საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-879(კ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. გ-ა, ვ. ხ-ი, ა. გ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 1 სექტემბერს ზ. გ-ამ, ვ. ხ-იმა და ა. გ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ზ. გ-ა წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელიც 1993 წლიდან სახელმწიფოს მიერ ჩასახლებულია ...ზე, სასტუმრო „ო...ში“, №310 ოთახში, სადაც იგი უწყვეტად ცხოვრობს. ზ. გ-ას ოჯახი შედგება 3 წევრისგან - თვითონ, მეუღლე ვ. ხ-ი და მცირეწლოვანი შვილი ა. გ-ა, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
მოსარჩელეებმა ასევე განმარტეს, რომ ზემოაღნიშნულ სასტუმროში მათი საცხოვრებელი პირობები არის ძალიან მძიმე, თავად კორპუსი კი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი, რის გამოც სახელმწიფომ 2021 წლიდან დაიწყო ...ში მცხოვრებ დევნილთა პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე უზრუნველყოფა საცხოვრისით. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის 4 მარტის №03/5014, 2022 წლის 2 ივნისის №03/11444 და 2022 წლის 5 ივლისის №IDP 32200073286 აქტებით ზ. გ-ას და მის ოჯახს უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ჯანმრთელობისთვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში ფაქტობრივი არცხოვრების გამო.
მოსარჩელემ, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 მარტის №03/5014, 2022 წლის 2 ივნისის №03/11444 და 2022 წლის 5 ივლისის №IDP 3 22 00073286 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კრიტერიუმების გარეშე მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ზ. გ-ას, ვ. ხ-ის და ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 მარტის №03/5014 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 2 ივნისის №03/11444 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 5 ივლისის №IDP 3 22 00073286 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, მოსარჩელეების სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ო...ის“ შენობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის №001357917 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიჩნეულ იქნა უვარგისად შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, რის საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 სხდომაზე სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა, სადაც ასევე დამისამართებული იყვნენ მოსარჩელეები, თუმცა ზ. გ-ას ოჯახის განსახლების საკითხი არსებითად არ იქნა განხილული ზემოაღნიშნულ სხდომაზე, მოსარჩელის ოჯახის ადგილზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამასთან, სააპელაციო საჩივარში სააგენტომ განმარტა, რომ ზ. გ-ას ოჯახი ადგილზე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა, ასევე, ოჯახის შესახებ არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არ მოიპოვებოდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად სააგენტოს მითითებისა მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელეების ადგილზე არ ყოფნის შესახებ, მარტოოდენ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მოსარჩელეთა მისამართზე არცხოვრების ფაქტის სარწმუნო მტკიცებულება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება (გარდა მოპასუხე მხარის ზეპირი განმარტებისა), რომელიც დაადასტურებდა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ო...ის“ შენობაში მოსარჩელეთა არცხოვრების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს შენობიდან გამოჰყავს ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ემსახურება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის არიდების მიზანს. ამდენად, სააგენტო აღნიშნავს, რომ თუ დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება, სააგენტო მას ვერ ჩააყენებს სხვა დევნილ ოჯახებთან პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ და ცალსახად ადასტურებდნენ რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სადავო ობიექტის ფაქტობრივად მაცხოვრებელს. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლომ არ მიუთითა თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა უკვე დახურულ ობიექტში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მას ობიექტის დახურვისას არ გამოუხატავს ინტერესი და დამატებით მონიტორინგის განხორციელება არ მოუთხოვია, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოჯახის შეუზღუდავად ცხოვრობდა ნათესავის სახლში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოსარჩელეებისთვის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3 - მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოსარჩელე ზ. გ-ას, ვ. ხ-ის და ა. გ-ას სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები, რომელთა თანახმად ისინი წარმოადგენენ აფხაზეთიდან დევნილებს, ხოლო მათ დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: ქ. თბილისი, ნაძალადევი, ...ის დასახლება, „ო...ი“. ამასთან, 2019 წლის 22 ოქტომბრის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ზ. გ-ას სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 5 ქულით.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ო...ის“ შენობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის №001357917 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უვარგისად იქნა მიჩნეული შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, რის საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 სხდომაზე სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა, სადაც ასევე დამისამართებული იყვნენ მოსარჩელეები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 21 თებერვალს, 2022 წლის 10 მაისსა და 2022 წლის 29 ივნისს მოსარჩელე ზ. გ-ამ განცხადებებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. თუმცა სააგენტოს 2022 წლის 4 მარტის №03/5014, 2022 წლის 2 ივნისის №03/11444 და 2022 წლის 5 ივლისის №IDP 3 22 00073286 აქტებით ზ. გ-ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის განსახლების საკითხი არსებითად არ იქნა განხილული, მოსარჩელის ოჯახის, რეგისტრირებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელეები რეალურად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში, რის დამადასტურებელ გარემოებადაც მიუთითეს ის ფაქტი, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს ზ. გ-ა და მისი ოჯახი არ იმყოფებოდნენ მისამართზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად, სხვა მტკიცებულებათა შეგროვების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
ამასთან მხედველობაშია მისაღები კომუნალური გადასახადების ქვითრები წლების მიხედვით - 2022 წლის 11 აგვისტომდე, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ. კ-ასა და გ. ქ-ას (სასტუმრო „ო...ის“ სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც უკვე დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართებით) მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს რომ ზ. გ-ა და მისი ოჯახი 1994 წლიდან უწყვეტად ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ო...ის“ შენობაში №310 ოთახში.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელეები შეუზღუდავად ცხოვრობენ ნათესავის სახლში, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირის (განსახილველ შემთხვევაში - ნათესავის) საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე ვალდებულია მასთან მცხოვრებ დევნილ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე