Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1165(გ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის მ. ი-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 7 ივლისს მ. ი-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ამასთან, იგი წლებია თანამშრომლობს ლ. ბ-ითან, მისი მეუღლე კი დასაქმებულია უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 5 ივნისს, სამსახურებრივი მივლინებიდან საქართველოში დაბრუნებისას, ...ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, გაუგებარი მიზეზით, უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.

მოსარჩელემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მ. ი-ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 15 ივნისის MIA ... ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის, მ. ი-ის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით, მ. ი-ის სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი და მოსარჩელეს განჩინებით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში დაევალა მოპასუხე პირთა წრის დაზუსტება.

2023 წლის 25 ივლისს, მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და დააზუსტა მოპასუხე პირთა წრე და მოპასუხეებად დაასახელა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამსახური (...) და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით მ. ი-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამსახური (...).

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განსაზღვრავს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს და მიიჩნია, რომ მ. ი-ის სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო იყო მცხეთის რაიონული სასამართლო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ი-ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის №ბს-999(გ-23) განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ მსჯელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრა ტერიტორიული განსჯადობის საკითხი და წინამდებარე საქმის მსგავსი (იდენტური) კატეგორიის საქმეებზე, სადაც დავის საგანი უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საკითხის კანონიერების კვლევას, განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ამდენად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მ. ი-ის სარჩელი და მისი განხილვა უნდა მომხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მ. ი-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა. სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მ. ი-ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 15 ივნისის MIA ... ბრძანების კანონიერება, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის, მ. ი-ის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ამასთან, დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის განჩინების მიღების მთავარ არგუმენტად მითითებულია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამსახური (...).

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მცხეთის რაიონული სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე და ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „...დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, განსახილველი დავის არსი მდგომარეობს საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენაში, რაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და სასკ-ის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველ დავებს შორის არ ექცევა... განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რადგან უკეთუ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №38... ამდენად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია“ (სუსგ №ბს-999(კ-23), 05.10.2023წ.).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის თანახმად შედგება სხვადასხვა განყოფილებებისა და სამსახურებისგან. კერძოდ, აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში არის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...).

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 05.06.2023წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებლად და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით (სუსგ №ბს-999(კ-23), 05.10.2023წ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული არის ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდგომი და ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული აქტები, ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს დადგენისას კი მხედველობაში არ მიიღება, თუ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო რომელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სსსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფლის მიხედვით.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ი-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე