Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1179 (კს-23) 20 ნოემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. კ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2023წ. განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 27.04.2020წ. შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შპს "...ს", რ. ნ-ის, გ. კ-ასა და ს. მ-ას ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.05.2020წ. ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს "...", რ. ნ-ი, გ. კ-ა და ს. მ-ა ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება შპს "...ს", რ. ნ-ის, გ. კ-ას და ს. მ-ას მიერ გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2020წ. ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.05.2020წ. ბრძანება ს. მ-ას ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი ბრძანება, ს. მ-ას ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.05.2020წ. ბრძანება დარჩა უცვლელად.

07.03.2023წ. გ. კ-ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.05.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.04.2023წ. განჩინებით გ. კ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.05.2020წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, ასევე განმცხადებელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, რაც გ. კ-ას მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2023წ. განჩინებით გ. კ-ას კერძო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.04.2023წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2023წ. განჩინებით გ. კ-ას კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა წერილობითი ფორმით, ნაბეჭდი სახით შედგენილი კერძო საჩივარი, რომელშიც იქნებოდა მითითებული: გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ზუსტი დასახელაბა, ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო, მითითება გადაწყვეტილების (განჩინების) კონკრეტული ნაწილის გასაჩივრებაზე, ამასთან კერძო საჩივრის ავტორს უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 16.06.2023წ. ჩაბარდა, ხოლო ხარვეზის შევსების ვადა 23.06.2023წ. 24 საათზე ამოიწურა. გ. კ-ას წარმომადგენელმა დ. ა-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება 26.06.2023წ. წარადგინა სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რაც სსკ-ის 59.1, 60.1 და 61.2 მუხლების თანახმად ქმნიდა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2023წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განიმარტა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ გასაჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2023წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ. კ-ას მიერ.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. კ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

განსახილველ შემთხვევაში, გ. კ-ა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრით ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.04.2023წ. განჩინების გაუქმებას. აღნიშნულ კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა გ. კ-ამ ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2023წ. განჩინებით გ. კ-ას კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, გ. კ-ას განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების დაუშვებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ა კერძო საჩივრით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 30.06.2023წ. განჩინებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამასთან, კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს მხარის მიერ საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში წარდგენა.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანია ცრუმაგიერ პირებად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 04.07.2019წ. ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას. ამდენად, ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებული დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამჟამად აღარ აქვს. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. კ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2023წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2165 მუხლის მე-9 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2023წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე