Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1261(2კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - ზ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, საშვებულებო თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 25 მაისს ზ. ც-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 15 მარტის №385 ბრძანების ბათილად ცნობა, ...ის თანამდებობაზე აღდგენა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იძულებით განაცდური ხელფასის, 2021 წლიდან ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებისა და გასაცემი ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, ზ. ც-ეის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების - 116.65 ლარის ანაზღაურება; ზ. ც-ეის სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურისა და ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ზ. ც-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზ. ც-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ზ. ც-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით გასაცემი თანხის (თანამდებობრივი სარგო თვეში 700 ლარის) ანაზღაურება 2021 წლის 15 მარტიდან - 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე; დანარჩენ ნაწილში ზ. ც-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ზ. ც-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ზ. ც-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის დედნის სახით საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ზ. ც-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის დედნის სახით საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის - ზ. ც-ეის წარმომადგენელს მ. ზ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2022 წლის 14 დეკემბერს და ჩაჰბარდა მ. ზ-ეის დედას (პ/ნ ...) (ს.ფ. 284-285; ტ.2) 2022 წლის 19 დეკემბერს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2022 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო და 2022 წლის 29 დეკემბერს (ხუთშაბათი) ამოიწურა. საქმეშია ასევე რწმუნებულება, რომლის შესაბამისად, მ. ზ-ეს ზ. ც-ეისგან (ს.ფ.47-49, ტ.1) წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით, რწმუნებულება ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით. კასატორმა კი, ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც ზ. ც-ეის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ც-ეის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე