საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-386(კ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
პროცესუალური მოწინააღმდეგე - (მოსარჩელე) - შპს „ბ...“
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ქ...ის“ დირექტორმა მ.ტ-მა 2020 წლის 18 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის N... განკარგულების ბათილად ცნობა „ა“ ქვეპუნქტის ნაწილში; ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შპს „ბ...ს“ (შპს „ქ...ის“ უფლებამონაცვლე) 2020 წლის 31 იანვრის N01200313307-67 განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელმა 2020 წლის 31 იანვარს N01200313307-67 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ურბანული განვითარების სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის N44-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...; მესაკუთრე შპს „ქ...ი“) სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1) სამრეწველო ზონა 1-ით (ს-1) ცვლილება.
2020 წლის 16 აპრილს სსიპ „ურბანული განვითარების სამსახურის“ საიტზე ატვირთული N202010717 წერილიდან მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის N... განკარგულების საფუძველზე, უარი ეთქვა მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც მხარისთვის კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებულა, შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უსაფუძვლო და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ზონის ცვილების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „ქ...ის“ უფლებამონაცვლედ დადგინდა შპს „ბ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ბ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის N... განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი - ქ. თბილისში, ...ის ქუჩის N44-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ.N...) ნაწილზე სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1) სამრეწველო ზონა 1-ით (ს-1) ცვლილების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების შესაბამისად, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1), ნაწილზე სამრეწველო ზონა 1 (ს-1), ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 12 თებერვლის წერილის განმარტების თანახმად კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის N44-95 დადგენილებით ტერიტორიის მცირე ნაწილზე გავრცელდა სამრეწველო ზონა 2 (ს-2).
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით, სადავო N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონები განსაზღვრული იყო შემდეგი სახით: მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა სარეკრეაციო ზონა 2-ს (რზ-2), ხოლო მეორე ნახევარზე ვრცელდებოდა სამრეწველო ზონა 2 (ს-2). ამდენად, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილი, რომელზედაც 2014-2018 წლებში დადგენილი იყო სამრეწველო ზონა 2 (ს-2) და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), 2019 წლის ახალი რეგულაციით სარეკრეაციო ზონა 1-ით (რზ-1) შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) და სამრეწველო ზონა 2-ის (ს-2) დიდი ნაწილი, ხოლო სამრეწველო ზონა 2-ის ფუნქციით დარჩენილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა სამრეწველო ზონა - 1 (ს-1). რაც შეეხება 2019 წლის 22 ნოემბრის N44-95 დადგენილებით N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილისათვის სამრეწველო ზონა 2-ის (ს-2) განსაზღვრას, სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერაქტიური რუკით არ დგინდება თუ კონკრეტულად მიწის ნაკვეთის რომელ მონაკვეთზე და რა ოდენობით ვრცელდება სამრეწველო ზონა 2 (ს-2), შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა მხოლოდ ,,მწვანე ქალაქის“ კონცეფციაზე მითითებით საჩივრის ავტორის მოთხოვნის უარყოფის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიწის ნაკვეთის ნაწილის მდინარის წყალდაცვითი ზონის არეალში მოხვედრის გამო, ვინაიდან სადავო აქტით და საქმის განხილვაზე წარდგენილი პოზიციით ცალსახად არ დადგინდა თუ მიწის ნაკვეთის რომელი ნაწილი, რომელი კონტურის ფარგლები არის მოქცეული მდინარის წყალდაცვითი ზონის არეალში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ფუნქციური ზონის ცვლილებაზე ზოგადი მითითება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება კონსტიტუციით დაცულ ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა საკუთრების უფლება, იმსჯელოს არა ფუნქციური ზონების ცვლილების მიზანშეწონილობაზე ზოგადი მითითებით, არამედ საჯარო ინტერესის გათვალისწინებით კერძო პირის უფლების შეზღუდვის თანაზომიერებასა და მართლზომიერებაზე, ვინაიდან ქალაქ თბილისისათვის, უდავოდ საუკეთესო - „მწვანე ქალაქის“ კონცეფცია, თავისთავად არ გულისხმობს სხვისი უფლების ისეთ დაუსაბუთებლად შეზღუდვას, რა დროსაც არ არის განხილული და დასაბუთებული ორი უმნიშვნელოვანესი - კერძო და საჯარო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების შედეგი, რომელიმეს პრიორიტეტულობა და მეორეს რაიმე ფორმით კომპენსირება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს აქვს ვალდებულება დასაბუთებულად და არგუმენტირებულად იმსჯელოს თითოეულ საკითხზე, რაც მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილებას ეხება. ასევე გაითვალისწინოს ის გარემოებაც თუ რა გახდა სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად არსებული N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთისათვის იმავე ფუნქციური ზონის გავრცელება, რაც მას მინიჭებული ჰქონდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების მოქმედების დროს და ამ პირობებში, ხომ არ ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული - კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის N... განკარგულება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო აქტი და მოპასუხეს დაავალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „ბ...ს“ განცხადებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებას (საქმე N3ბ/1444-21) და განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში, 2020 წლის 31 იანვრის N01200313307-67 განცხადების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N44-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N...) ნაწილზე სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1) სამრეწველო ზონა 1-ით (ს-1) ცვლილების თაობაზე. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, N... საკადასტრო ერთეულის ნაწილზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). აღნიშნული გამწვანებული ტერიტორიების რუკის შესაბამისად, საკადასტრო რუკაზე ასევე შემოთავაზებულია სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების დანართი N2-ის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ზონები და ქვეზონები ატარებს ოპერატიულ ინფორმაციას თბილისში არსებული და დაგეგმილი სარეკრეაციო, სატყეო და ლანდშაფტური სივრცეების შესახებ და მისი გათვალისწინება სავალდებულოა სამშენებლო და გეგმარებითი ნებართვების გაცემის პროცესში.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 26 თებერვლის N0120057846 წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფუნქციური ზონის ცვლილება გამოიწვევს სარეკრეაციო სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების შემცირებას, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით გათვალისწინებული „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეკრეაციო სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილება მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის N... განკარგულებით, უარი ეთქვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1) სამრეწველო ზონა 1-ით (ს-1) ცვლილებაზე.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, N... საკადასტრო ერთეულის ნაწილზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). მოსარჩელის მიერ მითითებულ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) შეიცვალა სამრეწველო ზონა 2-ით (ს-2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის N49-45 დადგენილების შესაბამისად.
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების დანართი N6-ის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება, მიღებული გადაწყვეტებით რიგ შემთხვევაში იზღუდება ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებები სამშენებლო პირობების გაუარესების თვალსაზრისით. კერძო და საჯარო ინტერესების გაწონასწორების პრინციპის გათვალისწინებით, მუნიციპალური სახსრების რაციონალური გამოყენების მიზნიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი მესაკუთრის კანონიერი უფლება შესაძლებელია აღდგენილ იქნას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემით ან მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის გზით. N... საკადასტრო ერთეულის ძირითად ნაწილზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, ვრცელდებოდა სამრეწველო ზონა 2 (ს-2), ხოლო მცირე ნაწილზე - სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის N49-45 დადგენილების შესაბამისად, სამრეწველო ზონა 2 (ს- 2) დაუბრუნდა იმ კონტურით, როგორიც განსაზღვრული იყო „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით. მიწის ნაკვეთის ნაწილზე შენარჩუნებულ იქნა სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1).
გარდა ამისა, კასატორის შეფასებით, სასამართლომ უგულებელყო უმნიშვნელოვანესი გარემოება, კერძოდ ის, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეული მდინარის წყალდაცვითი ზოლის არეალში და სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულზე ზოგადი მითითება მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტების გარეშე დაუსაბუთებელია. თუნდაც ის ფაქტი, რომ N N... საკადასტრო კოდის ნაწილზე ვრცელდება მდინარის წყალდაცვითი ზოლის არეალი, კიდევ უფრო ამყარებს მოცემულ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის არსებობის საჭიროებას და მისი სამრეწველო ზონად ცვლილების მიზანშეუწონლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის N... განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილზე სარეკრეაციო ზონა 1 -ის (რზ-1) სამრეწველო ზონა1-ით (ს-1) ცვლილების თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანია სწორედ, აღნიშნული აქტის შესაბამისობის დადგენა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან.
საქმეზე დადგენილია, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით, სადავო N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონები განსაზღვრული იყო შემდეგი სახით: მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა სარეკრეაციო ზონა 2-ს (რზ-2), ხოლო მეორე ნახევარზე ვრცელდებოდა სამრეწველო ზონა 2 (ს-2). ამდენად, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილი, რომელზედაც 2014-2018 წლებში დადგენილი იყო სამრეწველო ზონა 2 (ს-2) და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), 2019 წლის ახალი რეგულაციით სარეკრეაციო ზონა 1-ით (რზ-1) შეცვალა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) და სამრეწველო ზონა 2-ის (ს-2) დიდი ნაწილი, ხოლო სამრეწველო ზონა 2-ის ფუნქციით დარჩენილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა სამრეწველო ზონა - 1 (ს-1).
რაც შეეხება 2019 წლის 22 ნოემბრის N44-95 დადგენილებით N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილისათვის სამრეწველო ზონა 2-ის (ს-2) განსაზღვრას, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერაქტიური რუკით არ ირკვევა, თუ კონკრეტულად მიწის ნაკვეთის რომელი მონაკვეთზე და რა ოდენობით ვრცელდება სამრეწველო ზონა 2 (ს-2).
საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 26 თებერვლის N0120057846 წერილის მიხედვით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფუნქციური ზონის ცვლილებაზე უარი განაპირობა სამსახურის მხრიდან საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფუნქციური ზონის ცვლილებით სარეკრეაციო სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების შემცირების მიზანშეუწონლად მიჩნევამ, მაშინ როდესაც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით გათვალისწინებული „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეკრეაციო სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე.
ქვედა ინსტანციის სასამართლომ, მოსარჩელის განმარტების საფუძველზე, ამავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნაკვეთი წარმოადგენდა ყოფილი ჩარხმშენებელი ქარხნის ტერიტორიის ნაწილს და ამდენად, იგი ყოველთვის მიეკუთვნებოდა სამრეწველო ზონა 1-ის (ს-1) კატეგორიას, რომელზეც განლაგებულია მთელი რიგი სამრეწველო დანიშნულების ობიექტები და წარმოადგენდა ქარხნის ერთ-ერთ ძირითად საწარმო საშუალებას, ხოლო მისი სარეკრეაციო (რზ-1) ზონაში მოქცევით ქონებამ დაკარგა თავისი სამეწარმეო თვისება და არსებითად შეიზღუდა საკუთრების უფლება. ამ გარემოების საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ფუნქციური ზონების ცვლილებას და მიწის ნაკვეთზე დომინირებულ ფუნქციურ ზონას წარმოადგენს სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1), ხოლო ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც განთავსებულია ყოფილი ქარხნის შენობა-ნაგებობა ასევე, შემზღუდავ მდგომარეობაში აღმოჩნდა სამრეწველო ზონა 1-ის (ს-1) გავრცელებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა მხოლოდ ,,მწვანე ქალაქის“ კონცეფციაზე მითითებით, როდესაც არ არის დასაბუთებული სათანადო მტკიცებულებით და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებით, თუ რატომ არ შეიძლება მიწის ნაკვეთზე, თუნდაც იმ კონტურის ფარგლებში (სამრეწველო ზონა 2 (ს-2) კონტური) ცვლილების განხორციელება, რომელიც „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების მიღებამდე არსებობდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ,,მწვანე ქალაქის“ კონცეფციაზე ზოგადი მითითება, დაუსაბუთებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას, მაშინ როდესაც მოპასუხე ვერ მიუთითებს შეზღუდვის კანონიერ საფუძველზე. ამრიგად, დადასტურებულია, რომ განსახილველ საქმეზე მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ზოგად მითითებას, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის მდინარის წყალდაცვითი ზონის არეალში მოხვედრის გამო ფუნქციური ზონის ცვლილებაზე უარის კანონიერების თაობაზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ცალსახად არ დგინდება თუ მიწის ნაკვეთის რომელი ნაწილი, რომელი კონტურის ფარგლები არის მოქცეული მდინარის წყალდაცვითი ზონის არეალში, ასევე, გაურკვეველია ცვლილებამდე არსებული სამრეწველო ზონა 2-ის (ს-2) კონტური ექცეოდა თუ არა მდინარის წყალდაცვითი ზონის არეალში, შესაბამისად, გამოირიცხება ამ საფუძვლით სადავო აქტის კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობა, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დაუდგენლობის პირობებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა