საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-976(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. ღ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:კ. ღ-ამ 2020 წლის 15 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2343/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე დევნილი ოჯახის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2343/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საკითხის არასრულყოფილად შესწავლის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოს დევნილთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით კ. ღ-ას 1996 წლიდან უფიქსირდება დროებითი იურიდიული მისამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩა N 27-ში, ხოლო მიმდინარე ფაქტობრივ მისამართად 2013 წლის დეკემბრიდან აღნიშნულია თბილისი, ...ის ქ. N4. სააგენტომ იხელმძღვანელა კანონის დანაწესით, რის საფუძველზეც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებელი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ვინაიდან მას არ ჰქონდა რეგისტრაცია თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე პერიოდში. კასატორის განცხადებით, სასამართლომ მსჯელობა დააფუძნა მხოლოდ კ. ღ-ას პოზიციას და მხედველობაში არ მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კ. ღ-ასთვის, ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე მისამართის არქონის საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის 21-ე პუნქტი, რომელიც ადგენს დევნილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სამინისტროსთვის ერთი თვის ვადაში შეტყობინების ვალდებულებას. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების წინაპირობა, რასაც დევნილი ოჯახების ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციის მიღებისას კანონმდებლის მიზანია დევნილი ოჯახის იმ ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი. აქედან გამომდინარე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ისინი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არიან დაკავშირებულნი. ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც მოითხოვს ქალაქ თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფას, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ პირობებს, ერთი მხრივ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისს ადმინისტრაციულ ორგანოს, მეორე მხრივ, რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო არ განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის მიზანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც დევნილი ოჯახი, ცხოვრობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამასთან, ყოფითი პირობებით არის ადაპტირებული და დაკავშირებული კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმის განმარტება უნდა მოხდეს გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მოწესრიგების მიზანი. ნორმის მხოლოდ გრამატიკული ან სიტყვასიტყვითი განმარტება, როგორც წესი არ იძლევა მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ. ღ-ა 1997 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ...ის ქ. N4-ში, მე-4 სართულზე არსებულ ფართში. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ განცხადებას, რომელიც დათარიღებულია 2010 წლის 17 ოქტომბრით. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კ. ღ-ამ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აღნიშნა, რომ იგი 1997 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ...ის ქ. N4-ში, მე-4 სართულზე. მან აღნიშნული წერილით სამინისტროს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება - მოხდებოდა თუ არა მისი დაკმაყოფილება ბინით თბილისში, ამასთანავე, ითხოვა წერილობითი ფორმით მიეღო იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რაც საჭირო იყო აღნიშნული შეღავათით სარგებლობისათვის. მითითებულ მისამართზე მოსარჩელის ცხოვრების ფაქტს ამავე განცხადებაში ხელმოწერებით ადასტურებს 11 პირი. გარდა დასახელებული დოკუმენტისა, საქმეში წარმოდგენილია ცნობა (ს.ფ. 17) 2005 წლის 15 თებერვლის თარიღით, რომლის მიხედვითაც კ. ღ-ა ცხოვრობს თბილისში, ...ის ქ. N4-ში, მისი ოჯახის წევრია ღ-ა ხ., დაბადებული ... წელს. ცნობას ხელს აწერს ვაშლიჯვრის ს/საცხოვრებლის კომენდანტი -ა. ფ-ა. აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა სადავოდ არ არის გამხდარი. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ არქივის არარსებობის გამო, სამინისტრომ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა კ. ღ-ას მიმართვიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს კ. ღ-ას თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N39) ქ. თბილისი, ...ის ქ. N4-ში მდებარე შენობა განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. მითითებულ მისამართზე 2019 წლის 13 ივნისს განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. დევნილთა საკითხების განმხილველმა კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე მოსარჩელისთვის ეთქვა უარი თბილისში 2013 წლის 1 ივნისის შემდგომ დამისამართების გამო. 2019 წლის 29 ნოემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა N04-2343/ო ბრძანება, რომლითაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N39) კ. ღ-ას, თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე დამისამართების არქონის გამო, უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ 2013 წლის 1 ივნისამდე ქ.თბილისში ოფიციალური რეგისტრაციის არქონა არ გამორიცხავს, პირის ფაქტობრივად ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კ. ღ-ამ 2010 წლის 17 ოქტომბერს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს და აცნობა, რომ 1997 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ...ის N4-ში, მე-4 სართულზე, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამინისტროს რეგისტრირებული ფართის შეცვლის თაობაზე, რათა სამინისტროს აესახა დევნილის შეცვლილი საცხოვრებელი მისამართის მონაცემთა ბაზაში. კერძოდ, განესაზღვრა ფაქტობრივად ცხოვრების ადგილი, თუმცა სამინისტროს მიერ აღნიშნულს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია - კერძოდ, არ დაადგინა დევნილის ფაქტობრივად ცხოვრების ადგილი და არ ასახა შეცვლილი მისამართი მონაცემთა ბაზაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და საქმეზე დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისში საცხოვრებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოსარჩელემ ნება გამოხატა 2013 წლის 1 ივნისამდე. ამდენად, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის ქალაქ თბილისში ცხოვრებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის რეგისტრაციის მოთხოვნით 2013 წლის 1 ივნისამდე მიმართვის ფაქტი, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი მონაცემების მითითებულ ვადაში არ ასახა, გრძელვადიანი საცხოვრებლით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფაზე უარი იმ მოტივით, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული არ იყო ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. დასახელებული გარემოებები კი, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე