№ბს-862(კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 17 დეკემბერს გ.ბ-ამ, დ.ც-ამ, ი.გ-ამ, ჯ.ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეთა მითითებით, ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები. სხვადასხვა დროს მათ გაუფორმდათ ხელშეკრულებები სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლებიც გააგრძელეს მესამე-მეოთხე ვადით. მოსარჩელეები მიუთითებენ "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის №560-ე ბრძანების 47 პრიმა მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურე კონტრაქტის მეორე ვადის ამოწურვის შემდგომ მიიღებს ერთჯერად დახმარებას, 7000 ლარის ოდენობით.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თითოეული მათგანის (გ.ბ-ა, დ.ც-ა, ი.გ-ა, ჯ.ნ-ი) სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ბ-ას, დ.ც-ას, ი.გ-ას და ჯ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თითოეული მოსარჩელის - გ.ბ-ას, დ.ც-ას, ი.გ-ას და ჯ.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით) 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. ამრიგად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული. თავის მხრივ, ერთჯერადი დახმარების ოდენობა დადგენილია ამავე ბრძანების 472 მუხლით, რომლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე მიეცემა ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს, რამდენადაც თითოეულ მათგანთან გაფორმებული იყო არაერთი 4 წლიანი კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდგომ მხარეები კვლავ განაგრძობდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნას 2 წლიანი წყვეტის გარეშე, კერძოდ, დადგენილია, რომ ი.გ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაპირველად 2008 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული იყო 2 წლიანი კონტრაქტი, ხოლო შემდგომ 2010 წლის 21 ოქტომბერს, 2014 წლის 21 ოქტომბერს და 2018 წლის 21 ოქტომბერს 4 წლიანი კონტრაქტები. რაც შეეხება გ.ბ-ასთან, ჯ.ნ-თან და დ.ც-ასთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, მხარეთა შორის საკონტრაქტო ურთიერთობა წარმოიშვა 2009 წლის 15 ივნისს გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, რომელიც თითოეულ შემთხვევაში გრძელდებოდა 2013 წლის 15 ივნისს, 2017 წლის 15 ივნისსა და 2021 წლის 15 ივნისს დადებული ხელშეკრულებებით 4 წლის ვადით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არსებობდა თითოეული მათგანის სასარგებლოდ 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ სადავო საკითხის ამგვარი გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (17.06.21წ. №ბს-333(კ-21); 11.04.19წ. №ბს-52(კ-19); 09.12.19წ. №ბს-332(კ-19)).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე. საქმეში დაცული კონტრაქტების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა განხორციელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირდაპირ მითითებული იქნებოდა სამხედრო მოსამსახურეებთან გაფორმებულ კონტრაქტში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
დადგენილია ასევე, რომ 2009 წლის 15 ივნისს, გ.ბ-ას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა №37709 ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. ზემომითითებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ გ.ბ-ასთან მსგავსი შინაარსის კონტრაქტი 4 წლის ვადით გაფორმდა 2013 წლის 15 ივნისს - №64761, 2017 წლის 15 ივნისს - №2361/17 და 2021 წლის 15 ივნისს - №2187/21. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ.ბ-ას შორის შედგენილი შეთანხმების ოქმით ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 15 ივნისის №2361/17 კონტრაქტის მე-5 მუხლში, კერძოდ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, თუ მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. ამავე შეთანხმების ოქმის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენდა 2017 წლის 15 ივნისის №2361/17 კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან. უფრო მეტიც, მითითებული პირობა იდენტურად იქნა გათვალისწინებული სამინისტროსა და გ.ბ-ას შორის 2021 წლის 15 ივნისს გაფორმებული №2187/21 კონტრაქტის 5.1.2. მუხლით.
დადგენილია, რომ 2009 წლის 15 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - სამინისტრო) და დ.ც-ას (შემდგომში - სამხედრო მოსამსახურე) შორის 4 წლის ვადით გაფორმდა №37721 ხელშეკრულება (კონტრაქტი). ამასთან, მითითებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ დ.ც-ასთან მსგავსი შინაარსის კონტრაქტი 4 წლის ვადით გაფორმდა 2013 წლის 15 ივნისს - №103/14, 2017 წლის 15 ივნისს - №2362/17 და 2021 წლის 15 ივნისს - №2186/21. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და დ.ც-ას შორის შედგენილი შეთანხმების ოქმით ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 15 ივნისის №2362/17 კონტრაქტის მე-5 მუხლში, კერძოდ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, თუ მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. ამავე შეთანხმების ოქმის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენდა 2017 წლის 15 ივნისის №2362/17 კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან. ზემომითითებული პირობა იდენტურად იქნა გათვალისწინებული სამინისტროსა და გ.ბ-ას შორის 2021 წლის 15 ივნისს გაფორმებული №2186/21 კონტრაქტის 5.1.2. მუხლით.
დადგენილია, რომ 2008 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - სამინისტრო) და ი.გ-ას (შემდგომში - სამხედრო მოსამსახურე) შორის გაფორმდა №26214 ხელშეკრულება 2 წლის ვადით(კონტრაქტი). ამასთან, მითითებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ი.გ-ასთან 2010 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა №46727 ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლითაც კონტრაქტის ვადა განისაზღვრა 4 წლის ვადით. აღნიშნული კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მხარეებს შორის 4 წლის ვადით კონტრაქტი გაფორმდა 2014 წლის 21 ოქტომბერს - №4002/14 და 2018 წლის 21 ოქტომბერს - №1/2237/18. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ი.გ-ას შორის შედგენილი შეთანხმების ოქმით ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 21 ოქტომბრის №1/2237/18 კონტრაქტის მე-5 მუხლში, კერძოდ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, თუ მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. ამავე შეთანხმების ოქმის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენდა 2018 წლის 21 ოქტომბრის №1/2237/18 კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან.
დადგენილია, რომ 2009 წლის 15 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - სამინისტრო) და ჯ.ნ-ს (შემდგომში - სამხედრო მოსამსახურე) შორის გაფორმდა №37739 ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 4 წელს და ის აითვლებოდა კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან. ამასთან, მითითებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ჯ.ნ-თან მსგავსი შინაარსის კონტრაქტი 4 წლის ვადით გაფორმდა 2013 წლის 15 ივნისს - №2321/16, 2017 წლის 15 ივნისს - №2358/17 და 2021 წლის 15 ივნისს - №2184/21. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჯ.ნ-ს შორის შედგენილი შეთანხმების ოქმით ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 15 ივნისის №2358/17 კონტრაქტის მე-5 მუხლში, კერძოდ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, თუ მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. ამავე შეთანხმების ოქმის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენდა 2017 წლის 15 ივნისის №2358/17 კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის ადგენს იმ მოცემულობას, რომ სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონოდა სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ, მასთან კვლავ უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). ამასთან, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა ყოფილიყო ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა ყოფილიყო 2 წელზე მეტი გასული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარება მიეცემათ შემდეგი ოდენობით: ა) ორწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვაწლიანი კონტრაქტის შემდგომ რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს. მოსარჩელეებთან გაფორმებული იყო არაერთი 4-წლიანი კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდგომ მხარეები კვლავ განაგრძობდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნას 2 წლიანი წყვეტის გარეშე, კერძოდ, დადგენილია, რომ ი.გ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაპირველად 2008 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული იყო 2 წლიანი კონტრაქტი, ხოლო შემდგომ 2010 წლის 21 ოქტომბერს, 2014 წლის 21 ოქტომბერს და 2018 წლის 21 ოქტომბერს 4 წლიანი კონტრაქტები. რაც შეეხება გ.ბ-ასთან, ჯ.ნ-თან და დ.ც-ასთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, მხარეთა შორის საკონტრაქტო ურთიერთობა წარმოიშვა 2009 წლის 15 ივნისს გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, რომელიც თითოეულ შემთხვევაში გრძელდებოდა 2013 წლის 15 ივნისს, 2017 წლის 15 ივნისსა და 2021 წლის 15 ივნისს დადებული ხელშეკრულებებით 4 წლის ვადით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან, ნორმატიულ აქტს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი აქტით ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი და განსაზღვრული არ ყოფილა. ხსენებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდგომ ცვლილებები ასევე შევიდა მოსარჩელეებთან გაფორმებულ კონტრაქტებშიც მხარეთა შორის შეთანხმების ოქმის შედგენის გზით, რომლის თანახმად, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას მოსამსახურის მიმართ კანონმდებლობითა და ამ კონტრაქტით დადგენილი პირობების, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიების დაცვაზე და კანონმდებლობის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში 2019 წლის 1 იანვარს, განხორციელებული შეთანხმებით შევიდა ცვლილება გაფორმებულ კონტრაქტებში, კერძოდ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, თუ მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. ზემოაღნიშნული შეთანხმება გახდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) განუყოფელი ნაწილი. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ უსაფუძვლოა მისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი გასაცემლის - 7000 ლარის ოდენობით დაკისრება, რადგან მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები თავდაპირველი სახით არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 7000-7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა