Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-645(კ-23) 3 ნოემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ჯ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი (სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. გ-იმა 2022 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: „ჯ. გ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.382211913 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის კომისიისათვის, ქალაქ რუსთავში, ... ქუჩა N58-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (12 350 კვ.მ) ჯ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით ჯ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის წარმომადგენელმა ყურადღებას გაამახვილა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა სადავო საკითხზე და 2021 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. კასატორი მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა სათანადო გარემოებების გამოუკვლევლად, რამაც განაპირობა სადავო უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის Nგ-39 382211913 განკარგულების მიღება.

კასატორის მოსაზრებით, როგორც სასამართლოებმა, ასევე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ შემოღობილია მყარი ბეტონის ღობით, ცალ მხარეს აქვს გეოგრაფიული საზღვარი - გზა, ნაკვეთზე განთავსებულია ამორტიზებული შენობა-ნაგებობა. ასევე, ფლობა - სარგებლობის ფაქტს ადასტურებენ მოწმეები, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ საკადასტრო ნახაზზე წარმოდგენილ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ახორციელებდა მეტალის ნაკეთობის (ლითონის ბადე და სხვა) და სამშენებლო მასალების ე.წ. „სტალიარის“ წარმოებას, რაც სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ერთობლიობაში ქმნიდა მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯ. გ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ხსენებული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. რუსთავში, ... ქუჩა №58-ში მდებარე უძრავი ქონება დაზუსტებული ფართით - 162 კვ.მ (შენობა-ნაგებობის საერთო ფართით - 134,19 კვ.მ.), 2006 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხულია ჯ. გ-ის სახელზე და წარმოადგენს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.

2020 წლის 27 იანვარს ჯ. გ-იმა №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ რუსთავში, ... ქუჩა №58-ის მიმდებარედ არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 06 მარტის №... მიმართვით, სარეგისტრაციო განაცხადი საკითხის შესასწავლად გადაგზავნილ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 7 ივლისის №46 განკარგულებით ჯ. გ-ის უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ... ქუჩა N58-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე (1235 კვ.მ) იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობა-სარგებლობა. აღნიშნული განკარგულება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 07 ივლისის №46 განკარგულება და მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მოცემული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, დგას ამორტიზებული შენობა - ნაგებობა და ნაკვეთზე განთავსებულია სამშენებლო ნარჩენები, თუმცა საქმეში წარდგენილი ფოტომასალით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დანგრეული შენობა- ნაგებობის ნარჩენები (კედლის ნაწილები) და ამასთანავე, ნაკვეთი შემოღობილია ნაწილობრივ. სასამართლოს მითითებით, სწორედ ეს საკითხი უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასების საგანი სადავო საკითხზე ხელახალი მსჯელობისას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა სადავო - საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.382211913 განკარგულება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ნაკვეთი აღმოჩნდა სრულიად მოუვლელი და მასზე არ ფიქსირდებოდა სარგებლობის კვალი, ასევე, ნაკვეთი არ იყო შემოღობილი და არ ჰქონდა ფიქსირებული საზღვრები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამდენად, მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), რაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მოიაზრებს მხოლოდ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ეს შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), კანონის ამოქმედების პერიოდამდე აგებული უნდა იყოს უშუალოდ განმცხადებლის (მოთხოვნის მქონე პირი) ან მისი მამკვიდრებლის (უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო უფლებაში შემავალ აქტივს) მიერ, ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.

ამასთან, ზემოხსენებული კანონის 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით.

განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო მიწის ნაკვეთზე არ დადასტურდა ჯ. გ-ის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქმეში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმითა და 2000, 2006 და 2017 წლის ორთოფოტოებით არ იკვეთება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის ფლობის რაიმე ნიშანი. საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას მოწვეული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, რომლის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სააგენტოში დაცული 2000-2017 წლების ორთოფოტოების შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე სიტუაცია შეუცვლელია. სპეციალისტმა ასევე მიუთითა, რომ მხარის მიერ წარდგენილი სიტუაციური ნახაზი არ შეესაბამება ორთოფოტოების შინაარსს. მართალია, 2000 წელს უფლებაასაღიარებელი ობიექტზე გზის მხარეს ფრაგმენტულად შეინიშნებოდა მყარი მიჯნა, ასევე იყო შენობა-ნაგებობები, თუმცა საქმის მასალების (ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შესახებ ოქმის, ორთოფოტოების) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოსაზღვრედ მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულების და ქარხნის ღობეს, ხოლო ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ორთოფოტოების შესაბამისად, 2000 წლიდან 2006 წლამდე ობიექტის განვითარება არ მომხდარა, პირიქით არსებული შენობა-ნაგებობებიც დაინგრა და 2017 წლის მდგომარეობით შენობა-ნაგებობები აღარ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ის შენობა-ნაგებობა, რომლის ნანგრევებიც შემორჩენილია ამ მიწის ნაკვეთზე, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ აგებულ შენობა-ნაგებობას. ამდენად, საკასაციო პალატა საქმის მასალებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მიტოვებულია და მასზე რაიმე განვითარების კვალი არ შეინიშნება, არ ფიქსირდება ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის (ღობის) არსებობა, ეს ფაქტი კი გამორიცხავს მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას სადავო ნაკვეთზე.

რაც შეეხება ჯ. გ-ის მითითებას, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ახორციელებდა მეტალის ნაკეთობების და სამშენებლო მასალების წარმოებას, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 4.1, 102-ე, 103-ე, 105-ე, სასკ-ის მე-17 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მოსარჩელეს წარმოუდგენია, საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე, რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საამქროს არსებობის ფაქტს.

მოწმეთა ჩვენებების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში არსებული განმარტება დამოუკიდებლად არ წარმოადგენს განმცხადებლის მოთხოვნის დამადასტურებელ უპირობოდ რელევანტურ მტკიცებულებას, მას არ აქვს უტყუარი მნიშვნელობა და მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პირები (ი. ი-ი, ბ. ლ-ი და ნ. ა-ი), რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს, არ წარმოადგენენ ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს. ამდენად, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და 2000-2017 წლების ორთოფოტოებით არ დასტურდებოდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის რაიმე ნიშანი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნიოს მოსარჩელის მიერ ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის Nბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტების შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება) იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა, კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს მისი განვითარებულობა მასზე კონკრეტული შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის გარკვევით. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს მოწმის ჩვენებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება... წინააღმდეგობის არსებობის პირობებში, უპირატესობა სწორედ ორთოფოტოთი განსაზღვრულ მოცემულობას უნდა მიენიჭოს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებით ასახული მდგომარეობა ობიექტურად დადასტურებულია, რომელიც შესაძლოა გაქარწყლდეს ან მისი მართებულობა ეჭვქვეშ დადგეს არა სუბიექტური ინფორმაციის შემცველი მოწმის ჩვენებით, არამედ მხოლოდ იმავე მტკიცებითი ძალის, ობიექტური გარემოებების ამსახველი მტკიცებულებებით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ კომისიამ სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, მოუსმინა დაინტერესებულ პირს, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, 2021 წლის 19 აპრილს და 11 ივნისს უშუალოდ ადგილზე გასვლით დაათვალიერა მიწის ნაკვეთი, შეადგინა ადგილზე დათვალიერების აქტი და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ კომისიამ, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სწორად დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან თვითნებურად დაკავების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულყოფილად იქნა გამოკვლეული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება;

3. გ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 23 ივნისის №32408829 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე