ის და ნ.გ-ის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება მხარეთა მიერ კერძო საჩივრით არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ამავე განჩინებით ირკვევა, რომ რ.გ-ი არ დაეთანხმა შუამდგომლობას საქმეში მესამე პირად ლ.გ-ის, დ.გ-ის და ნ.გ-ის ჩაბმის შესახებ. რ.გ-ს არც სააპელაციო საჩივრით გაუხდია სადავოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება, რამეთუ აპელანტი ითხოვდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას. რ.გ-ის შუამდგომლობა მესამე პირად ლ.გ-ის, დ.გ-ის და ნ.გ-ის ჩაბმის თაობაზე ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ თუ აღნიშნულ პირთა ინტერესს შეეხება განსახილველი საკითხი, თავად საკასაციო სასამართლომ ჩააბას ისინი მესამე პირებად საქმეში, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციაში აპელანტის მიერ წარდგენილი იქნა მისი ძმის - ა.გ-ის გარდაცვალების მოწმობა. საქმეზე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №1566 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ.გ-ის 2018 წლის 13 აგვისტოს №19/01182252831-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 9 აგვისტოს №37-0118221225 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მე-3 პუნქტი (ე.ი. სხვა კანონიერი მოსარგებლეების: ა.გ-ის, დ.გ-ის, ნ.გ-ის და ლ.გ-ის (ა.გ-ის მეუღლე) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების წარდგენა წილის დათმობის თაობაზე). მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მხარის იურიდიული ინტერესის რეალიზაციის მიზნებისათვის, შეუსრულებელი რჩებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, საპრივატიზაციო ქონების წილის და სხვა კანონიერი მოსარგებლეების ნების დაზუსტებაზე საპრივატიზაციო ქონებასთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებული პირების მოწვევისა და მათი მოსაზრებების მოსმენის მეშვეობით უნდა გამოიკვეთოს საპრივატიზაციო ქონების რა ნაწილთან მიმართებით ადასტურებს განმცხადებელი მის კანონიერ უფლებას; ხოლო, იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც განმცხადებლის ძმის - ა.გ-ის შვილები შესაძლოა წარმოადგენდნენ კანონიერ მოსარგებლეებს, დაზუსტდეს მათი მოთხოვნის უფლების არსებობა და ფარგლები.
საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ამავე კანონის 7.2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების დაცვა. სასამართლო ვერ შეითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №ბს-1285-1229(2კ-09), 20.04.2010წ.; №ბს-210-209(კ-16), 18.12.2017წ.). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასეთ მითითებას შეიცავს. სასამართლო, დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა-შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას (სუსგ 20.10.21წ № ბს-1000(კ-19).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დასადგენია საპრივატიზაციო ქონების რა ნაწილთან მიმართებით ადასტურებს განმცხადებელი მის კანონიერ უფლებას, ხოლო, იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც განმცხადებლის ძმის - ა.გ-ის შვილები შესაძლოა წარმოადგენდნენ კანონიერ მოსარგებლეებს, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაზუსტდეს მათი მოთხოვნის უფლების არსებობა და ფარგლები რაც საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე შეუძლებელია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა ვლინდება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო სააპელაციო სასამართლოა. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ - ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდგომ იქნება შესაძლებელი გაირკვეს შუამდგომლობაში მითითებულ პირთა კანონით დაცულ ინტერესზე ახდენს თუ არა გავლენას რ.გ-ის მოთხოვნა, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, რამეთუ მოცემულ ეტაპზე არ არის დადგენილი შუამდგომლობაში მითითებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესის ხელყოფის (ასკ-ის 16.1) ან სამართალურთიერთობის მონაწილეობის ფაქტი, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი (ასკ-ის 16.2).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე რ.გ-ს 21.12.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რ.გ-ს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. რ.გ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირთა ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. რ.გ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.12.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე