Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-999(2კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. ნ.ს-ე (მოსარჩელე)

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 06 აგვისტოს ნ.ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 თებერვლის №000192 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 28 იანვრის №000122 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ივლისის №879 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.ს-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 28 იანვრის №000122 და 2019 წლის 17 თებერვლის №000192 დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან, რაც მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ.ს-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ.ს-ემ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ, იმ მოტივით, რომ ნ.ს-ე ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, ამ კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გაათავისუფლა 2019 წლის 28 იანვრის №000122 და 2019 წლის 27 თებერვლის №000192 დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმისა და მისი გადაუხდელობით დაკისრებული საურავისაგან. სასამართლომ სამართალდარღვევის გამოვლენა დაუკავშირა მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თარიღს იმ პირობებში, როდესაც სამსახურის მიერ მითითების გაცემით წარმოება იწყება შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ, ხოლო სამსახურის დადგენილება, როგორც ჩატარებული წარმოების შემაჯამებელი აქტი, საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული სუბიექტის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომელთაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი გამოვლენა, ჩადენის დროს წარმოადგენს დადგენილების გამოცემის თარიღი - 2019 წლის 28 იანვარი და 2019 წლის 27 თებერვალი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ნ.ს-ეზე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის გავრცელება უსაფუძვლოა. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

კასატორი - ნ.ს-ე აღნიშნავს, რომ დემონტაჟის ნაწილში 2019 წლის 27 თებერვლის №000192 დადგენილება უნდა გაბათილდეს, ვინაიდან თავიდანვე არასწორად იქნა გამოკვლეული სამუშაოების მწარმოებელი პირი. შესაბამისად, აღსრულების ეტაპზე აღმასრულებელი ორგანო აღმოჩნდება გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან პირები, რომლებიც რეალურად აწარმოებდნენ სამუშაოებს, არ განახორციელებენ ქმედებას, ხოლო ნ.ს-ე, რომელიც აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულია მხოლოდ დროებითი ფლობით, სურვილის შემთხვევაშიც ვერ აღასრულებს ხსენებულ დადგენილებას. კასატორის მითითებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ არ გამოიკვლია ქმედების განმახორციელებელი პირები სრულად - შესაბამისად არასწორად მიიღო დადგენილება სამუშაოების შეჩერების შესახებ და დადგენილების შეუსრულებლობისთვის მოსარჩელე დააჯარიმა 50000 ლარით, რომელიც რეალურად ვერ შეაჩერებდა სამუშაოებს. კასატორის მითითებით, იგი იძულებულია მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ შეილახა მისი უფლება, ვინაიდან საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაჯარიმდა 75000 ლარით. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიურო მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 901 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება ნ.ს-ეს. კასატორი მიუთითებს, რომ სახალხო დამცველს აქვს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ის მიმართავს მუნიციპალურ ინსპექციას აქტის იძულებით აღსასრულებლად მიქცევამდე, კიდევ ერთხელ გამოიკვლიოს სამართალდარღვევისთვის აუცილებელი გარემოებები.

ნ.ს-ე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ჯარიმა გაუქმებულია, მუნიციპალურ ინსპექციას მოუწევს ახალი სააღსრულებო ფურცლის გამოცემა, რომლის საფუძველიც შეიძლება გახდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული დადგენილება დემონტაჟის ნაწილში. დადგენილება კი გამოცემულია და დემონტაჟი სხვა პირს ვერ დაევალება. ეს სამართლებრივი ანაქრონიზმი გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ ერთმა გარემოებამ - ინსპექციამ არასწორად გამოიკვლია მწარმოებელი პირი და შესაბამისად ნ.ს-ე სამშენებლო სამუშაოებს ვერც შეაჩერებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.ს-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 14 დეკემბრის №4-6/ო-1357-18 დათვალიერების ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთზე, ნ.ს-ის მიერ განხორციელდა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა. მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 დეკემბრის №შ-355/18 დადგენილებით შეჩერებული იქნა ნ.ს-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები (კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობა). მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 14 იანვრის №000122 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ნ.ს-ის მიერ დარღვეულია №შ-355/18 დადგენილებით გათვალისწინებული პირობა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ, რაც გამოიხატა სახურავის სრულად მოწყობაში. 2019 წლის 23 იანვარს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ნ.ს-ემ დაადასტურა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარემ განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა მის მიერ, რაც გამოიხატა შენობის სრულად გადახურვაში. მანვე აღნიშნა, რომ ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვი, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა და იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ასევე განმარტა, რომ დაჯარიმების შემთხვევაში აპირებდა სამართლებრივ დავას. მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 28 იანვრის №000122 დადგენილებით ნ.ს-ე დაჯარიმდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით ინსპექციის მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს მიღებული №47-1/დ2110-18 შ-355/18 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ივლისის №879 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ.ს-ის 2019 წლის 5 თებერვლის №19/01190361913-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის №000122 დადგენილება.

ასევე დადგენილია, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს, ნ.ს-ის მიმართ შედგა №000192 მითითება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოვა კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღე. მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 08 იანვრის №000192 შემოწმების აქტის მიხედვით, ნ.ს-ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები, რის გამოც მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 თებერვლის №000192 დადგენილებით ნ.ს-ე დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 07 ნოემბრის №1712 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ.ს-ის 2019 წლის 11 მარტის №19/01190701550-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 თებერვლის №000192 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს მითითების შესრულების საკითხს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში კვლავ დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარით.

ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება ნ.ს-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნული გარემოება თავად მოსარჩელემაც დაადასტურა მუნიციპალური ინსპექციის სხდომაზე. ამდენად, მის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული განმარტება მშენებლობის სხვა პირთა მიერ წარმოებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის უკანონობის თაობაზე, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს არც მითითებით განსაზღვრულ ვადაში და არც სადავო დადგენილების გამოცემამდე არ მოუხდენია სამართალდარღვევის გამოსწორება, რის გამოც მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური მშენებლობისთვის, თუმცა პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.

პალატა აღნიშნავს, რომ ნ.ს-ე აკმაყოფილებს ხსენებული კანონის მოთხოვნებს - მან სამშენებლო სამართალდარღვევა ჩაიდინა 2019 წლის 15 იანვრამდე, რაც დასტურდება მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 14 დეკემბრის N4-6/ო- 1357-18 დათვალიერების ოქმითა და 2018 წლის 19 დეკემბრის მითითებით. ამასთან, იგი კანონის ამოქმედების დროისთვის იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი იყო 100 001 ქულაზე ნაკლები. ამდენად, არსებობდა მისი ჯარიმისა და საურავისაგან გათავისუფლების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორ ნ.ს-ის მიერ დასახელებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და სახალხო დამცველის რეკომენდაციას, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დავა შეიცავდა განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამდენად, ადგილი არ აქვს დივერგენციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება;

3. ნ.ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.08.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა