საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-659(კ-23) 13 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ო. შ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - მ. გ-ე, გ. გ-ე, რ. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. შ-იმა 2018 წლის 30 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №16874 საკუთრების მოწმობისა და 2018 წლის 01 ივნისის №21 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ რ. გ-ე, გ. გ-ე და მ. გ-ე.
ო. შ-ის წარმომადგენელმა 2019 წლის 25 მარტს დააზუსტა სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეებად მიუთითა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნად განსაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №16874 საკუთრების მოწმობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 01 ივნისის №21 საოქმო გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 09 ივნისის №..., 2012 წლის 26 ივნისის №... და 2014 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ო. შ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. შ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით ო. შ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი; კერძოდ, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შესახებ მტკიცებულებების საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენა.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ო. შ-ის წარმომადგენელს, გ. ძ-ის, რომელსაც იგი 2023 წლის 28 ივლისს ჩაჰბარდა, რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით (ტ.3, ს.ფ. 190).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ო. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება ო. შ-ის წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. ოზურგეთი, ...ის ქ. №3, ბინა №39, ასევე მითითებული იყო საკონტაქტო მობილურის ნომერიც. აღნიშნული გზავნილი წარმომადგენელს ჩაჰბარდა პირადად 2023 წლის 28 ივლისს, რაც დასტურდება გზავნილზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (ტ.3, ს.ფ.190). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 29 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 07 აგვისტოს 24 საათზე (ორშაბათი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, კასატორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რა გარემოებებიც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა