Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-792(3კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (მესამე პირი)

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

3. სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 07 ოქტომბერს მ.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ №..., სატყეო ზონის გავრცელების ნაწილში ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ №..., გავრცელდა სატყეო ზონა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნება იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ და მესამე პირებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორია არ არის განაშენიანებული და დაფარულია ტყის მასივით. ყოველივე აღნიშნული უგულებელყოფილი იქნა სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოექცა განაშენიანების კონტურს მიღმა, რომელიც №39-18 დადგენილების მე-2 მუხლის მე-17 პუნქტით განიმარტება შემდეგნაირად - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. მოცემული შეზღუდვა ეყრდნობა ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და მისი კორექტირება შესაძლებელია მასშტაბით გათვალისწინებული ტექნიკური და გააზრებითი ცდომილების ხარისხის ფარგლებში, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. მოცემული საზღვრის კორექტირების მიღმა, ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას კონცეპტუალურ დონეზე და შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტისა და მისი მიდგომების სისტემური რევიზიის პირობებში“. ასევე, სადავო ტერიტორია მოქცეულია გამწვანებულ ტერიტორიებში; ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 68-ე მუხლის თანახმად, თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ზონები და ქვეზონები ატარებს ოპერატიულ ინფორმაციას თბილისში არსებული და დაგეგმილი სარეკრეაციო, სატყეო და ლანდშაფტური სივრცეების შესახებ და მისი გათვალისწინება სავალდებულოა სამშენებლო და გეგმარებითი ნებართვების გაცემის პროცესში. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ფუნქციური ზონები და ქვეზონები ასახავს, როგორც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე ხილულ, ასევე ძირითადი ნახაზის მასშტაბის შეუსაბამო რეკრეაციულ, სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიებს, ზონებსა და ქვეზონებს. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ზონებისა და ქვეზონების მიმართ ცვლილებები ხორციელდება ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

კასატორის მითითებით, სარჩელის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კერძო და საჯარო ინტერესთა ბალანსის დაცვის საკითხი. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტი, რაც შეიძლება გამხდარიყო მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს კონკრეტული ტერიტორიის ზონირების მიზანშეწონილობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას მოსარჩელის ინტერესი სადავო ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების თაობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დედაქალაქში არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს, ხოლო მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი - როგორიცაა სარეკრეაციო სივრცეების და გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, რაც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საჯარო და კერძო ინტერესების თანაფარდობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საჯარო ინტერესი აღმატებულად დაცვის ღირსი სიკეთეა, შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და ამავე ფარგლების დაცვით.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიების განვითარებითი მიმართულებების დადგენის ერთ - ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს „მწვანე ქალაქი“. „მწვანე ქალაქი“ არის თბილისის გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო პირობების გაუმჯობესების ერთიანი კონცეფცია. მის ფარგლებში თბილისის ბუნებრივი და ხელქმნილი გარემო განიხილება ერთიან სისტემად და ხაზი ესმება მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებას. მოცემული კონცეფცია გამოყოფს თბილისის ქალაქწარმომქმნელ სამ ძირითად ელემენტს, რომელთა დაცვა-განვითარება და ვიზუალური ხაზგასმა პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ყველა იმ აქტივობისათვის, რომელსაც ცვლილება შეაქვს თბილისის არქიტექტურულ და ურბანულ იერსახეში.

კასატორის მითითებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გარკვეულწილად გავლენას ახდენს საპროექტო არეალში მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეთა უფლებებზე. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც საჯარო განხილვების შედეგად მიღებული კონცეფციის რეალიზების ერთადერთი საშუალება, შემოთავაზებული პოსტულატების ნორმატიული სახვით, მათ შორის, ძირითად ნახაზზე, ემსახურება საჯარო ინტერესების უპირობო დაცვას და მათი ყველაზე ეფექტიანი გზით განხორციელებას. თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული კომპაქტურობის იდეა, ტერიტორიის ეკონომიურად გამოყენებასთან ერთად, გულისხმობს ბუნებრივი რესურსებისა და სარეკრეაციო არეალების შენარჩუნებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სხვა სიკეთეებს, რაც საჯარო ინტერესის კონტექსტში უზრუნველყოფს როგორც ამ დროისთვის არსებული მოსახლეობის, ისე მომავალი თაობების უფლებას უკეთეს გარემოზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. საპროექტო მიწის ნაკვეთზე გავრცელებული სატყეო ზონა წარმოადგენს ერთიანი ფუნქციური ზონის ნაწილს და მასზე სამშენებლო ზონის გავრცელება გამოიწვევს სატყეო ზონის სტრუქტურის რღვევას და შექმნის პრეცედენტს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებისთვის. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის ინტენსიურად გამწვანებული და მდებარეობს განაშენიანების კონტურს მიღმა. აქვე აღსანიშნავია, რომ განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. მოცემული შეზღუდვა ეყრდნობა ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და მისი კორექტირება შესაძლებელია მასშტაბით გათვალისწინებული ტექნიკური და გააზრებითი ცდომილების ხარისხის ფარგლებში, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. მოცემული საზღვრის კორექტირების მიღმა, ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას კონცეფტუალურ დონეზე და შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტისა და მისი მიდგომების სისტემური რევიზიის პირობებში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განახორციელა თუ არა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, რაც კანონიერი ნდობის არსებობის დადგდენისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული სპეციალური ზონალური შეთანხმების ვადა ამოწურულია, საერთოდ აზრს მოკლებულია მითითებული აქტის მიმართ კანონიერი ნდობის საკითხის დადგენა და მითუმეტეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომელიც არ იქნა სრულფასოვნად გამოკვლეული თავად სასამართლოს მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი სამშენებლოდ განავითაროს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე მხარეს დგას საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფაში, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაში, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებაში. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც საჯარო განხილვების შედეგად მიღებული კონცეფციის რეალიზების ერთადერთი საშუალება, ემსახურება საჯარო ინტერესების უპირობო დაცვას და მათი ყველაზე ეფექტიანი გზით განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში კი საჯარო ინტერესი უპირობოდ, უპირატესი დაცვის ღირსი სიკეთეა.

კასატორი - სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე გავრცელდა სატყეო ზონა. ასევე, გამწვანებული ტერიტორიების რუკის შესაბამისად, შემოთავაზებულია სატყეო ზონა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე გავრცელებული სატყეო ზონა წარმოადგენს ერთიანი ფუნქციური ზონის ნაწილს და მასზე სამშენებლო ზონის გავრცელება გამოიწვევს სატყეო ზონის სტრუქტურის რღვევას და შექმნის პრეცენდენტს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებისთვის. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის გაუნაშენიანებელი ტერიტორია და მდებარეობს განაშენიანების კონტურს მიღმა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 16 ივლისს მომზადებული №67-01181973778 დასკვნა, რომელიც მიღებულია წინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოქმედების პერიოდში, ამასთან, საპროექტო მიწის ნაკვეთზე გავრცელებული სატყეო ზონა წარმოადგენს ერთიანი ფუნქციური ზონის ნაწილს და საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოთი ნათლად იკვეთება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ხე-ნარგავები (ინტენსიურად გამწვანებულია), ესაზღვრება ტყის მასივს და ცალკეულად ზონის ცვლილება გამოიწვევს სტრუქტურის რღვევას, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და შესაბამისად, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

კასატორის მითითებით, ვერ იქნა დასაბუთებული საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როცა სასამართლო სახელდებით უთითებს თანაზომიერების პრინციპის ელემენტებზე, თუმცა არ არის დასაბუთებული მათი სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რაც საბოლოო ჯამში გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას. ამასთან, გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თანაზომიერების პრინციპის დაუცველობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილება სადავო ტერიტორიაზე მიღებულია ამავე ფარგლების დაცვით. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას, არასათანადოდ არის შეფასებული კერძო და საჯარო ინტერესთა ბალანსის დაცვის საკითხი. მართალია, მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული კანონმდებლობის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს მოსარჩელეს დაასაბუთოს თავის სარჩელში წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები, იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №39-18 დადგენილება მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და ამავე ფარგლების დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ: №... სატყეო ზონის გავრცელების ნაწილში ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება. ხსენებული დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა.

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დამუშავებულია ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკური განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მასში ცვლილებების შეტანა და ფუნქციური ზონის ცვლილება სხვა ზონად, შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და მიზანს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილების განხორციელებამ არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესები.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

...ის რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის გეგმის შესაბამისად, სადავო ტერიტორია წარმოადგენდა ერთიანი მიწის მასივს, რომელიც დაიყო კონკრეტულ მიწის ნაკვეთებად. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გაიცა საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და მასზე არ ვრცელდებოდა არც სატყეო და არც სატრანსპორტო ზონა.

2018 წლის 07 ივნისს მ.მ-მა №01181583277-67 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 16 ივლისს მომზადდა №67-01181973778 დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით წარმოადგენს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებულ გარემოში შეჭრილ ტერიტორიას. საპროექტო მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსებით არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი და ობიექტი ეწერება ტერიტორიის ერთიან იერსახეში. საპროექტო მიწის ნაკვეთის ნაწილზე ფიქსირდება წიწვოვანი ხე - ნარგავები. შესაბამისად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სარეკრეაციო ზონა 2-ის (რზ-2) მოქმედების არეალში ხე-ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე. ამდენად, სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიიჩნია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 ივლისის №ბ01.011819816 ბრძანებით ქ. თბილისში, ..., სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2), მწვანე ხე-ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, თუმცა ზემოაღნიშნული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება არ განხორციელებულა, რის გამოც, მ.მ-მა განმეორებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 03 ივნისის №60-01191541119 წერილით მ.მ-ს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის შესაბამისად, მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) ვრცელდებოდა სატყეო ზონა, ხოლო მცირე ნაწილზე - სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1), ხოლო სატყეო ზონაში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსება დაუშვებელი იყო.

პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორთა განმარტებას, რომლის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებას წინ უძღვის ხანგრძლივი სამუშაო პროცესი. აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 ივლისის №ბ01.011819816 ბრძანება გაიცა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მუშავდებოდა სადავო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თუმცა მიუხედავად ამისა, სადავო ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის განთავსების დამაბრკოლებელი გარემოება, ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით, იმ დროისათვის არ არსებობდა. ამდენად, ნათელია, რომ სადავო დადგენილების მიღების დროს ორგანომ არ გაითვალისწინა თავისივე მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლის მიმართ მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის მოქმედების პირობებში, მოსარჩელე სრულფასოვნად ვეღარ ახორციელებს საკუთრებით სარგებლობას. საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დროის მცირე პერიოდში მიღებულია ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები, რაც დაუსაბუთებლად ლახავს მესაკუთრის კანონიერ ინტერესებს. ამდენად, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა