Facebook Twitter

ბს-628(კ-22) 27 ნოემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.მ-ამ 15.05.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 03.06.2019წ. და 20.01.2020წ. განკარგულებების ბათილად ცნობა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის კომისიისთვის ხელახლა განხილვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2021წ. გადაწყვეტილებით, ი.მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი.მ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2022წ. გადაწყვეტილებით, ი.მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი.მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.06.2019წ. №1444 განკარგულება და კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.მ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.01.2020წ. განკარგულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 26.01.2017წ. სანოტარო აქტებით ა.პ-ი, ე.შ-ე და ვ.ჭ-ე ადასტურებენ ი.მ-ას მიერ 2000 წლიდან ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 599კვ.მ. ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, ასევე ხეხილის ბაღის და ვენახის გაშენებას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით (კანონის ამოქმედებამდე), უსაფუძვლოა, ვინაიდან ი.მ-ას საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. ნაკვეთი და მის მომიჯნავედ მდებარე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული (რაიმე სახის მიჯნის არსებობა არ დასტურდება). სადავო 03.06.2019წ. განკარგულებაში ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს „ფერდობს“, ასევე მიუთითებს ნახაზზე ასახულ ნაკვეთის არაფიქსირებული საზღვრებზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხარვეზის დადგენის და არა - მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს არ მიეცა შესაძლებელობა, ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარედგინა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზი. ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ დგინდება მიწის ნაკვეთის ი.მ-ას მიერ ფლობის და სარგებლობის ფაქტი, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია, არ გამოუკითხავს მოწმეები, სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მცხოვრები მეზობლები და არ მოუხდენია ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიისადმი კუთვნილებას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 9.3 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი შუამდგომლობით არ მიმართავდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, თუ უტყუარად დადგინდებოდა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი იყო საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ამ კატეგორიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარებოდა, ამასთან, მიწის ნაკვეთის კატეგორიის განსაზღვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისია თავად იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის კატეგორიის თაობაზე. სადავო მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მდებარეობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ზეპირ მითითებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება არ გამხდარა 03.06.2019წ. განკარგულებით ი.მ-ასთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად კომისიის 03.06.2019წ. განკარგულების ბათილად ცნობის და ი.მ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. კომისია 20.01.2020წ. განკარგულების გამოცემისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ძალაში იყო 03.06.2019წ. განკარგულება, რომლითაც კომისიას უკვე ნამსჯელი ჰქონდა განმცხადებლის იმავე შინაარსის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება 03.06.2019წ. განკარგულების მოსარჩელისთვის ჩაბარებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ. ამდენად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს კომისიის 20.01.2020წ. განკარგულების გამოცემის დროისთვის 03.06.2019წ. განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტს, რაც თავის მხრივ საფუძველს აცლის კომისიის სადავო 20.01.2020წ. განკარგულებას, შესაბამისად, არსებობს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.01.2020წ. განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს, ასევე მოთხოვნილი ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სარეკრეაციო (სზ-1) ზონაში, განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა „ფერდობს“ და არ იკვეთებოდა მისი ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძვლებზე, ვინაიდან საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა იმ ფარგლებში და კონფიგურაციით, რაზეც იგი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიის 20.01.2020წ. განკარგულებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად კომისიამ მიუთითა სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში, რაც წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი გაზიარებული იქნა საკასაციო სასამართლოს 06.11.2018წ. განჩინებით საქმეზე №ბს-1071(კ-18). სზაკ-ის 102-ე მუხლიდან გამომდინარე განცხადების ხელახლა წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა შესაძლებელია თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის ხელსაყრელი აქტის გამოცემას. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, იგი წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც უნდა შეფასდეს საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კასატორმა მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.04.2017წ. განჩინებაზე და აღნიშნა, რომ თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, გასათვალისწინებელია ასევე გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. კასატორმა ასევე მიუთითა საკასაციო სასამართლოს 23.03.2020წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-1338(კ-18)) და აღნიშნა, რომ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა კომისიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეზე არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობა და მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მიერ არასწორად შეფასდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. საქმის მასალებში დაცული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.06.2019წ. განკარგულებით ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 599 კვ.მ. ნაკვეთზე ი.მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიისადმი კუთვნილება. საჯარო რეესტრის 22.02.2017წ. სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, საჯარო რეესტრში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ...ის რაიონის ...ის მეცხოველეობის მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნაკვეთის კატეგორიასთან დაკავშირებული საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ინფორმაცია ასახავს არა ამჟამინდელ ან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებულ მდგომარეობას, არამედ 1991 წლის მონაცემებს, შესაბამისად, კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ გამოუკვლევია ნაკვეთის კატეგორიასთან დაკავშირებული გარემოება. ამასთან, განცხადების ხელახლა წარდგენისას ი.მ-ამ შეამცირა მიწის ნაკვეთის ოდენობა და ნაცვლად 599კვ.მ. ნაკვეთისა საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა 514 კვ.მ. ნაკვეთზე. შემცირებულ ფართობთან დაკავშირებით მომზადებული საჯარო რეესტრის 07.08.2019წ. სამსახურებრივი ბარათი და 16.10.2019წ. წერილი აღარ შეიცავს მითითებას საძოვრის კატეგორიაზე. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, ...ის მეცხოველეობის მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა ბუჩქნარით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, ხოლო დღეს არსებული მდომარეობით მიწის ნაკვეთის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში დაცული არ არის და აღნიშნული უნდა დადგინდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 16.4 მუხლი ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის დანიშნულებასა ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით მოწმეები მიუთითებენ, რომ ი.მ-ა 2000 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 599 კვ.მ. ნაკვეთით, სადაც გაშენებული აქვს ხეხილის ბაღი და ვენახი, რაც გამორიცხავს ასაღიარებელი ნაკვეთის საძოვრის კატეგორიისადმი კუთვნილებას, ამდენად, ნაკვეთის საძოვრის კატეგორიის გამო ი.მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა აღნიშნული გარემოების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო საჩივარში კომისია ი.მ-ას საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთ გამომრიცხავ გარემოებად მიუთითებს ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში (რზ) მდებარეობაზე. საქმეში დაცული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 16.04.2019წ. წერილის თანახმად, ი.მ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ) ზონაში. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, კომისიის 03.06.2019წ. განკარგულებით, ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 599 კვ.მ. ნაკვეთზე ი.მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გამხდარა ასაღიარებელი ნაკვეთის სარეკრეაციო ზონის ფარგლებში მოქცევის ფაქტი, შესაბამისად, განცხადების ხელახლა განხილვისას კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა იმსჯელოს და შეფასება მისცეს აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. კომისიის 03.06.2019წ. განკარგულებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი წარმოადგენს ფერდობს. საკითხის ხელახლა განხილვისას კომისიამ ასევე შეფასება უნდა მისცეს ასაღიარებელ ნაკვეთზე ფერდობის არსებობას, ვინაიდან მოსარჩელის განმარტებით, მან მოახდინა მიწის ნაკვეთის საზღვრების იმგვარად კორექტირება, რომ ფერდობი მოქცეული იქნა ნაკვეთის საზღვრებს გარეთ. კასატორი არ მიუთითებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მომიჯნავე, ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს შორის რაიმე სახის მიჯნის არსებობაზე ან ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, არ არის დასაბუთებული. გარდა ამისა, საქმის მასალებში დაცული 24.06.2019წ. საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული შემცირებული ფართობით (514 კვ.მ.) ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი (გარდა მომიჯნავე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მხარეს არსებული ნაკვეთის გვერდისა) არ შეიცავს მითითებას არაფიქსირებულ საზღვრებზე (გვ. 164-165), შესაბამისად, კომისიის მსჯელობა განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და მოთხოვნილი ნაკვეთის ერთიან სივრცეში არარსებობის, მყარი მიჯნის და ფიქსირებული საზღვრების არარსებობის შესახებ არ არის დასაბუთებული. სზაკ-ის 83.2 მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში კომისიას მსგავსი ქმედება არ განუხორციელებია, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ განმცხადებელს არ მიეცა შესაძლებელობა, ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარედგინა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ფერდობის და ნაკვეთის არაფიქსირებული ნაწილის საზღვრების ნაწილში ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ამდენად, გასაჩივრებულ 03.06.2019წ. განკარგულებაში ასახული დასკვნა იმის შესახებ, რომ არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, ამასთანავე, კასატორის მხოლოდ ის მოსაზრება, რომ მოწმეთა ჩვენებები ზოგადად სუბიექტურ ხასიათს ატარებს, არ გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისას მოწმეთა განმარტებების გაზიარების შესაძლებლობას, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. გასაჩივრებული 03.06.2019წ. განკარგულების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა წარმოშობს კომისიის 20.01.2020წ. განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს. 20.01.2020წ. განკარგულებით, ი.მ-ას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, იმაზე მითითებით, რომ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე მიღებული ჰქონდა 03.06.2019წ. გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი დადგინდა კომისიის 03.06.2019წ. განკარგულების საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გარეშე მიღებისა და ამგვარი გარემოებების ხელახლა გამოკვლევის საჭიროება, რაც გამორიცხავს კომისიის 20.01.2020წ. განკარგულების მართლზომიერებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2022წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი