Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-188(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ბ-ის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები: (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 19 ოქტომბერს ზ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ 2020 წლის 12 აგვისტოს N... და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2020 წლის 11 სექტემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. გორი, ...ის ქუჩა N3, ბინა N9 (ს/კ N...), ყადაღის რეგისტრაციის შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, ზ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ყადაღის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ კი, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტებზე, მე-8 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტზე და აღნიშნა, რომ ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო ინსტანციაში აპელანტი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ თვითონ უნდა შეაფასოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შენარჩუნების საფუძვლიანობა, მიზანშეწონილობა, ხანდაზმულობა და ა. შ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული არგუმენტი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოების განხორციელებისას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იგი პასუხს არ აგებს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობისა და სისწორისთვის. ისეთ ვითარებაში, როდესაც ყადაღა რეგისტრირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია მისი რევიზიის და ამ აქტით გამოყენებული უფლებრივი შეზღუდვის თავისი ინიციატივით გაუქმების უფლებამოსილება. მარეგისტრირებელი ორგანო ვერ მისცემს სამართლებრივ შეფასებას სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყენებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის კანონიერებას, თუნდაც გადაწყვეტილების აღუსრულებლობის პირობებში, რადგან ამგვარი უფლებამოსილება კანონმდებლობით მას მინიჭებული არ აქვს. პალატამ მიუთითა, რომ ზ. ბ-ის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამ ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სასამართლოს მიერ ზ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში და შესაბამისად, ამ ფარგლებში გამოყენებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმება-არგაუქმების საკითხი უნდა გადაწყდეს კვლავ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე. საჯარო რეესტრის სამსახური უფლებამოსილი იქნება იმსჯელოს სადავო საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმების შესახებ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილისა და 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებებით, ზ. ბ-ის შუამდგომლობები უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ წარდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდებოდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით გამოყენებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, მიღებული არ არის.

ასევე, რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის (სამართლებრივი სახელმწიფო) თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სამართლის ანალოგია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი. მოცემულ შემთხვევაში კი, არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებზე დაყრდნობის საფუძველი სახეზე არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს აპელანტის არგუმენტების გაზიარების საფუძელი. კერძოდ, პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილზე, 185-ე, 201-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერად იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 სექტემბრის N... გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის გორში, ...ის ქ. № 3/9-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე აღრიცხული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის - ყადაღის შეწყვეტის დავალების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა.

კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო ურთიერთობისა და დავების განხილვის მიზნით არსებობს სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დავები ათწლეულობით და ოცწლეულობით ვერ გაგრძელდება და კონკრეტული დავა უნდა გადაწყდეს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზ. ბ-ი არის უძრავი ქონების მესაკუთრე, მაგრამ ვერ ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებას, რადგან უძრავი ქონებით მხოლოდ სარგებლობა და მისი ფლობა არ ნიშნავს სრულფასოვან მესაკუთრეობას, თუ მას არ ექნება განკარგვის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და ასევე, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება. კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ზ. ბ-ი ქონებას გააჩუქებს ან მისი მემკვიდრე მიიღებს მემკვიდრეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ზ. ბ-ის გირაოს უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული ყადაღა, საჯარო რეესტრის მონაცემებში კვლავ იქნება დაფიქსირებული. ამდენად, თუ კონსტიტუციისა და კონვენციის შესაბამისად, სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, უძრავ ქონებაზე სამუდამოდ იქნება რეგისტრირებული ყადაღა და იარსებებს საკუთრების უფლების ხარვეზი, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ქონება ზ. ბ-ის სიცოცხლის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არ მიქცეულა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო ფორმალისტურად მიუდგა დავის საგანს და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების ციტირება მოახდინა თითქოსდა გადაწყვეტილების კანონიერების დასასაბუთებლად, რაც ასე არ არის, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, როდესაც ყადაღა სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე იყო დადებული. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლო არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ დაცული იყოს პირის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი ვალდებული იქნება აღასრულოს გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორში, ...ის ქ. №3/9-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ზ. ბ-ის სახელზე. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით, ზ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 4 000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო გორში, ...ის ქ. №3/9-ში მდებარე ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას. ყადაღა რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით, ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, ...ის ქუჩა №3/9, მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ცვლილება შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენში: ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ამავე განაჩენით დადგინდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორი, ...ის ქუჩა №3/9, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ზ. ბ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი. ამასთან, 2009 წლის 24 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფერენტის მიმართვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი ზ. ბ-ის მიმართ, შესაბამის განკარგულებასთან ერთად, აღსასრულებლად გადაეგზავნა შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 ივლისის N34978 წერილის თანახმად, რეფერენტის 2009 წლის 24 თებერვლის მიმართვით გადაგზავნილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, მოვალე ზ. ბ-ის მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არც მიმდინარე და არც დასრულებულ სააღსრულებო წარმოების მასალებში არ მოიძებნა.

დადგენილია, რომ ზ. ბ-ი გარდაიცვალა 2019 წლის 11 აპრილს, რომლის სამკვიდრო მიიღო ზ. ბ-მა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ზ. ბ-ის სახელზე რიცხული, გორში, ...ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ N...) 2019 წლის 24 ოქტომბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. ბ-ის სახელზე. ამ ქონებაზე გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით ზ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღა რეგისტრირებული დარჩა.

ასევე დადგენილია, რომ ზ. ბ-მა 2020 წლის 10 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. გორი, ...ის ქ. №3, სართული 3, ბინა 9 (ს/კ N...) ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში არ მიქცეულა, ეს ვერც მოხდება სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო და გასულია ხანდაზმულობის ვადებიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული, კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტი ყადაღის გაუქმების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ზ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ“ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით (უცვლელი დარჩა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, 2020 წლის 11 სექტემბრის №... სადავო გადაწყვეტილებით), ზ. ბ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული, კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი დოკუმენტი ზ. ბ-ის მიერ არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სამართალწარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი. მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის და 6 ოქტომბრის განჩინებები, რომელთა თანახმად, ზ. ბ-ის შუამდგომლობა ზ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის სანაცვლოდ, ქ. გორში, ...ის ქუჩა N3/9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის გაუქმების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აქვე საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე კასატორის არგუმენტაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მართალია საკუთრების უფლება დაცულია როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება ვერც ადმინისტრაციული ორგანოს და ვერც სასამართლოს მიერ, კანონით პირდაპირ დადგენილი, სპეციალური რეგულაციების (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი) უგულებელყოფის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ფორმას, საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვას კი წარმოადგენს ყადაღა, რომელიც უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. გორი, ...ის ქ. №3, სართული 3, ბინა 9 (ს/კ N...) წარმოიშვა/დარეგისტრირდა ამავე ქონებაზე ჯერ კიდევ ზ. ბ-ის საკუთრების უფლების წარმოშობამდე/რეგისტრაციამდე. აღსანიშნავია, რომ ყადაღა რეგისტრირებულია გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, პირდაპირ დადგინდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორი, ...ის ქუჩა №3/9, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ნივთზე ყადაღის წარმოშობის საფუძველი - სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, ვერ შეფასდება/გაუქმდება/შეიცვლება ვერც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ვერც სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს. მოცემულ შემთხვევაში კი, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ გააჩნია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული აქტის რევიზიის საპროცესო შესაძლებლობა, მიუხედავად კასატორის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვაზე მითითებისა.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის მიერ იმ გარემოებებზე მითითებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, მოვალე ზ. ბ-ის მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არც მიმდინარე და არც დასრულებულ სააღსრულებო წარმოების მასალებში არ იძებნება, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტის უგულებელყოფის საფუძველს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს ძალაში მყოფი სასამართლო აქტი უძრავ ნივთზე ყადაღის დადების თაობაზე, ანუ არსებობს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფუძველი, ამ საფუძვლის შესაბამისი წარმოების წესით გაუქმების გარეშე, არც მარეგისტრირებელი ორგანო და არც სასამართლო არ არის უფლებამოსილი გააუქმოს ყადაღის რეგისტრაცია ან დაავალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ზ. ბ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 11 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება.

3 ზ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 11 მაისის N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე