ბს-221(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ყ-მა 15.04.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 18.03.2020წ. N03-558/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ.ყ-ი და ნ.ჭ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2022წ. გადაწყვეტილებით ლ.ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი "დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 18.03.2020წ. N03-558/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.ყ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა სახცოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ.ყ-მა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის, ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) – 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქული) – 2.5 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.02.2020წ. გადაწყვეტილებით (ოქმი N8) მოსარჩელე ლ.ყ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მეუღლესთან თანაცხოვრებაზე იყო არსებითად მცდარი. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 18.03.2020წ. გამოსცა №03-558/ო ბრძანება მოსარჩელე ლ.ყ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის თქმის საფუძვლად ის გარემოება დაასახელა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მეუღლესთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით იყო არასწორი და რეალურად ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, რის დასასაბუთებლადაც სააგენტომ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დადგენილი ოჯახის დეკლარაციებზე, რომელიც ლ.ყ-მა 2015 და 2018 წლებში შეავსო და ორივე დეკლარაციაში ოჯახის წევრად მისი მეუღლე - ზ.ჭ-ე მიუთითა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 და 2018 წლების ოჯახის დეკლარაციებში ზ.ჭ-ის ოჯახის წევრად მითითება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განცხადების წარდგენისა და სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოსარჩელის ზ.ჭ-ესთან ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტის დამდგენად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ ზეპირი მოსმენის სხდომაზე განუმარტა სააპელაციო სასამართლოს, რომ რაღაც პერიოდი იგი მეუღლესთან შერიგებული იყო და სურდათ ერთად ცხოვრება, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს განქორწინება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს (შვილებს) საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო ეთქვა. მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა, მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დგინდება, რომ მოსარჩელე გორში, ...ში, ბინა N18-ში, ძმის კუთვნილ ...ში ცხოვრობს უკვე 4 წელია. მანამდე ცხოვრობდა გორში, ...ის ქ. N1-ში, ... შენობაში, ხოლო უფრო ადრე ცხოვრობდნენ ...ში მამასთან. განმცხადებელს პირველ მეუღლესთან ჰყავს შვილი - გ.ყ-ი, ხოლო მეორე მეუღლესთან ზ.ჭ-ესთან, რომელთანაც 2011 წლიდან არის გაყრილი, ჰყავს მეორე შვილი - ნ.ჭ-ე. ზ.ჭ-ე ცხოვრობს იმავე დასახლებაში. დამატებითი მოკვლევის მიზნით, 21.01.2020წ. მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის ზ.ჭ-ის დაკანონებულ სახლში. ზ.ჭ-ე მონიტორინგის თანამშორმლებს დახვდა ეზოში. მან განაცხადა, რომ ყოფილ მეუღლესთან ლ.ყ-თან 2011 წლიდან არის გაყრილი, ლ.ყ-ი ცხოვრობს იმავე ქუჩაზე, ძმის დაკანონებულ ფართში. კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტომ მოიძია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დადგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომელიც ლ.ყ-მა 2015 და 2018 წლებში შეავსო. ორივე დეკლარაციაში მითითებულია, რომ ის და ზ.ჭ-ე ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე და უარი უთხრა ლ.ყ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი" არეგულირებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურასა და კრიტერიუმებს. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ხოლო სამინისტრო ვერ იმოქმედებს ნორმატიული აქტით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. კასატორის მითითებით პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. კასატორმა ზემოაღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, გამოიკვლია საქმის გარემოებები, აქტი მიიღო კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე ლ.ყ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე აღრიცხული ჰყავს შვილები - გ.ყ-ი (პირველი ქორწინებიდან) და ნ.ჭ-ე (მეორე ქორწინებიდან), რომლებსაც ასევე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აქვთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.02.2020წ. №8 სხდომის ოქმის თანახმად, ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ლ.ყ-ს, უარის თქმის საფუძვლად მითითებულია არსებითად მცდარი ინფორმაცია მეუღლესთან თანაცხოვრებაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 18.03.2020წ. N03-558/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.02.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №8) ლ.ყ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. გორში და ქ. ხაშურში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდება ქ. გორი, ..., ბინა N18. აღნიშნული ბინა წარმოადგენს ლ.ყ-ის ძმის საკუთრებას, სადაც მოსარჩელე საკუთარ შვილებთან ერთად ცხოვრობს. საქმეში დაცული მონიტორინგის მასალებით დგინდება, რომ ლ.ყ-ი და მისი ყოფილი მეუღლე ზ.ჭ-ე ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე, ხოლო ის გარემოება, რომ 2015 და 2018 წლების ოჯახის დეკლარაციებში ლ.ყ-ის ოჯახის წევრად ზ.ჭ-ა მითითებული, ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძვლად დამატებითი მტკიცებულების გარეშე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). საქმის მასალებით არ დასტურდება განცხადების წარდგენის და სადავო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ლ.ყ-ის ზ.ჭ-ესთან ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ამასთანავე აღსანიშნავია, საქმეში დაცული, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2015წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ.ყ-ის, გ.ყ-ის და ნ.ჭ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 19.06.2012წ. N19/06/05 განკარგულება ლ.ყ-ის, გ.ყ-ის და ნ.ჭ-ის ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ.ო-ს შორის 05.07.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ.ყ-ის, გ.ყ-ის და ნ.ჭ-ის ნაწილში. მოცემული გადაწყვეტილებით ლ.ყ-ი და მისი შვილები არ იქნენ მიჩნეული ზ.ო-თან (დედამთილი) და ზ.ჭ-ესთან ერთად პრივატიზებულ ფართში (გორი, ...ის დასახლება, ბინა N23) მცხოვრებ პირებად. განსახილველი დავის ფარგლებში სწორედ ზემოაღნიშნულ მისამართზე განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი, სადაც მონიტორინგის თანამშორმლებს ზ.ჭ-ე გაესაუბრა და განუცხადა, რომ ლ.ყ-თან 2011 წლიდან აღარ აქვს ურთიერთობა და ისინი ერთად არ ცხოვრობენ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არც ლ.ყ-ის და არც მისი შვილების საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც სარგებლობენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეფასებით ლ.ყ-ის ოჯახისთვის მინიჭებული ქულა (4 ქულა) საკმარისი იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ.ყ-ი განაცხადს მის არასრულწლოვან შვილთან ნ.ჭ-ესთან ერთად აკეთებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ლ.ყ-ის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი