Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-434(კ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 25 მარტს ლ. კ-იმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის №04/1528 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, ლ. კ-ის სასარგებლოდ მიუღებელი დახმარების სახით 2018 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდისათვის, 2580 ლარის ოდენობით საარსებო შემწეობის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ ოჯახის დეკლარაციის არასწორად შევსების გამო შეუწყდა საარსებო შემწეობა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ხელახლა შემოწმდა ოჯახი და მოსარჩელეს აღუდგა საარსებო შემწეობა, ხოლო განაცდურ პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებით ლ. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის №04/1528 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაეკისრა საარსებო შემწეობის ანაზღაურება ლ. კ-ის სასარგებლოდ 2018 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით, მიუღებელი დახმარების სახით 2580 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭირო შემდეგი პირობების ერთობლიობა: 1. რეალურად არსებული ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ზიანი; 3. ზიანის მიყენებაში ზიანის მიმყენებლის ბრალი; 4. პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ზიანი გამოწვეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით, საკითხის არასრულად გამოკვლევით, რომელიც ზიანის მიყენების საფუძველი გახდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტი გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ასევე სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, ლ. კ-ის მოთხოვნა განაცდური პერიოდის მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.

კასატორის განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, ლ. კ-ის ოჯახი პროგრამაში რეგისტრირებულია 2011 წლის მაისიდან. ამ პერიოდიდან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა შვიდჯერ. განსაზღვრული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, ოჯახი 2011 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით სარგებლობდა ფულადი სოციალური დახმარებით (საარსებო შემწეობით), ასევე 2022 წლის თებერვლიდან, მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან (1000 ქულა) გამომდინარე, ლ. კ-ის საარსებო შემწეობა განესაზღვრა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, სასამართლოს წინაშე არ ყოფილა დაყენებული მოთხოვნა 2018 წლის ივლისიდან მიუღებელი თანხის (ზიანის) ანაზღაურების თაობაზე და არც სასამართლოს უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ასევე, მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის უფლება-თავისუფლების დაცვა, საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ნორმალური, სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. კანონის პირველი მუხლი ამ კანონის მიზნად ასახელებს დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფას.

მითითებული კანონი სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს საარსებო შემწეობას (კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), რომლის დეფინიციასაც ახდენს ამავე კანონის მე-7 მუხლი, კერძოდ, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესზე“, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. ხსენებული „წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახისა და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, განახლებისა და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. „წესის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სასამართლოს მოიხმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესს“, რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია: თუ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, ლ. კ-ის ოჯახი პროგრამაში რეგისტრირებულია 2011 წლის მაისის თვიდან (მისამართი - ქ. თელავი, ...ს №22, საიდენტიფიკაციო კოდი - ...). აღნიშნული პერიოდიდან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შვიდჯერ გადამოწმდა და მიენიჭა სარეიტინგო ქულები (შემოწმების თარიღი - 12.05.2011 წელი, სარეიტინგო ქულა - 55360; შემოწმების თარიღი - 13.07.2013 წელი, სარეიტინგო ქულა - 12730; შემოწმების თარიღი - 21.07.2015 წელი, სარეიტინგო ქულა - 1000; შემოწმების თარიღი - 15.07.2018 წელი, სარეიტინგო ქულა - 85370; შემოწმების თარიღი - 14.12.2018 წელი, სარეიტინგო ქულა - 81980; შემოწმების თარიღი - 17.03.2020 წელი, სარეიტინგო ქულა - 68850; შემოწმების თარიღი - 09.11.2021 წელი, სარეიტინგო ქულა - 1000). სარეიტინგო ქულებიდან გამომდინარე, ოჯახი 2011 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით სარგებლობდა ფულადი სოციალური დახმარებით (საარსებო შემწეობა). ასევე, 2022 წლის თებერვლიდან, მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე (1000 ერთეული) ოჯახს საარსებო შემწეობა განესაზღვრა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 მაისის №04-10/2990 გადაწყვეტილებით, ლ. კ-ის 2019 წლის 17 აპრილის №55161 განცხადება, რომლითაც იგი 2018 წლის 14 დეკემბრის შემოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის (81980 ქულა) გაუქმებას და განმეორებით გადამოწმებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა.

ასევე, დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/64-19), ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხრეო ცენტრის 2019 წლის 23 მაისის №04-10/2990 გადაწყვეტილება. ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია (რომლის საფუძველზე ლ. კ-ის მიენიჭა სარეიტინგო ქულა 81980 ერთეული) და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ოჯახის დეკლარაციის გამოცემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა ახალი სარეიტინგო ქულა. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3/64-19) აღსრულების მიზნით, 2021 წლის 9 ნოემბერს გადამოწმდა ლ. კ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2021 წლის 9 დეკემბერს განისაზღვრა 1000 ერთეულით და 2022 წლის თებერვლიდან ოჯახი სოციალური დახმარების მიმღები (ერთ წევრზე 60 ლარის ოდენობით) გახდა.

2021 წლის 21 დეკემბერს, ლ. კ-იმა №3876 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და 2018 წლის ივლისიდან 2022 წლის თებერვლამდე ოჯახისათვის განაცდური (სოციალური დახმარება) თანხების ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის №04/1528 გადაწყვეტილებით, ლ. კ-ის მოთხოვნა 2018 წლის ივლისიდან 2022 წლის თებერვლამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“ განსაზღვრავს სოციალური დახმარების დეფინიციას, რომლის თანახმად, სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში - საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. ზემოხსენებული „წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად - ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. „წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. თუ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანს შორის, იგი უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფოს მიერ, მისივე ხარჯებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სარეიტინგო ქულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე 2011 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით უწყვეტად სარგებლობდა ფულადი სოციალური დახმარებით (საარსებო შემწეობა). ასევე აღსანიშნავია, რომ ლ. კ-ისათვის 2018 წლის 14 დეკემბრის შემოწმების შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილადაა ცნობილი. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის 9 ნოემბერს განხორციელდა ლ. კ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. შედეგად, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2021 წლის 9 დეკემბერს განისაზღვრა 1000 ერთეულით და 2022 წლის თებერვლიდან ოჯახი კვლავ სოციალური დახმარების მიმღები (ერთ წევრზე 60 ლარის ოდენობით) გახდა.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, მიუღებელი სოციალური დახმარების სახით, ლ. კ-ისათვის ზიანის უკანონოდ მიყენების თაობაზე, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოშობს. შესაბამისად, მართებულია სასამართლოების პოზიცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის №04/1528 სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელე ლ. კ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის საარსებო შემწეობის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე