საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-573(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი - ვ.კ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 31 მარტს დ.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით, დ.კ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ გადაეგზავნა განსჯად - საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე დ.კ-ი არის გარდაცვლილ პ.კ-ის მემკვიდრე. როგორც მემკვიდრემ, 5010 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა №84 მიღება - ჩაბარების აქტის, ხოლო 723,61 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე (დარეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში ნაწილობრივ 321 კვ.მ. ს/კ. ...).
სარჩელის თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ, ზედდების მოტივით, რეგისტრაციის მიღმა დარჩა 1 232 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ემიჯნება (წარმოადგენს გაგრძელებას) რეგისტრირებულ 321 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ზემოაღნიშნული 1 232 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ვერ ხდება ზედდების გამო, უფლების დამდგენი დოკუმენტების არსებობის მიუხედავად.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 06 აპრილის განჩინებით, დ.კ-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის №... გადაწყვეტილებით წარმოშობილ საკუთრების უფლებაზე (საკადასტრო კოდი ...; მის. ჭიათურა, სოფელი ..., მესაკუთრე: ვ.კ-ი, პ/ნ ...) საკუთრების უფლების გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის და საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის - აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის წარმოშობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია და დაკმაყოფილება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 06 აპრილის განჩინებით, დ.კ-ის სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და ასევე საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნა ვ.კ-ი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით, დ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებებით და საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) ინტერესში შემავალ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებად რეგისტრაციასაც ითხოვდა 2016 წლის 29 ივლისის N... სარეგისტრაციო განაცხადით, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა, მამის - პ.კ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N84.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის მიღება - ჩაბარების აქტი გაცემულია 1997 წელს, მასში მითითებულია, რომ აქტის ადრესატს გადაეცა მიწის ნაკვეთები, რომელსაც რეფორმამდე ფლობდა, კერძოდ, 980 კვ.მეტრი, 3 380 კვ.მეტრი და 650 კვ.მეტრი. მიწის მიღება - ჩაბარების აქტი შეიცავს გრაფას რეფორმის შედეგად დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთების აღნიშვნის მიზნით, თუმცა ასეთ გრაფაში, კომლისთვის დამატებით მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე მითითება არ არის.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც დ.კ-მა 2016 წლიდან საჯარო რეესტრში წარადგინა 1 232 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით იყო ხარვეზიანი, არა მარტო მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, არამედ იმ მიზეზითაც, რომ მას უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე უკვე რეგისტრირებული ჰქონდა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი სრულად. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებები იყო განმცხადებლისთვის წარუმატებელი. რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას მასზე, რომ დამატებით გამოეყო 1 232 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის სრულად რეგისტრაციასაც საჯარო რეესტრში ვერ ახერხებს ვ.კ-ის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო, ასეთი მსჯელობა, სააპელაციო სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია და ვერ გაიზიარა.
პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, დ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც N... სარეგისტრაციო განაცხადით განხორციელდა 321კვ.მ. მიწის ფართობზე (ს/კ N ...), მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს დავის საგანს, თუმცა აღნიშნულ რეგისტრაციაზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ აპელანტს დამატებით ვ.კ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან ეკუთვნის სხვა მიწის ნაკვეთი (321 კვ.მ-ის მიმდებარედ და მის გაგრძელებაზე, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს) პალატამ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 321 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრს არ წარედგინა სარეგისტრაციო ობიექტის იდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გარეშეც საჯარო რეესტრის სამსახურმა ვერ მოახდინა რეგისტრაცია და 2020 წლის 23 იანვრის N... წერილით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მოითხოვა სარეგისტრაციო ობიექტის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა. 321 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია მხოლოდ 2020 წლის 22 ივლისს ზოგადი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ისე რომ არ იყო აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები, განხორციელდა დ.კ-ის სახელზე. მხედველობაში იქნა მიღებული ასევე ის გარემოება, რომ დ.კ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული იყო ჯერ კიდევ 2013 წლის 15 თებერვალს (რეესტრის N... პ.კ-ის სამკვიდრო მასაში შემავალ კონკრეტულ ქონებაზე, მათ შორის N84 მიწის მიღება - ჩაბარების აქტით მამკვიდრებლისთვის გადაცემულ სამ ერთეულ მიწის ნაკვეთზე - 980.00 კვ.მ., 3380.00 და 650.00 კვ.მ. რაც ჯამში შეადგენს 5 010 კვ.მ.-ს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქმის მასალებით ვერ დადასტურდა, რომ მოსარჩელეს კანონიერი უფლება გააჩნია მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე. მარტოოდენ 321 კვ.მ. მიწის ფართობზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ის ფაქტი, რომ აღნიშნულს ემიჯნება სადავო ფართობი, რომელიც მესამე პირის საკუთრებად არის რეგისტრირებული, პალატის მსჯელობით არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
რაც შეეხება 2000 წლის 20 ოქტომბრის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობას 723.61 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო მონაცემებით ...), რომელიც გაცემულია პ.კ-ის (დ.კ-ის მამკვიდრებლის) ოჯახზე, პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული სარეგისტრაციო მოწმობა არ აღმოჩნდა საკმარისი დ.კ-ის მიერ, N... განაცხადით მოთხოვნილი რეგისტრაციის განსახორციელებლად.
რაც შეეხება მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირის უფლების დამდგენ დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადავო რეგისტრაცია (მიღება - ჩაბარების N252 აქტი), სადაო მიწის ნაკვეთის დასახელება - ,, პ.კ-ის ...“ ნიშნავს, რომ ნაკვეთი ირიცხებოდა პ.კ-ის საკუთრებად, სადაც იგი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და რომ პ.კ-ი შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ აპელანტის სასარგებლოდ საქმის არსს არ ცვლის N252 აქტში მიწის ნაკვეთის ამგვარი დასახელებით მოხსენიება. მითითება ,, პ.კ-ის ...“ გამოყენებულია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის სიზუსტის აღმნიშვნელად და არ ადასტურებს მასზე დ.კ-ის კანონიერ უფლებას, მით უფრო, რომ მიწის მიღება - ჩაბარების აქტი სადავო არ გამხდარა. ის საკუთრების უფლების დამდგენი ძალმოსილი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ვ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ.კ-ის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო რეგისტრაცია ეფუძნება მესამე პირის - ვ.კ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტს, კერძოდ, 1998 წლის 26 თებერვლის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N252 აქტს, რომელშიც სადავო ნაკვეთი აღნიშნულია, როგორც „პ.კ-ის ...“. მისივე მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ აღნიშნული ჩანაწერის ისეთ ინტერპრეტაციაზე, თითქოს მითითებული ჩანაწერი აღნიშნავდა ნაკვეთის მხოლოდ ადგილმდებარეობას, ხოლო ნაკვეთი იყო კასატორის მამკვიდრებლისთვის ჩამორთმეული ან ადგილმონაცვლეობით შეცვლილი. კასატორი მიიჩნევს, რომ, მსგავსი დასკვნის ჩამოყალიბებისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა, რომ მამკვიდრებელს სადავო მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს, დათმო ან ადგილმონაცვლეობით შეეცვალა.
კასატორის მტკიცებით, მამკვიდრებელს 2000 წლის 10 ოქტომბრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების N... სარეგისტრაციო მოწმობით გათვალისწინებული 723.61 კვ.მ ფართობი (ს/კ...) არ ჩამორთმევია, არც დაუთმია და არც ადგილმონაცვლეობით შეუცვლია. მიიჩნევს, რომ ადგილმონაცვლეობის მტკიცებას საფუძველს აცლის არამარტო შესაბამისი მტკიცებულების არარსებობა, არამედ სადავო - 723.61 კვ.მ მიწის ფართობიდან საჯარო რეესტრის მიერ 321 კვ.მ ფართის რეგისტრაციის ფაქტი, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც 321 კვ.მ ფართის რეგისტრაცია განხორციელდა სწორედ 2000 წლის 10 ოქტომბრის N... მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული N... საკადასტრო კოდით და ასევე იმ გეოგრაფიულ მონაკვეთში, რომელიც ესაზღვრება გასაჩივრებული აქტით მესამე პირისათვის - ვ.კ-ისათვის რეგისტრირებულ უფლებას, „პ.კ-ის ...“ დასახელებულ მიწაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა მესამე პირს - ვ.კ-ს მართლაც ეკუთვნის მიწის ნაკვეთი „ პ.კ-ის ...“, მაგრამ, ვ.კ-მა სწორედ მისი საკუთრება შეიყვანა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთის ნახაზში, რადგან გააჩნდა ფინანსური დაინტერესება, წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიასთან სადავო მიწის ნაკვეთის შეთავაზებით.
რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მხარეს სადავო აქტის გასაჩივრების ვადა 2016 წლიდან უნდა აეთვალოს, რადგან მესამე პირის უფლების არსებობისა და ზედდების შესახებ მისთვის 2016 წლიდან გახდა ცნობილი, აღნიშნულზე კასატორი განმარტავს შემდეგს: დაინტერესებული პირის მიერ ინიცირებულ სარეგისტრაციო წარმოებაში, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან უარის თქმის თაობაზე აქტების მიღების დროს, შესაძლოა მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითოს ზედდების, ზედდებაში არსებული მესაკუთრის, მისი პირადი ნომრის, ზედდების გამომწვევი აქტის სარეგისტრაციო ნომრისა თუ მიღების თარიღის შესახებ, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ სწორედ ამ მომენტიდან აითვლება გასაჩივრების ვადა. მისივე მსჯელობით, შეტყობინება იმ გარემოებაზე, რომ რეგისტრაციას ხელს უშლის სხვა ნაკვეთზე რეგისტრირებული უფლება, იმთავითვე არ წარმოშობს გასაჩივრების ვადას, ვინაიდან, აქტის გასაჩივრების ვადა აითვლება არა აქტის ბუნებაში არსებობის შეტყობინების, არამედ აღნიშნული აქტის გადაცემის მომენტიდან. გასასაჩივრებელი აქტი კი კასატორს გადაეცა საჯარო რეესტრის 2021 წლის 19 თებერვლის N... წერილობითი პასუხით, რომელიც წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 25 მარტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორი არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ გასულია გასაჩივრების ვადა ან მოთხოვნა ხანდაზმულია.
აქვე, წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ რეგისტრირებულია 312 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კასატორის მსჯელობით, პრეტენზია მდგომარეობს 723.61კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებაზე, აკონკრეტებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული 312 კვ.მ წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, აღნიშნულის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 321 კვ.მ და შესაბამისად, სხვაობა შეადგენს 402.61 კვ.მ. და არა 411.61 კვ.მ-ს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება თუ რატომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეცვლის/გაუქმების საფუძველი უნდა ყოფილიყო მყარად და დამაჯერებლად ჩამოყალიბებული და დასაბუთებული შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით. მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია და იკვეთება დასაშვებობის კანონით გათვალისწინებული ჩამოთვლი საფუძვლებიდან ორი მნიშვნელოვანი საფუძველი, კერძოდ, მიიჩნევს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას და ასევე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ სადავოდ ქცეული 2016 წლის 1 ივნისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოცემულია ვ.კ-ის 2016 წლის 27 მაისის N... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვდა ჭიათურაში, სოფელი ...ში მდებარე 912 კვ.მ. (ზონა: ჭიათურა, სექტორი: ...) სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტებას. სარეგისტრაციოდ სამსახურს წარედგინა შემდეგი დოკუმენტები: მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა, მიღება ჩაბარების აქტი და ც.კ-ის გარდაცვალების მოწმობა. მითითებული გადაწყვეტილებით, 2015 წლის 29 ოქტომბრის №... საარქივო ცნობის და მიწის მიღება - ჩაბარების N252 აქტის საფუძველზე, 912.00 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ვ.კ-ის საკუთრებად საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა N...).
საქმეში წარდგენილი 2015 წლის 20 ოქტომბრის №... საარქივო ცნობით ირკვევა, რომ საჩხერის არქივში დაცული ...ის სოფელ ...ში 1986 - 1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ც.კ-ის სახელზე (ვ.კ-ის დედა) ირიცხებოდა კომლი, რომლის წევრებს წარმოადგენდნენ: თვით ც.კ-ი, ვ.კ-ი. 1996 - 2000 წლების ამავე საკომლო წიგნის ჩანაწერებით კი ირკვევა, რომ აღნიშნული კომლის შემადგენლობაშია ც.კ-ი და ვ.კ-ი, ხოლო კომლის უფროსის ც.კ-ის გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 2000 წლის 25 ნოემბერს) 2001 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერების შესაბამისად, კომლის ერთადერთ აქტიურ წევრად ფიქსირდება ვ.კ-ი.
დადგენილია, რომ 1998 წლის 26 თებერვალს ც.კ-ის (ვ.კ-ის დედის) სახელზე გაცემულია მიწის ნაკვეთის №252 მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ც.კ-ის კომლისათვის დამატებით გამოიყო 912 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მითითებით - ,,პ.კ-ის ...“.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში მითითებულია, რომ ჭიათურაში, სოფელ ...ში მდებარე ზემოხსენებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით: ...) 2000 წლიდან სისტემური რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული იყო ც.კ-ის ოჯახის საკუთრებად. სააღრიცხვო ბარათი შეიცავს რეგისტრატორის ხელმოწერასა და სამსახურებრივ ბეჭედს. აღნიშნული დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია ვ.კ-ის 2016 წლის 27 მაისის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტებისთვის საკმარის საფუძვლად და განახორციელა შესაბამისი რეგისტრაცია საკადასტრო კოდზე - ... (ნაკვეთის წინა N...). როგორც საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს აღნიშნული რეგისტრაცია უკანონოდ განხორციელდა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, კერძოდ, მისი (კასატორი) კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირდა მესამე პირს და სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო ვერ განხორციელდა საკუთარი 1 232.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სრულად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 3 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა დ.კ-ის N... განცხადება, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით (მდებარე ჭიათურა სოფელი ... 1232.5 კვ.მ. ზონა: ჭიათურა, სექტორი: ...). განცხადებაზე თანდართული იქნა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სარეგისტრაციო მოწმობა, აზომვითი ნახაზი და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დართული იყო N... სარეგისტრაციო განაცხადზე. საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ვ.კ-ის საკუთრების უფლება საკადასტრო კოდით .... გარდა ამისა განაცხადის რეგისტრაციის ნომერზე N... წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტით, მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით, ყველა ნაკვეთი რეგისტრირებულია.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტზე სადაც განმარტებულია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს დ.კ-მა N... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების (მდებარე ჭიათურა სოფელი ... 5 010 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და დაურეგისტრირდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5 010.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N01 შენობა - ნაგებობით (ფართობი - 145.2 კვ.მ) და N02 შენობა - ნაგებობით (ფართობი 59.2 კვ.მ.). რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია - სამკვიდრო მოწმობა (N..., 15.02.2013წ) და N84 მიწის მიღება - ჩაბარების აქტი. რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი - ...
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ დ.კ-მა, როგორც მამის, პ.კ-ის მემკვიდრემ, მამკვიდრებლის სახელზე გაცემული №84 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტრირა მითითებული უძრავი ქონება. გარდა აღნიშნულისა, დ.კ-მა რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 3 აგვისტოს N... გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 321.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში იმავე N84 მიწის მიღება - ჩაბარების აქტის, 2020 წლის 17 იანვრის N... საარქივო ცნობისა და 2020 წლის 22 ივლისის N... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა N...).
საკასაციო პალატის მსჯელობით, ცალსახაა, რომ N... სარეგისტრაციო განაცხადზე, რაზედაც 2016 წლის 3 აგვისტოს ... გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაზე უარით დასრულდა წარმოება და ვ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავა დაიწყო მოსარჩელემ, არ წარდგენილა რაიმე ახალი სარეგისტრაციო დოკუმენტი (რაც არ ყოფილა წარდგენილი 2015 წლის 10 აგვისტოს N... სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ, მართებულად დადგინდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის (კასატორი) ინტერესში შემავალ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებად რეგისტრაციასაც ითხოვდა მხარე 2016 წლის 29 ივლისის N ... სარეგისტრაციო განაცხადით, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა, მამის - პ.კ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N84. აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტი გაცემულია 1997 წელს. მითითებულია, რომ აქტის ადრესატს გადაეცა მიწის ნაკვეთები, რომელსაც იგი რეფორმამდე ფლობდა, კერძოდ, 980 კვ.მეტრი, 3 380 კვ.მეტრი და 650 კვ.მეტრი. მიწის მიღება - ჩაბარების აქტი შეიცავს გრაფას რეფორმის შედეგად დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთების აღნიშვნის მიზნით, თუმცა გრაფაში, კომლისთვის დამატებით მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, მითითება არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წელს კასატორმა (მოსარჩელემ) არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს 1 232 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით (განაცხადები: N..., 03.08.2016წ და ..., 29.07.2016წ.) აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, დ.კ-ისათვის, როგორც განმცხადებელი მხარისთვის ცნობილი იყო, რომ სარეგისტრაციო ობიექტის საკადასტრო მონაცემებს ზედდება დაუდგინდა ვ.კ-ის საკუთრებად ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რაზეც ნოტარიუსთან დანიშნულ მედიაციაზე მხარეები არ გამოცხადდნენ, ასევე ცნობილ იყო ის, რომ საჯარო რეესტრის სამსახური რეგისტრაციაზე უარს აცხადებდა იმ საფუძვლითაც, რომ განმცხადებელს (დ.კ-ს) უფლების დამდგენი დოკუმენტით, მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით, ყველა ნაკვეთი რეგისტრირებული ჰქონდა.
ყველა სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც დ.კ-მა 2016 წლიდან საჯარო რეესტრში წარადგინა 1 232 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით იყო ხარვეზიანი არა მარტო მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, არამედ იმ მიზეზითაც, რომ მას უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე უკვე რეგისტრირებული ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი სრულად, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებები იყო განმცხადებლისთვის წარუმატებელი. ერთ - ერთ მათგანზე (განაცხადი N..., 03.08.2016წ) მიღებული გადაწყვეტილება საჩივრით გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 2017 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილებით. რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ 1 232 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო დამატებით, რომლის სრულად რეგისტრაციასაც საჯარო რეესტრში ვერ ახერხებს ვ.კ-ის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო, აღნიშნული მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მომზადებულ, საქართველოს ეროვნული არქივის 2020 წლის 17 იანვრის ... წერილზე, სადაც მითითებულია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ჭიათურის რაიონის, ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს, სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია პ.კ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პ.კ-ი - ოჯახის უფროსი; თ.კ-ი - ცოლი; დ.კ-ი - შვილი, გადახაზულია, აქვეა ჩანაწერი: ვინაიდან ფაქტობრივად წასულია 1986 წელს და არ ცხოვრობს (ჩანაწერი შესრულებულია ფანქრით და რთულად იკითხება). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება, 1986-1990 წლების მონაცემებით, საცხოვრებელი სახლი სასარგებლო ფართით 90 კვ.მ. აგებული 1979 წელს და 1986-1990 წლებში 025 (ასეა დოკუმენტში) ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ინფორმაცია 1991-1995 წლებში კომლზე რიცხული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის შესახებ რეგისტრირებული არ არის. ...ის საკრებულოს, სოფელ ...ის, 1996-2000 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია პ.კ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პ.კ-ი - ოჯახის უფროსი; თ.კ-ი - ცოლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართია - 80 კვ.მ. (აგების წელი და საკუთრების ფლობის თარიღი არ არის მითითებული). ინფორმაცია 1996 - 2000 წლებში კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ, რეგისტრირებული არ არის. ...ის საკრებულოს, სოფელ ...ის, 2001 - 2006 წლების საკომლო წიგნში, უფროსად ჩაწერილია პ.კ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პ.კ-ი - ოჯახის უფროსი; თ.კ-ი - ცოლი. ინფორმაცია, 2001 - 2006 წლებში კომლზე რიცხული ქონების შესახებ, რეგისტრირებული არ არის. ...ის საკრებულოს მიწის მიღება - ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები, გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო და საგადასახადო სიები, 2007 წლის საკომლო წიგნები, ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა. ამავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან სარეგისტრაციო სამსახურს მიეწოდა ინფორმაცია პ.კ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ, რაც შეადგენს 5 000 კვ.მ-ს (საგადასახადო სიის N321).
საკასაციო პალატის მსჯელობით, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ N... სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოება დასრულდა რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 3 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით წარედგინა 2020 წლის 22 ივლისის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ.კ-მა მიიღო მემკვიდრეობა პ.კ-ის ქონებრივ უფლებებსა (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობებზე (სამკვიდრო პასივი), რომლებიც პ.კ-ს გააჩნდა გარდაცვალების (29.07.2012 წ.) დროისთვის. მართალია, დ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც N... სარეგისტრაციო განაცხადით განხორციელდა 321 კვ.მ. მიწის ფართობზე (ს/კ N...) მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულ რეგისტრაციაზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ დ.კ-ს დამატებით, ვ.კ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, ეკუთვნის სხვა მიწის ნაკვეთი, კერძოდ, 321 კვ.მ-ის მიმდებარედ, როგორც ამას კასატორი აღნიშნავს დაუსაბუთებელია. გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობა, რომ 321 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრს არ წარედგინა სარეგისტრაციო ობიექტის იდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გარეშეც საჯარო რეესტრის სამსახურმა ვერ მოახდინა რეგისტრაცია და 2020 წლის 23 იანვრის N... წერილით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მოითხოვა სარეგისტრაციო ობიექტის უფლების დამადგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა. სახეზეა ის გარემოება, რომ 321 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დ.კ-ის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა მხოლოდ 2020 წლის 22 ივლისის ზოგადი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ისე რომ არ იყო აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ დ.კ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული იყო ჯერ კიდევ 2013 წლის 15 თებერვალს (რეესტრის N... პ.კ-ის სამკვიდრო მასაში შემავალ კონკრეტულ ქონებაზე, მათ შორის N84 მიწის მიღება - ჩაბარების აქტით მამკვიდრებლისთვის გადაცემულ სამ ერთეულ მიწის ნაკვეთზე - 980.00 კვ.მ., 3380.00 და 650.00 კვ.მ. რაც ჯამში შეადგენს 5 010 კვ.მ.-ს.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება კასატორის (მოსარჩელის) კანონიერი უფლების არსებობა მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე. მარტოოდენ 321კვ.მ. მიწის ფართობზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ის ფაქტი, რომ აღნიშნულს ემიჯნება სადავო ფართობი, რომელიც მესამე პირის საკუთრებად არის რეგისტრირებული, არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარის საფუძველს.
რაც შეეხება 2000 წლის 20 ოქტომბრის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობას 723.61 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემებით ..., რომელიც გაცემულია პ.კ-ის (დ.კ-ის მამკვიდრებლის) ოჯახზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მითითებული სარეგისტრაციო მოწმობა არ აღმოჩნდა საკმარისი დ.კ-ის მიერ N... განაცხადით მოთხოვნილი რეგისტრაციის განსახორციელებლად. სამსახურმა შეაჩერა წარმოება და სარეგისტრაციო ობიექტის იდენტურობის დასადგენად ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოითხოვა სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული და დ.კ-ის მიერ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნივთის იდენტურობის დადასტურება, თუმცა მოგვიანებით სარეგისტრაციო სამსახურმა იდენტურობის დოკუმენტის გარეშე განახორციელა რეგისტრაცია. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოება განაახლა და რეგისტრაცია 321.00 კვ.მ. მიწაზე განახორციელა ზოგადი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელშიც სარეგისტრაციო ობიექტის რაიმე მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა არ ყოფილა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის იმ განმარტებას, რომ მესამე პირის უფლების დამდგენ დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია (მიღება - ჩაბარების N252 აქტი) სადავო მიწის ნაკვეთის დასახელება - ,,პ.კ-ის ...“ ნიშნავს, რომ ნაკვეთი ირიცხებოდა პ.კ-ის საკუთრებად, სადაც იგი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და რომ პ.კ-ი შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ კასატორის სასარგებლოდ საქმის არსს არ ცვლის N252 აქტში მიწის ნაკვეთის ამგვარი დასახელებით მოხსენიება. შედეგის გაზიარებასთან ერთად, საკასაციო პალატა იზიარებს იმ განმარტებას, რომ მითითება ,,პ.კ-ის ...“ გამოყენებულია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის სიზუსტის აღმნიშვნელად და არ ადასტურებს მასზე დ.კ-ის კანონიერ უფლებას, მით უფრო, რომ მიწის მიღება - ჩაბარების აქტი სადავო არ გამხდარა, ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ვ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლს (სადავო რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედი), სადაც კანონმდებელმა განმარტა, რომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ.კ-მა საჯარო რეესტრს წარუდგინა ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც საკმარისი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარდგენილი განაცხადი იყო სრულყოფილი, გამომდინარეობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან, არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თუ შეწყვეტის საფუძველი, რაც გულისხმობს, რომ არ გამოვლენილა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების დამაბრკოლებელი გარემოებები (21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები), მარეგისტრირებელმა ორგანომ წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე 2016 წლის 1 ივნისს სწორად მიიღო N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
საკასაციო პალატა შეჯამების მიზნით მიუთითებს, რომ სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი ვ.კ-ის უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის ის გარემოებაც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიწის ნაკვეთის, კერძოდ, 321 კვ.მ ნაცვლად მითითებულია 312 კვ.მ მეტრი, რაც წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, დ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, დ.კ-ს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 4 მაისს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება.
3. დ.კ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 4 მაისს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე