კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1136 (კს-23) 17 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს "ჯ...ის" კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. განჩინებით შპს "ჯ...ის" კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2023წ. განჩინებაზე, რომლითაც უარი ეთქვა შპს "ჯ...ს" დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2023წ. განჩინებით შპს "ჯ...ს" კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, ასევე დაევალა უშუალოდ შპს "ჯ...ის" დირექტორის მიერ ხელმოწერილი საჩივრის ან შპს "ჯ...ის" დირექტორის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ადვოკატის მიერ ხელმოწერილი საჩივრის წარდგენა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით კერძო საჩივრის ავტორს, შპს "ჯ...ის" დირექტორს ხარვეზის შესახებ განჩინება 12.10.2023წ. ჩაბარდა, ხოლო ხარვეზის შევსების ვადა 23.10.2023წ. 24 საათზე ამოიწურა, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რაც სსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374-ე მუხლების თანახმად ქმნიდა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იყო საბოლოო და არ გასაჩივრდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს "ჯ...ის" მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს "ჯ...ის" კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში, შპს "ჯ...ი" სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2023წ. განჩინების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა შპს "ჯ...ს" დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნულ კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა შპს "ჯ...მა" ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. განჩინებით შპს "ჯ...ის" კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, შპს "ჯ...ს" განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების დაუშვებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში შპს "ჯ...ი" კერძო საჩივრით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 31.10.2023წ. განჩინებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამასთან, კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს მხარის მიერ საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში წარდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს "ჯ...ის" მიერ წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მისი დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს "ჯ...ის" კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "ჯ...ის" კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი