Facebook Twitter
ბს-415 (კ-23) 27 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ქ-ემ 16.05.2018წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხების სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ქუთაისის მომსახურების ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ქუთაისის მომსახურების ცენტრის 14.03.2018წ. N MIA ... გადაწყვეტილების და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 16.04.2018წ. N MIA ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე თ. ქ-ეის მფლობელობაში არსებული, 1990წ. გამოშვებული, მარკა/მოდელი-... ..., სარეგისტრაციო ნომერი -... ..., შასი/ჩარჩო - ..., ძარი (ეტლი)- ..., ფერი-ხაკი, მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თ. ქ-ეის სახელზე აღიცხვის, საკუთრებაში რეგისტრაციის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის დავალება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2018წ. განჩინებით თ. ქ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2022წ. გადაწყვეტილებით თ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ქუთაისის მომსახურების ცენტრის 14.03.2018წ. N MIA ... გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 16.04.2018წ. N MIA ... გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა თ. ქ-ეის მფლობელობაში არსებული, 1990წ. გამოშვებული, მარკა/მოდელი - ... ..., სარეგისტრაციო ნომერი - ... ..., შასი/ჩარჩო - ..., ძარი (ეტლი) - ..., ფერი - ხაკი, მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თ. ქ-ეის სახელზე აღიცხვა, საკუთრებაში რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ქ-ემ 2018 წელს რუსეთის ფედერაციაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მოიხსნა აღრიცხვიდან და მასზე გაიცა ტრანზიტული ნომერი, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაიცა ქართული ტრანზიტული ნომერი. მანქანის ტექნიკურ პასპორტში მითითებულია საიდენტიფიკაციო ნომერი. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მონაცემებია - 1990 წელს გამოშვებული, მარკა/მოდელი - ... ...; საიდენტიფიკაციო ნომერი -... ...; შასი, ჩარჩო - ...; ძარი (ეტლი) ...; ფერი - ხაკი. მოპასუხე მხარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ თ. ქ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი ვერ დგინდება ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.2007წ. №150 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოპასუხე მხარე შეუძლებლად მიიჩნევს იდენტიფიცირების დადგენის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების თ. ქ-ეის საკუთრებაში აღრიცხვას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.2007წ. №150 ბრძანების 26-ე, 261, 3.4, 3.6, 3.13, მე-11 მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ. ქ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები სრულად იძლეოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ავტომანქანის იდენტიფიკაციის საშუალებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციაში შედგენილი სატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების შემძენია თ. ქ-ე, საიდენტიფიკაციო ნომერი ... .... სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის 15 59 №359836 თანახმად, სატრანსპორტო საშუალება ,,...“-ის საიდენტიფიკაციო ნომერია - ... ..., გამოშვების წელი -1990, მესაკუთრე არის თ. ქ-ე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის 26.02.2018წ. №001288618 დასკვნაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული დასკვნა არ გამორიცხავს და პირიქით ადასტურებს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ავტონმანქანის ვინ კოდს - ...... და რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ავტონმანქანის ვინ კოდის - ...... ნამდვილობა დადასტურებულია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება, დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობისათვის არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ რუსეთის ფედერაციაში შეიძინა სატრანსპორტო საშუალება და რუსეთის ფედერაციიდან წარმოდგენილ დოკუმენტზე მითითებულია სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, თუმცა სადავო იყო არა წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა, არამედ ის, რომ წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. ამასთან, სასამართლოს არ გამოუკვლევია ის, რომ მომსახურების სააგენტოს დაევალა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თუმცა რეგისტრაციის პროცესს წინ უსწრებს მისი საბაჟო პროცედურაში მოქცევა, რისთვისაც ასევე სავალდებულოა ფაქტობრივად წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საიდენტიფიკაციო მონაცემის არსებობა და აღნიშნული ფუნქცია სსიპ შემოსავლების სამსახურს აკისრია. კასატორის განმარტებით, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.2007წ. №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია, რომლის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი კუმულაციურად განსაზღვრავს ორ პირობას: 1. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას; 2. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხვნებს. ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო მონაცემებში სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემის ასახვა სავალდებულოა (ე.ი. სატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს მაიდენტიფიცირებელი მონაცემი). სასამართლომ აღნიშნული ორი კუმულაციური პირობიდან იმსჯელა მხოლოდ ერთზე (წარდგენილ დოკუმენტებზე) და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და არსებით წინააღმდეგობაში მოდის მასთან. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონმდებლობა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ღიად არის დატოვებული საკითხი საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცედურაზე, კასატორი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.08.2019წ. №259/ №974 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილ რეგულაციაზე, რომლის მე-9 მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, შემოწმების აქტი ვერ შედგება თუ შეუძლებელია ნომრიანი აგრეგატების ამოკითხვა ან/და დადგენა ან სატრანსპორტო საშუალება ან თანმხლები დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ საინდენტიფიკაციო მონაცემზე და არ იმსჯელა მეორე აუცილებელ პირობაზე - წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემის რეალურად არსებობის ფაქტზე. კასატორმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო სამსახურებში წარდგენილ დოკუმენტში ან/და სარეგისტრაციო ნიშანზე, ან/და ნომრიან აგრეგატზე უზუსტობის, შეუსაბამობის, გადასწორების, დაზიანების კვალის ან სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან/და თანდართული დოკუმენტაცია ექვემდებარება დამატებით შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს ან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღმოჩენილი გარემოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სააგენტო წყვეტს რეგისტრაციის პროცესს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-18 პუნქტის მიხედვით, დათვალიერება არის - სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება, რის საფუძველზეც დგება დათვალიერების აქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიზანია სატრანსპორტო საშუალების (ნივთის) იდენტიფიცირება, გაუგებარია აქტების უკანონოდ ცნობა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დადგენილა სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემი და სააგენტოში მონაცემის დადგენის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის 26.02.2018წ. №001288618 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი „...“-ის მარკის სატრანსპორტო საშუალების ამწეს ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) ამოკითხული საიდენტიფიკაციო ნომრის ხილვადი ანბანური და ციფრობრივი მაჩვენებლებია „...............“, დანარჩენი მაჩვენებლები არ იკითხება, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო, ხოლო ბირკაზე დატანილი საიდენტიფიკაციო (შასის) ნომერია: ,,...“, რომელზეც მოხსნისაათვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვლები არ შეინიშნება. ამის საპირსპიროდ სასამართლო უსაფუძვლოდ ვარაუდობს საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობას და უკანონოდ მიჩნევს სააგენტოს მიერ გამოცემულ აქტებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებას, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ 08.11.1968წ. ვენის კონვენციას) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორის მითითებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.2013წ. განჩინებით არ იქნა წარმოებაში მიღებული კასატორის საკასაციო საჩივარი (საქმე ბს-226-218 (კ-13)), რითიც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (საქმე 3ბ/952-12). როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლომ (საქმე 3-48-12), ისე სააპელაციო სასამართლომ დაადგინეს, რომ მომსახურების სააგენტოს კომპეტენცია დადგენილია ინსტრუქციით და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელება, მაშინ როცა ამის კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობა არ არსებობს, დაუშვებელია და ეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეს, რაც არ გამორიცხავს სატრანსპორტო საშუალების გამყიდველსა და მყიდველს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღუარების მოთხოვნის წარმოშობის ალბათობას.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით თ. ქ-ემ 2018 წელს რუსეთის ფედერაციაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მოხსნილ იქნა აღრიცხვიდან და მასზე გაიცა ტრანზიტული ნომერი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაიცა ქართული ტრანზიტული ნომერი. თ. ქ-ემ 09.03.2018წ. მიმართა შსს ქუთაისის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სატრანსპორტო დეკლარაციის შევსება და მანქანის მის სახელზე რეგისტრაცია. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ქუთაისის მომსახურების ცენტრის 14.03.2018წ. MIA ... გადაწყვეტილებით თ. ქ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი "...ის" მოდელის ამწეს ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) ამოტვიფრული საიდენტიფიკაციო ნომრის ხილვადი ანბანური და ციფრობრივი მაჩვენებლები ბოლომდე არ იკითხებოდა (საიდენტიფიკაციო ნომერი დადგენილი ვერ იქნა). აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ქ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 16.04.2018წ. N MIA ... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N001288618 ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად გამოსაკვლევად წარდგენილი "...ის" მოდელის ამწეს ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) ამოტვიფრული საიდენტიფიკაციო ნომრის ხილვადი ანბანური და ციფრობრივი მაჩვენებლებია ................, დანარჩენი მაჩვენებლები არ იკითხება, რის მიზეზსაც წარმოადგენს მასზე არსებული ჟანგვა-კოროზია, ასევე დადგინდა, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის მაჩვენებელთა ზედაპირებზე გადაკეთებისათვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვალი არ შეინიშნება. ამასთან, საქმეში დაცული სატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის და პასპორტის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერია ... .... ამდენად ზემოაღნიშნული დოკუმენტების და ექსპერტიზის დასკვნის ერთობლიობაში შეფასებით დასტურდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი ავტომანქანის ვინ კოდი - ... ....
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება საბაჟო და საგადასახადო ვალდებულებების შეუფასებლად ავტომანქანის რეგისტრაციის დავალების დაუშვებლობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის 09.03.2018წ. განცხადებით მოთხოვნილი იყო ასევე საბაჟო დეკლარაციის შევსება, სადავო აქტებით მოსარჩელეს ავტომანქანის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდებოდა ავტომანქანის საინდენტიფიკაციო ნომერი. მექანიკური სატრანსპორტო საშულების პირველად რეგისტრაციამდე საბაჟო ვალდებულებების შესრულების კონტროლი სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს (საქართველოს შს მინისტრის 31.01.2007წ. N150 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ ინსტრუქციის 26.2 მუხ.) და სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გამორიცხავს რეგისტრაციამდე სააგენტოს მიერ საბაჟო ვალდებულებების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას.
ამასთანავე, მიმდინარე დავისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო არარელევანტურია კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ მითითებულ საქმეში ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის გადაკეთების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო ეთქვა უარი მოსარჩელეს ავტომაქანის მის სახელზე რეგისტრაციაზე, რაც არსებითად განსხვავდება განსახილველი დავის ფაქტობრივი მოცემულობისგან. მოცემულ შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომრის მაჩვენებელთა გადაკეთებისათვის ზემოქმედების კვალი არ დადგენილა, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ცალკეულ მაჩვენებელთა დაუდგენლობის მიზეზად ჟანგვა-კოროზია დასახელდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინება;
3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს/კ 205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.03.2023წ. N08617 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი