№ბს-1065(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 აპრილის №580 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება შ.ნ-ის განცხადება, ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №62ბ-ში (საერთო ფართობი 4313,00 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ.ნ-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 აპრილის №580 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ.ნ-ის საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელებიც გამორიცხავენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 აპრილის №580 განკარგულებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძველზე მითითებით, რომ განმცხადებლის განმარტებითა და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, საერთო ფართობი - 4313.00 კვ. მ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დასტურდებოდა კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „...ის“ ფლობა-სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, კომისიის სხდომაზე განმცხადებელმა თავადვე განმარტა, რომ იგი იყო შპს „...ის“ 100%-იანი წლის მფლობელი და 2005 წელს შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ობიექტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (2011 წლის 26 იანვრის მდგომარეობით) დგინდება, რომ შ.ნ-ე არის შპს „...ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 31.08.1995; იურიდიული მისამართი: თბილისი, ...ის გზატკ. №62) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და 100%-იანი წილის მესაკუთრე/პარტნიორი. შესაბამისად, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა შ.ნ-ის, როგორც ფიზიკური პირის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, საერთო ფართობი - 4313.00 კვ. მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, კომისია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს იმსჯელოს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №62-ში მდებარე მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა სამეწარმეო იურიდიული პირი - შპს „...“, ხოლო შ.ნ-ე კი წარმოადგენდა 100%-იანი წილის მესაკუთრეს, აღნიშნული ცალსახად გამორიცხავდა ფიზიკური პირის - შ.ნ-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს შ.ნ-ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ (ფართი 4313 კვ.მ). საქმეში დაცულია ფიზიკური პირების - ა.ს-ის, ი.თ-სა და ნ.კ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მათი მეზობელი - შ.ნ-ე 1995 წლიდან ფლობს და სარგებლობს 4313 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გზატ. №62ბ. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ყ...ის“ მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს გაცემული №... წერილი, რომლის თანახმად, შ.ნ-ეს გაეგზავნა მისი პირადი ბარათი №..., რომლითაც დგინდება, რომ 2007 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრის პერიოდით (განაცხადის წარდგენის პერიოდამდე), მისამართზე თბილისი, ...ის გზატკეცილი შენობა №62, №... აბონენტად ფიქსირდება შ.ნ-ე (ს.ფ. 14, 22-29). საქმეში წარმოდგენილია, სს „ე...ში“ აბონენტ შ.ნ-ის (აბ. №...) ბრუნვის ისტორია 2014 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 30 სექტემბრამდე (ს.ფ. 30-33). საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სს „ თ...დან“ და შპს „ყ...იდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, 2000 წლიდან დღემდე ვინ ან რომელი იურიდიული პირი იყო/არის აბონენტად რეგისტრირებული უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, წარმოდგენილია შპს ,,თ...ის’’ 2019 წლის 21 ნოემბრის №... წერილი, რომლის თანახმად, შპს „თ...ის“ მონაცემთა ბაზის მიხედვით - თბილისში, ...ის გზატკეცილი №62ბ-ში აბონენტი არ ფიქსირდება. ამასთან, მოქალაქე შ.ნ-ე წარმოადგენს კომპანიის აბონენტს და 2007 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მისამართზე - თბილისი, ...ის გზატკეცილი №62 (ს.ფ. 264). სს „თ...ს“ 2019 წლის 21 ნოემბრის №... წერილის თანახმად, № ... სააბონენტო ბარათი სს „თ...ს” მონაცემთა ბაზაში გახსნილია 30/06/2001 წელს და მასზე სს „თ...ს” აბონენტად რეგისტრირებულია - ი.მ. ს-ი ...ის წარმოება, მის: ...ის გზატკეცილი №67, ხოლო მისამართი - ...ის გზატკეცილი №62ბ, სს „თ...ს” მონაცემთა ბაზაში არ იძებნება. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია შ.ნ-ის 2017 წლის 26 ოქტომბრის განცხადება, რომლითაც მან მიმართა სს ,,თ...ს’’ და აცნობა, რომ მისი სააბონენტო ნომერია ..., რომლითაც სარგებლობს 15 წელზე მეტია, თუმცა, მისამართზე - ...ის გზატკეცილი №67, ფიქსირდება ი.მ. ს-ის ...ის წარმოება, რაც განმცხადებლის მოსაზრებით, არ შეესაბამება რეალურ სიტუაციას. ამავე განცხადებით შ.ნ-ემ მოითხოვა ტექნიკური სამსახურის მიერ აბონენტის ზუსტი დამისამართება (ს.ფ. 269-270).
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოხსენებულ დოკუმენტებს არ მისცა არანაირი შეფასება შ.ნ-ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან თუ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იზიარებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მაშინ უნდა დაესაბუთებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, ის მოცემულობა, რომ მითითებულ მისამართზე აბონენტს წარმოადგენდა მხოლოდ შპს „...“ და არა ფიზიკური პირი - შ.ნ-ე. სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მხოლოდ იურიდიულ პირზე მითითებით არგუმენტირება ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ფიზიკურ პირთან - შ.ნ-ესთან დაკავშირებული საქმის გარემოებები. აღნიშნული კი მოწმობს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას, მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სრულყოფილად არ არის შესწავლილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელი, კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის დასაბუთებული, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა კომისია იმ დასკვნამდე, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შ.ნ-ის სახელზე უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმით დაირღვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის სადავო №580 განკარგულების ბათილად ცნობის პირობები. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შ.ნ-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №580 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს მოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ.ნ-ის საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს უშუალოდ ფიზიკური პირის, შ.ნ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კომისიის მიერ დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისა და განმცხადებლის განმარტების საფუძველზე, დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, საერთო ფართობი 4313.00 კვ.მ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დასტურდება კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „...ის“ ფლობა-სარგებლობის ფაქტი. განმცხადებელმა თავად განმარტა, რომ იგი იყო შპს „...ის“ 100%-იანი წილის მფლობელი და 2005 წელს შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ობიექტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (2011 წლის 26 იანვრის მდგომარეობით) დგინდება, რომ შ.ნ-ე არის შპს „...ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 31.08.1995; იურიდიული მისამართი: თბილისი, ...ის გზატკეცილი №62) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და 100%-იანი წილის მესაკუთრე-პარტნიორი. გარდა აღნიშნულისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის ქალაქგეგმარებითი დასკვნის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია სარეკრეაციო (რზ1) ზონაში, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის უარის თქმის საფუძველს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №580 განკარგულებით შ.ნ-ეს უარი ეთქვა ზემოთ აღნიშნულ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დასტურდებოდა არა შ.ნ-ის, არამედ კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „...ის“ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შ.ნ-ის, როგორც ფიზიკური პირის, სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს აპელირებას შპს „ ყ...ის“ 2017 წლის 2 ნოემბრის №... და სს „ე...ს“ 2017 წლის 26 ოქტომბრის №... წერილებზე, სადაც აბონენტად დაფიქსირებულია შ.ნ-ე, ეს მტკიცებულებები უტყუარად ვერ/არ ადასტურებენ შ.ნ-ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. როგორც მხარის მიერ არის აღნიშნული (რაც ასევე დასტურდება 2011 წლის 26 იანვრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირებდა შპს „...“ - სავაჭრო ობიექტი, რომელსაც განკარგავდა 100%-იანი წილის მესაკუთრე-პარტნიორი - შ.ნ-ე. შესაბამისად, ის ახორციელებდა ყოველგვარ უფლებამოსილებას, რაც დაკავშირებული იყო მიწის ნაკვეთის სარგებლობასთან (სადავო მიწის ნაკვეთზე (რომელზეც სავაჭრო ობიექტი მდებარეობდა) კომუნალური გადასახადების გადახდა, მოვლა-პატრონობა და სხვა).
კასატორის განმარტებით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „...ის“ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ფიზიკური პირი, თუნდაც კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს-ს) დირექტორი, რომელიც ახორციელებდა ამავე შპს-თან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, ვერ გახდება მისი უფლებამონაცვლე. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, კერძოდ, არასწორად განმარტა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც, მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამასთან, არ მიუთითა კონკრეტულად, რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის. გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როცა, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №580 განკარგულების კანონიერება და მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, ...ის გზატკეცილის №62ბ-ში, 4313.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შ.ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 14 ნოემბრის №375 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №56) შ.ნ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (...ის გზატკეცილი №64-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები წარმოადგენს სახელწმიფო საკუთრებას (ს.ფ. 84); ბ) 2017 წლის 1 დეკემბერს შ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 4313 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, (ს.ფ. 89, 90); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის №... წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გაეგზავნა შ.ნ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, ფართით 4313 კვ.მ (ს.ფ. 86); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №580 განკარგულებით შ.ნ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, საერთო ფართობი - 4313.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ს.ფ. 65-67); ე) ქ. თბილისის ...ის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცდა შპს „...ის“ წესდება, რომლის 1.4 პუნქტის თანახმად, საზოგადოების ადგილსამყოფელია: საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის გზატკეცილი №62 (ს.ფ. 170-182); ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 7 თებერვლის №9008/001-1ა/4-23 ბრძანების შესაბამისად, შპს „...“-ს სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში გატარდა ცვლილებები, კერძოდ, დამფუძნებელ - პარტნიორებმა: მ.ღ-ემ 34% წილის მფლობელმა, ღ.ბ-ამ 33% წილის მფლობელმა და თ.ხ-მა 33% წილის მფლობელმა, თავიანთი კუთვნილი წილები მთლიანად დაუთმეს ახალ პარტნიორს - შ.ნ-ეს დაბ. ... წელს ...ში. მცხ. თბილისი, ..., 3 მ/რ, მე-5 კვ., კორპ. №5, ბ. №97. პირადი №... გაც. 28.10.1996 წელს - წილი 100%. ამასთან, შეიცვალა დირექტორი და ახალ დირექტორად დაინიშნა შ.ნ-ე (ს.ფ. 183); ზ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (2011 წლის 26 იანვრის მდგომარეობით) თანახმად, შპს „...ის“ (ს/ნ ..., იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის გზატკ. №62, დაფუძნებულია 1995 წლის 31 აგვისტოს) დირექტორი არის შ.ნ-ე (ს.ფ. 156-157); თ) ი.თ-ს (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №64), ა.ს-ისა (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62) და ნ.კ-ას (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №39) ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში აღნიშნულია, მათი მეზობელი - შ.ნ-ე 1995 წლიდან ფლობს და სარგებლობს 4313 კვ.მ მიწის ნაკვეთითა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გზატ. №62ბ (ს.ფ. 91-92); ი) შპს „ყ...ის“ 2017 წლის 2 ნოემბრის №... წერილის თანახმად, შ.ნ-ე რეგისტრირებულია აბონენტად მისამართზე: თბილისი, ...ის გზატკეცილი, შენობა №62. სააბონენტო ნომერი .... აბონენტის ბარათი მოიცავს 2007 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრის პერიოდს (განაცხადის წარდგენის პერიოდამდე) (ს.ფ. 22-29); ი) შპს „თ...ის“ 2019 წლის 21 ნოემბრის №... წერილის თანახმად, შ.ნ-ე წარმოადგენს კომპანიის აბონენტს და 2007 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე - თბილისი, ...ის გზატკეცილი №62 (ს.ფ. 264).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომისიამ მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, საერთო ფართობი - 4313.00 კვ.მ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დასტურდება კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „...ის“ ფლობა-სარგებლობის ფაქტი. კომისიის სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ იგი იყო შპს „...ის“ 100%-იანი წილის მფლობელი და 2005 წელს შეიძინა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ობიექტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (2011 წლის 26 იანვრის მდგომარეობით) თანახმად, შ.ნ-ე არის შპს „...ის„ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 31.08.1995; იურიდიული მისამართი: თბილისი, ...ის გზატკ. №62) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და 100%-იანი წილის მესაკუთრე/პარტნიორი. შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს შ.ნ-ის, როგორც ფიზიკური პირის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62ბ, საერთო ფართობი - 4313.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამასთან, ვინაიდან, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, კომისია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს იმსჯელოს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოთ დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ.ნ-ე საკუთრების უფლების აღიარებას სადავო მიწის ნაკვეთზე ითხოვს, როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც შპს „...ის“ დირექტორი. შესაბამისად, შ.ნ-ის მიერ წარდგენილი მოთხოვნის პირობებში, უნდა დადგინდეს უშუალოდ განმცხადებლის - შ.ნ-ის, როგორც ფიზიკური პირის და არა როგორც შპს „...ის“ დირექტორის მიერ მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქციით აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. თუმცა, 2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით (ანუ როდესაც შ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 4313 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია), ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტად ასევე ითვალისწინებდა ცნობა-დახასიათებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურება. ცხადია, რომ მხოლოდ მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე უნდა დადასტურდეს საქმის სხვა მასალებითაც. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ი.თ-ს (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №64), ა.ს-ისა (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №62) და ნ.კ-ას (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №39) ნოტარიულად დამოწმებულ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი მეზობელი - შ.ნ-ე 1995 წლიდან ფლობს და სარგებლობს 4313 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გზატ. №62ბ. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ყ...ის“ 2017 წლის 2 ნოემბრის №... წერილი, რომლის თანახმად, შ.ნ-ე რეგისტრირებულია აბონენტად მისამართზე თბილისი, ...ის გზატკეცილი, შენობა №62. სააბონენტო ნომერი .... აბონენტის ბარათი მოიცავს 2007 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრის პერიოდს (განაცხადის წარდგენის პერიოდამდე). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი შ.ნ-ე სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, ...ის გზატ. №62ბ-ში მდებარე 4313 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით.
რაც შეხება კასატორის მითითებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია სარეკრეაციო (რზ1) ზონაში, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის უარის თქმის საფუძველს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება მიწის რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 14 თებერვლის №67-0119045144 წერილი (ს.ფ. 82), სადაც აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ...ის გზატკეცილი №62ბ, ფართით 4313 კვ. მეტრი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) და სარეკრიაციო (რზ-1) ზონაში. ამდენად, დასახელებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ნაწილობრივ არის მოქცეული სარეკრეაციო ზონაში, რაც არ გამორიცხავს, სათანადო მტკიცებულებების პირობებში, თუნდაც მიწის ნაკვეთის ნაწილზე მოხდეს მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო საკითხის განხილვისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე