Facebook Twitter

ბს-1394(კ-22) 27 ნოემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2022წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს...ამ“ 15.06.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, მოპასუხის 14.05.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.2020წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება თ. ხ-იი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2021წ. გადაწყვეტილებით, შპს „ს...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ს...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2022წ. განჩინებით, შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის 18.4 მუხლის შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს, ამასთან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება. დადგენილია, რომ თ. ხ-იმა 03.02.2020წ. განცხადებით მიმართა შპს „ს...ს“ და მოითხოვა კუთვნილი ობიექტის (მის.: ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება, გადაიხადა მიერთების საფასური, კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის უფროსმა 10.02.2020წ. წერილით თ. ხ-ის აცნობა, რომ სოფ. ...ს კომპანია არ უწევდა ექსპლუატაციას, აღნიშნულიდან გამომდინარე იგი ვერ უზრუნველყოფდა ობიექტის წყალმომარაგებით მომსახურებას. თ. ხ-იმა 13.02.2020წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება. წერილში განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს „ს...ის“ ქსელიდან არაუმეტეს 50მ რადიუსში, ამასთან სოფ. ...ს მკვებავი ცენტრალური მაგისტრალი გაედინება ნაკვეთის მომიჯნავედ. კომპანიის 27.02.2020წ. წერილით კომისიას ეცნობა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ი არ წარმოადგენს კომპანიის მომსახურების არეალს, აღნიშნული სოფლის მაცხოვრებლები არ ირიცხებიან კომპანიის აბონენტებად, რის გამო თ. ხ-იის განცხადება დახარვეზდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, წყალმომარაგების საქმიანობა არის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის ექსპლუატაცია, წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის/სისტემების ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის ჰ86 ქვეპუნქტის თანახმად, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა განმარტებულია, როგორც წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად. წყალმომარაგების ლიცენზიატი - შპს „ს...ა“ ვალდებულია განახორციელოს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები, მის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში, შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელე არის უფლებამოსილი თ. ხ-იის ობიექტში განახორციელოს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები, რადგან სოფ. ... შედის ახალციხის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების ქსელის ფარგლებს. ამდენად, მოპასუხის 14.05.2020წ. გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ს...ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებამოსილების - განახორციელოს წყალმომარაგება ვალდებულებად გადაქცევისათვის, დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში წყალმომარაგების ლიცენზიატი უნდა ფლობდეს წყალმომარაგების ქსელს. მოცემულ შემთხვევაში თ. ხ-იის კუთვნილი ობიექტი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ...აში, ხოლო ის ქსელი, რომელიც თ. ხ-იის მოსაზრებით წარმოადგენს მისი უძრავი ქონების წყალმომარაგების ქსელზე დაერთების წერტილს, მდებარეობს ქ. ...ში, რომელიც შედის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელი არ მდებარეობს ...ის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, სეწმეკ-ის 26.11.2008წ. №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 18.10 მუხლის თანახმად, კასატორი არ არის ვალდებული განახორციელოს განმცხადებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კომპანია ექსპლუატაციას უწევს ახალციხის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულს, შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ...ის ადმინისტრაციული ერთეული მიეკუთვნება კასატორის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელის ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „წესების“ 18.10 მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 14.05.2020წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს...ას“ დაევალა ახალი მომხმარებლის (თ. ხ-იის) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოების (სრული ტექნოლოგიური ციკლის) დასრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შესაბამისად, დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებდა მესამე პირის თ. ხ-იის, როგორც ახალი მომხმარებლის, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შესახებ მოსარჩელის ვალდებულების არსებობა. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესი გათვალისწინებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-18 მუხლით. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მიერთების მსურველის მოთხოვნა ისეთი ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ წესების შესაბამისად, შეიძლება განხორციელდეს წყალმომარაგების ქსელიდან მისაერთებელი ობიექტის 0-დან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობის შემთხვევაში (18.71 მუხ.). ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ (18.8 მუხ.). საქმეში დაცული მასალებით თ. ხ-იმა 03.02.2020წ. განცხადებით მიმართა შპს „ს...ას“ და მოითხოვა წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება, ასევე გადაიხადა მიერთების საფასურის ნაწილი (ტ. 1, ს.ფ. 14-17). მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში (საკადასტრო კოდი ...), ხოლო კასატორის განმარტებით, კომპანია მომსახურებას არ უწევს აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულს, ასევე კომპანიის წყალმომარაგების ქსელი არ მდებარეობს ...ის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის 15.3 მუხლზე, რომლის თანახმად წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში, აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. პირველი ინსტანციის სასამართლოში 04.09.2020წ. გამართულ სხდომაზე სეწმეკ-ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსარჩელე არის ერთადერთი ლიცენზიატი, ამასთან, კომისიამ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელსა და სააპელაციო შესაგებელში აღნიშნა, რომ კომისიის მიერ 10.11.2011წ. მოსარჩელის სახელზე გაცემული წყალმომარაგების ლიცენზია და დამტკიცებული სალიცენზიო პირობები არ განსაზღვრავენ სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების განსაკუთრებულ ტერიტორიულ არეალს თუ ადმინისტრაციულ ზონებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კასატორი არ მიუთითებს ისეთ დოკუმენტზე, წერილობით მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა ლიცენზიით გათვალისწინებულ არეალში მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ...ს ადმინისტრაციული საზღვრების არსებობას და გამორიცხავდა ასეთი ლიცენზიის არსებობას იმავე მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში, მათ შორის სოფ. ...ში. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფ.) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება სასმელი წყალი, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთებისას – მოქმედი წყალარინების ქსელიდან) 200 მეტრის რადიუსში („წესების“ 18.10 მუხ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარში არ არის უარყოფილი გარემოება თ. ხ-იის საკუთრებაში არსებული ობიექტის კომპანიის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან 50მ-ის რადიუსში არსებობის შესახებ, შესაბამისად, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან და სამართლებრივი მოწესრიგებიდან გამომდინარე კასატორის მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მას მფლობელობაში წყალმომარაგების ქსელი არ გააჩნია ...ის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, რის გამო არ აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს თ. ხ-იის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე წყალმომარაგების ქსელის მიერთება, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2022წ. განჩინება;

3. შპს „ს...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.01.2023წ. №230112183327441 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი