Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-86(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს ,,ვ...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 02 დეკემბერს სს „ვ...ს“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 22 სექტემბრის დადგენილებები დაჯარიმების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ42.42213162 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №06-422135647 და №06-422135651 დადგენილებები საურავის დარიცხვის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 17 იანვრის №დ-06.4222172 და №დ-06.42220171 დადგენილებები, ამავე სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №06-422135647 და №06-422135651 დადგენილებების შეჩერების შესახებ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა 22.09.2021 წელს გამოიტანა ორი დადგენილება სს ,,ვ...ს“ 1000-1000 ლარით დაჯარიმების შესახებ, კომპანიის კუთვნილი ორი შენობა-ნაგებობით ქ. ფოთში, ...ს 3, ქ. №9-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) და ქ. ფოთში, ...ს ქ. №22-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების ფაქტზე.

მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ჯამური ფართი შეადგენს 5000 კვ.მ-ს. ამ მოცულობის ფართზე სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება დაკავშირებულია საკმაოდ დიდ თანხებთან, საუბარია ათი ათასობით ლარზე. გარდა ამისა, ხსენებულ შენობა-ნაგებობებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება იქნებოდა ფუჭი, ვინაიდან ამორტიზებულია და საჭიროებს დემონტაჟს. კომპანია იმყოფება საჭირო ფინანსური სახსრების მოძიების პროცესში, რათა განახორციელოს ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და მათ ნაცვლად აღმართოს თანამედროვე ტიპის, მულტიფუნქციური დანიშნულების ობიექტი. ქალაქ ფოთში არაერთი შენობა-ნაგებობაა იმავე მდგომარეობაში და ქალაქის იერსახე ვერ გამოკეთდება მხოლოდ ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობების მოპირკეთებით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სს ,,ვ...ს“ მიერ გასაჩივრდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ 22.09.2021 წელს გამოცემული დაჯარიმების ორივე დადგენილება, აღნიშნულმა სამსახურმა 22.12.2021 წელს გამოიტანა ორი ახალი დადგენილება (№06-422135647 და №06-422135651), სს ,,ვ...სათვის“ საურავის სახით 1000-1000 ლარის დარიცხვის შესახებ, დაკისრებული ჯარიმების კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის საფუძვლით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ვ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ვ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ვ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,ვ...ს“ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც ეხება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 17 იანვრის №დ-06.4222172 და 2022 წლის 17 იანვრის №დ-06.42220171 დადგენილებების ბათილობას, დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება; სს ,,ვ...ს“ სასარჩელო მოთხოვნა - ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 22 სექტემბრის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (რომელიც ეხება ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავ ქონებას) და 2021 წლის 22 სექტემბრის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (რომელიც ეხება ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავ ქონებას), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ42.42213162 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სს ,,ვ...ს“ 2022 წლის 12 იანვრის №01/10 საჩივრის საფუძველზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმის წარმოების ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ვ...ს“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, მიუხედავად იმ გარემოების არსებობისა, რომ მოსარჩელის მიერ ნაწილობრივ შესრულებულ იქნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მითითება და განხორციელდა ქ. ფოთში, ...ს ქ. N 9-ში მდებარე შენობა- ნაგებობის დემონტაჟი, სასამართლომ არ გააუქმა და ძალაში დატოვა აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებული ჯარიმა, რაც შეეხება ქ. ფოთში, ...ს ქ. N 22-ში მდებარე უძრავ ქონებას, კასატორის მითითებით მისი ფართი შეადგენს 3600 კვ.მ-ს, ხოლო აღნიშნულ ნაგებობაზე ჩასატარებელი კაპიტალური რემონტის ღირებულება კომპანიის დაანგარიშებით 300 000 ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის მოთხოვნა კერძო კომპანიის მიმართ ამ ოდენობით ხარჯის გაწევის შესახებ არის უკანონო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,ვ...ს“ საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სს ,,ვ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სს ,,ვ...სათვის“ სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძველზე ჯარიმისა და საურავის დარიცხვის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის XV თავი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის სახეებს. დასახელებული კოდექსის 1371-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმ შენობა- ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში: თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა)მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.

ამავე კოდექსის 1371-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა სამართალდარღვევის გამოსწორებად არ ჩაითვლება). ამ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ სამართალდარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანომ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 26 აპრილის №42-422111693 წერილით მიმართა სს ,,ვ...ს“ და აცნობა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების შესახებ. ამავე წერილით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ სს ,,ვ...ს“ განუსაზღვრა ერთთვიანი ვადა აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო შენობა-ნაგებობათა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში გააფრთხილა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 14 სექტემბრის შემოწმების აქტით დასტურდება, რომ სს „ვ...ს“ მითითებით მოთხოვნილი შენობა-ნაგებობის იერსახის მოწესრიგების მიზნით რაიმე სახის სარემონტო სამუშაოები არ განუხორციელებია, რის გამოც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 22.09.2021 წლის ორი დადგენილებით სს ,,ვ...“ დაჯარიმდა 1000-1000 ლარით, მის საკუთრებაში არსებული სადავო ქონებების მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების ფაქტზე. აღნიშნული დადგენილებები სს ,,ვ...ს“ მიერ გასაჩივრდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2021 წლის 12 ნოემბერს მიღებულ იქნა ბრძანება №ბ42.42213162 სს ,,ვ...ს“ მიერ 2021 წლის 30 სექტემბერს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის №09/625 დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2021 წლის 22 სექტემბრის დადგენილებაში მითითებული დარღვევები სადავო არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს. იგი როგორც ადმინისტრაციულ საჩივრებში, ასევე სასამართლოში საქმეთა განხილვის დროსაც უთითებდა, რომ სადავო შენობა-ნაგებობები ამორტიზებული იყო და საჭიროებდა დემონტაჟს, რის გამოც სარემონტო სამუშაოების ჩატარება საფუძველმოკლებული იყო. ამასთან, 2022 წლის 07 ივლისის განცხადებითა და ფოტოსურათებით მან სასამართლოს დაუდასტურა, რომ განახორციელა ქალაქ ფოთში, ...ს ქ.№9-ში მდებარე ქონების დემონტაჟი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად დადასტურებულია, რომ 2021 წლის 22 სექტემბრის დადგენილებაში მითითებული დარღვევები სადავო არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს. იგი როგორც ადმინისტრაციულ საჩივრებში, ასევე სასამართლოში საქმეთა განხილვის დროსაც მიუთითებდა, რომ სადავო შენობა-ნაგებობები ამორტიზებული იყო და საჭიროებდა დემონტაჟს, რის გამოც სარემონტო სამუშაოების ჩატარება საფუძველმოკლებული იყო. ამასთან, 2022 წლის 07 ივლისის განცხადებითა და ფოტოსურათებით მან სასამართლოს დაუდასტურა, რომ განახორციელა ქალაქ ფოთში, ...ს ქ.№9-ში მდებარე ქონების დემონტაჟი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 22 სექტემბრის დადგენილებები დაჯარიმების შესახებ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ42.42213162 ბრძანება - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

რაც შეეხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 17 იანვრის №დ-06.4222172 და №დ-06.42220171 დადგენილებებს, ამავე სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №06-422135647 და №06-422135651 დადგენილებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 17 იანვრის №დ-06.4222172 და 2022 წლის 17 იანვრის №დ-06.42220171 დადგენილებებთან დაკავშირებით დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება და განემარტა მხარეს აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრების თაობაზე, თუმცა აღნიშნული საპროცესო უფლებით მხარეს არ უსარგებლია, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებული დადგენილებების კანონიერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სს ,,ვ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

3. სს ,,ვ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.12.2022წ. №1670572510 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე