სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ
საქმე №ბს-1026(3კ-18) 27 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - გ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
განმცხადებლის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. ა-ემ 17.08.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.04.2017წ. №28 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გ. ა-ეის ნაწილში, აგრეთვე ქ. ბათუმში, ...ის პირველ ჩიხში მდებარე 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გ. ა-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თვითმმართველი ქალაქი ბათუმი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.04.2017წ. №28 საოქმო გადაწყვეტილება გ. ა-ეის ნაწილში, მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, ქ. ბათუმში, ...ის პირველ ჩიხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გ. ა-ეის განცხადებაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკვებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.11.2017წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გ. ა-ემ.
საკასაციო სასამართლოს 01.11.2018წ. განჩინებით გ. ა-ეის განცხადება დაკმაყოფილდა და გ. ა-ეის საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, მის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლოს 17.10.2019წ. განცხადებით მომართა გ. ა-ემ, რომელმაც მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების სახით მესამე პირის - თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ არსებობს ნაკვეთის გასხვისების რეალური საფრთხე, რადგან მერიის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვა, იგეგმება ნაკვეთის დანაწევრება და აუქციონზე რეალიზაცია, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2019წ. განჩინებით, გ. ა-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე 648 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ...).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2022წ. განჩინებით (საქმე №ბს-1026(3კ-18)), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მონაცემებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2022წ. განჩინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.11.2017წ. გადაწყვეტილება.
თ. შ-ემ, როგორც გ. ა-ეის წარმომადგენელმა, 24.10.2023წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა 28.10.2019წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. განცხადებას ერთვის საკასაციო სასამართლოს 28.10.2019წ. განჩინების ასლი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის 18.10.2023წ. გადაწყვეტილება, მინდობილობა და სახელმწიფო ბაჟის (50ლ) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო სასამართლოს 03.11.2023წ. განჩინებით, 24.10.2023წ. განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და გ. ა-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარმოდგენა.
14.11.2023წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ა-ეის წარმომადგენელმა დ. ა-ემ და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 28.10.2019წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მითითებულ საქმეზე დავა საბოლოოდ გადაწყდა გ. ა-ეის სასარგებლოდ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 06.06.2023წ. განკარგულებით აღიარა გ. ა-ეის საკუთრება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 896კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა. ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა უძრავ ნივთზე საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღის გამო, შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 648კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყადაღისაგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს გადამხდელს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოციზიურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები, მათ შორის მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მისი გაუქმება. სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლოს 28.10.2019წ. განჩინებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვისას დადგინდა მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ა-ეის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკეთუ გასხვისებული იქნება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მოსარჩელე ვეღარ შეძლებს მისი სასამართლო წესით აღიარებული უფლების რეალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში 14.11.2023წ. განცხადებაში გ. ა-ეის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დავის გ. ა-ეის სასარგებლოდ დასრულების შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა და აღიარების კომისიამ მიიღო განკარგულება მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ასევე გასცა შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობა. განცხადებაზე დართული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.10.2023წ. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ გ. ა-ეის წარმომადგენელმა თ. შ-ემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მარეგისტრირებული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ყადაღა, რომლის რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.10.2019წ. განჩინება (საქმე №ბს-1026(3კ-18)), ყადაღის გაუქმებამდე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შეუძლებლობის გამო განმცხადებელს დაევალა საჯარო რეესტრში ყადაღის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მუდმივ ხასიათს არ ატარებს. უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირშია მოსარჩელის ინტერესების დაცვასთან. თუ მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ აღარ აქვს ინტერესი, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აღარ არსებობს სსკ-ის 191-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ა-ეის წარმომადგენელმა დ. ა-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით განახორციელა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - მოითხოვა მისი განცხადების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, შესაბამისად დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, ამასთან, სასარჩელო წარმოება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული ყადაღა, განმცხადებლის განმარტებით დასრულებულია, ხოლო საბოლოო სასამართლოს გადაწყვეტილება - აღსრულებული, რაც ასევე სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების არარსებობაზე მიუთითებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და გ. ა-ეის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს გადამხდელს, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 191-ე, 284-ე-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ეის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2019წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე 648 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ...);
3. თ. შ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მის მიერ 20.10.2023წ. №7979 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი