ბს-133 (კ-23) 27 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-იმა 18.04.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის 12.03.2019წ. N307 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ... 2-ის დასახლებაში მდებარე 283 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2019წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2022წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბთილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის 12.03.2019წ. N307 განკარგულება, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებზე, ასევე 51.3 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ.N376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუქტზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება. ამ მიზნით დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხება უძრავი ქონების სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის ან თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს სზაკ-ით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის 12.03.2019წ. N307 განკარგულების მიხედვით მ. მ-ის უარი ეთქვა უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ... 2, საერთო ფართობი - 500 კვ.მ. ს/კ ...) კონფიგურაციისა და ფართობის ცვლილებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, თუმცა გასაჩივრებულ აქტში არ არის გამოკვეთილი რა გარემოებებს ეყრდნობოდა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 53-ე, 95-ე, 96-ე მუხლებზე და სასკ-ის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რამაც განაპირობა მ. მ-ისათვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო განკარგულება არ შეიცავს მითითებას სზაკ-ის 102-ე მუხლზე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზეპირი მითითების გაზიარების შემთხვევაში, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, რომ დამატებით 283 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარებასაც მ. მ-ი 05.03.2018წ. განცხადებით ითხოვდა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 13.10.2011წ. გადაწყვეტილების (ოქმი N273) მიღებისას იმსჯელა. მ. მ-ის 05.03.2018წ. და 16.06.2010წ. განცხადებებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოში და ვერც საქმის განხილვის ეტაპზე იქნა წარმოდგენილი, რაც თავის მხრივ მიუთითებს არასრულყოფილად და არაჯეროვნად საკითხის გადაწყვეტაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით აღიარების კომისია ვალდებულია სრულყოფილად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებით მ. მ-ი ითხოვდა უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ... N2, საერთო ფართობი 500 კვ.მ., ს/კ ...) კონფიგურაციის ცვლილებას ფართობის გაზრდით (783 კვ.მ.). კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული განცხადება და წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაადგინა, რომ უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია, შესაბამისად არსებობდა მ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. კასატორმა სასკ-ის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ უთითებს იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი იქნებოდა. კასატორის მითითებით გასაჩივრებულ განკარგულებაში პირდაპირ არის მითითებული უარის თქმის საფუძველი და შესაბამისი მტკიცებულებები, რისი გამოკვლევის შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე, შესაბამისად, გაუგებარია ახალი წარმოების ეტაპზე რა გარემოება უნდა იქნეს გამოკვლეული კომისიის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მ. მ-იმა 16.06.2010წ. განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და თბილისში, ... 2-ის დასახლებაში მდებარე 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.10.2011წ. გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N273) მ. მ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 500 კვ.მ. ფართობზე. აღნიშნული გადაწყვეტილების და მის შესაბამისად გაცემული N6648 საკუთრების მოწმობის საფუძველზე, თბილისში, ... 2-ის დასახლებაში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) აღირიცხა მ. მ-ის სახელზე.
მ. მ-იმა 05.03.2018წ. განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც თბილისში, ... 2-ის დასახლებაში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება, კერძოდ, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში დამატებით 283 კვ.მ. ფართის მოქცევა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.03.2018წ. №117046 მიმართვით მ. მ-ის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მ. მ-ის 05.03.2018წ. განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაუგზავნა. აღნიშნული სამსახურის 31.07.2018წ. წერილით კომისიას ეცნობა, რომ მ. მ-ის განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით საცხოვრებელ ზონაში (სზ-1) იყო მოქცეული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.02.2019წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა (სხდომის ოქმი №3) და მის საფუძველზე გამოტანილი 12.03.2019წ. №307 განკარგულებით მ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ განცხადებით წარდგენილი მოთხოვნა ითვალისწინებდა უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის კოორდინატებისა და კონფიგურაცის მნიშვნელოვნად შეცვლას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო განკარგულება ბუნდოვანია, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გაურკვეველია მ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. გასაჩივრებულ აქტში არ არის გამოკვეთილი რა გარემოებები გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა სადავო განკარგულება აღნიშნულ მუხლზე მითითებას არ შეიცავს, არ არის დადგენილი მ. მ-ის 16.06.2010წ. და 05.03.2018წ. განცხადებებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უფლებააღიარებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებს (სუსგ №ბს-1304(კ-19), 25.11.21წ.), თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს აღნიშნულზე მითითებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი