Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-317(2კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ვ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. დ-იმა 2021 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 დეკემბრის №1/2-355 ბრძანების (ბრძანების პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 601 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა–ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში) და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის N1-1/241 ბრძანების ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია და ვ. მ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით კ. დ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 დეკემბრის N... გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი გადაწყვეტილების მიღება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N1/2-355 ბრძანების პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 601 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, ახალი გადაწყვეტილების მიღება; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 10 ივნისის N1-1/241 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორი - სსიპ ქონების სახელმწიფო ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების 3.1. პუნქტის თანახმად, კ. დ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთი იმავდროულად აღირიცხა სხვა პირის საკუთრებაში, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორმა მიუთითა, რომ სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოსარჩელეს არ გააჩნდა რაიმე რეგისტრირებული უფლება საჯარო რეესტრში. შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება. ამდენად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და კ. დ-იის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა მიწის ნაკვეთებია და უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, სახელმწიფო საკუთრებაში ნაკვეთის რეგისტრირებამდე სათანადო მოკვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით. კასატორი დასახელებულ გარემოებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები უკვე დადგენილია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებით.

კასატორი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას სადავო მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდებოდა კერძო პირთა საკუთრების უფლება, არ არსებობდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.

ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სადავო განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება კ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისთვის მნიშვნელობის მქონეა შეფასდეს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ნაკვეთთან ზედდების საფუძვლით, განხორციელებაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის საკასაციო საჩივრის წარუდგენლობის პირობებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელებს მხოლოდ მოპასუხეთა (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში.

საქმის მასალების თანახმად, ნ. მ-ის, 1997 წლის 15 მარტს, გადაეცა ადიგენის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (1300 კვ.მ), პირობითი დასახელებით "გზასთან". აღნიშნულ ნაკვეთზე საკუთრების უფლება შემდგომში გადაეცა ნ. მ-ის შვილს-ვ. მ-ის. 2018 წლის 7 ივნისს ვ. მ-ისა და კ. დ-ის შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სოფელ ...ში მდებარე, უძრავი ქონება ფართით-1300 კვ.მ.

12.06.2018 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ვ. მ-ითან დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა კ. დ-ის სახელზე. თავდაპირველი რეგისტრაციის შემდეგ, უძრავი ქონების მონაცემებში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე დადგენილია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას. 2019 წლის 19 ნოემბერს კ. დ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის 25.11.2019 წლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან დადგინდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ N.... ს/კ-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ამავე წარმოების ფარგლებში, სარეგისტრაციო სამსახურმა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ 20.01.2020 წლის წერილით დაადასტურა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო სამსახურმა, საზღვრების კორექტირების საკითხის გადასაწყვეტად განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. 03.02.2020 წლის N7/7031 მიმართვის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა საზღვრების კორექტირებაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.03.2020 წლის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება და კ. დ-ის უარი ეთქვა ცვლილების განხორციელებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ზედდება, მოსარჩელის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების მიზნით წარდგენილ ნახაზსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებებს შორის, გამოწვეული იყო უძრავ ნივთზე ქრონოლოგიურად მოგვიანებით, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვის შემდგომ განხორციელებული რეგისტრაციებით. კერძოდ, კ. დ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა N... ს/კ-ის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდება, რომელზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 დეკემბერს მიღებული N1/2-355 ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. აღნიშნული ბრძანება კ. დ-იმა გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოში, თუმცა 2021 წლის 10 ივნისის ბრძანებით კ. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს. მესაკუთრედ რეგისტრირებულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს იმის ნდობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მისი უფლებების ხელყოფას სხვა პირთა სასარგებლოდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-367-363(კ-12) საქმეზე გაკეთებული განმარტების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციების განხორციელების დროისათვის, მიწის ნაკვეთზე კ. დ-ის საკუთრების უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდა, თუმცა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მონაცემები საჭიროებდა კორექტირებას.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს კ. დ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის 25.11.2019 წლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან, დადგინდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ N.... ს/კ-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ამავე წარმოების ფარგლებში, სარეგისტრაციო სამსახურმა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ 20.01.2020 წლის წერილით დაადასტურა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელდა გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე და აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს, სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებამდე, არ გაუთვალისწინებია განხორციელებულ რეგისტრაციათა ქრონოლოგია და საფუძვლები, ასევე, არ შეუფასებია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის მიერ წარდგენილი მონაცემები. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია კ. დ-ის საკუთრების უფლების ობიექტზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება კი, გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. არსებული ზედდება საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოების ჯერ შეჩერებას, შემდგომში კი, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციების განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის თუ მისი ნაწილის სხვის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არსებულ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, გამოეკვლია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებად კონკრეტული ქონების დარეგისტრირების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, სახელმწიფოს საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას გაატაროს რეგისტრაციაში სახელმწიფოს სახელზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ყოველი შემდეგი რეგისტრაცია ისე უნდა განეხორციელებინა, რომ გამოერიცხა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო სხვა პირის საკუთრებაში, არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

დავის საგნის გათვალისწინებით მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესს, რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად, წარმოადგენს იმ საფუძვლის გაუქმება, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ პირობას. კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 დეკემბერს მიღებული N1/2-355 ბრძანების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციაა კანონით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვა საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ პირი ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შემოიფარგლა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წერილის გაგზავნით, რაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რეალურად არ ემსახურებოდა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზანს, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის წერილში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლეოდა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე დამატებითი ღონისძიებები სადავო ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესასწავლად ჩატარებული არ ყოფილა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რაც იძლეოდა უძრავი ქონების იდენტიფიცირების მეტ შესაძლებლობას და ამავდროულად პირდაპირ მიუთითებდა ნაკვეთით სარგებლობის ფაქტზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 დეკემბრის N... გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N1/2-355 ბრძანების პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 601 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 10 ივნისის №1-1/241 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა, შესაბამისად, გასაჩივრებული - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 10 ივნისის №1-1/241 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე