საქმე №ბს-772(კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „მ...“
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 25 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სს „მ...ას“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის დასუფთავების მოსაკრებლის - 40150.68 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „მ...ას“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 40150.68 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „მ...ს“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „მ...მ“.
კასატორის, სს „მ...ს“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საზოგადოებისთვის დაკისრებული მოსაკრებლის ოდენობა არ შეადგენს რეალურად არსებულ დავალიანებას; მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დაირღვა საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, კერძოდ შეჯიბრებითობის პრინციპი. მისი მოსაზრებით, სასამართლოს წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულების, კერძოდ 2015 წლის 19 მაისს გაფორმებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთები და მათზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა შპს „მე...ს“, რომელიც დარეგისტრირებულია როგორც გადამხდელი და ყველა სხვა გადასახადთან ერთად დღესაც იხდის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასახადს. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ სადავო საანგარიშო პერიოდია 2013 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდი. 2015 წლის 19 მაისიდან ტერიტორია გადაცემულია სხვა მეწარმე სუბიექტისათვის. სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, „მოიჯარე (შპს „მე...“) წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში და „...ის“ ოპერირებასთან დაკავშირებულ ქმედებებს ახორციელებს თავისივე სახელით და მისივე ხარჯით. ამასთან, „მეიჯარეს“ ან მეიჯარის ნებისმიერ წარმომადგენელს წვდომა ექნება „...სთან“, მათ შორის, საბუღალტრო წიგნებთან და ჩანაწერებთან. 3.2 პუნქტის თანახმად, „მოიჯარე“ საკუთარ თავზე იღებს „...ის“ ოპერირებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და სხვა სახის რისკებს, ასევე „მოიჯარე“ აგებს ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას „...სთან“ დაკავშირებულ ყველა ხარჯზე, საოპერაციო ზარალზე, საოპერაციო ხარჯებზე, კაპიტალურ დანახარჯებზე და სხვა ხარჯებზე. კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, 2015 წლის 19 მაისიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდის დასუფთავების მოსაკრებლის სახით დაკისრებული გადასახადის ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა კასატორს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს სს „მ...სთვის“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2013 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის ივნისამდე პერიოდში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის სახით 40150.68 ლარის დაკისრების საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასა და მის ზოგად ჩარჩოს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის (სავადო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 94-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამავე პუნქტითვე განისაზღვრება, რომ მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა.~
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსაკრებელი კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით, მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.07.2019წ. №1/23/1487 განჩინება საქმეზე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისთვის. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის.
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება უფრო დეტალურადაა ჩაშლილი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. ამავე კანონითაა განსაზღვრული თუ ვის ენიჭება ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება; კერძოდ, ამ პრეროგატივითაა აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო (3.1 მუხ.).
თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებით, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული იქნა ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. დადგინდა მოსაკრებლის გადამხდელი პირები, მოსაკრებლის ოდენობა, გადახდის წესი, რომელშიც თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №4 და 2013 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებებით შეტანილი იქნა ცვლილებები კერძოდ: იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში განისაზღვრა შემდეგი ფორმულით: M=(№ X C X K)/12, საიდანაც M არის - მოსაკრებლის რაოდენობა თვეში, № - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე). თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №4 დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენდა - 15 ლარს, ხოლო 2013 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შემცირდა და შეადგენს - 9 ლარს.
საქმეზე დადგენილ გარემოებადაა ცნობილი, რომ მეწარმე იურიდიული პირი სს „მ...ა“ (დღეის მდგომარეობით სს „მ...“), რომლის საიდენტიფიკაციო კოდს წარმოადგენს ..., ხოლო იურიდიულ მისამართს - ქ. ბათუმი, ...ის ქ. N1, მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და რომელიც რეგისტრირებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად. ასევე დადგენილია, რომ სს „მ...ას“ 2013 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 05 ივლისამდე მდგომარეობით ერიცხებოდა დასუფთავების გადასახადი 40 150.68 ლარის ოდენობით, რაც სს „მ...ას“ მიერ დაფარული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილების დანართი №1-ის, კერძოდ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული მოსაკრებლის გამოანგარიშების და გადახდის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრულია მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები, რომლის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კასატორის მითითებით, 2015 წლის 19 მაისს სს „მ...ამ“ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებით ბათუმში, ...ის ქუჩის №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთები და მათზე არსებული შენობა-ნაგებობანი გადასცა შპს „მე...ს“, თუმცა აღნიშნულის შესახებ მას არ უცნობებია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის და არ წარმოუდგენია საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაშინ, როდესაც ზემოხსენებული ინსტრუქციის მე-7 მუხლით ამომწურავადაა გაწერილი მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, ცალსახადაა მითითებული, რომ ფაქტობრივად დაკავებულ ფართში, რომელზედაც ირიცხება მოსაკრებელი, ნებისმიერი სახის ცვლილების შესახებ შეტყობინების მიწოდება წარმოადგენს იურიდიული პირის ვალდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტად რჩება ის ორგანიზაცია, რომელიც გახდა თავდაპირველი სუბიექტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სს „მ...ა“ თავად არ ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოქმნიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და ასეთ საქმიანობას მხოლოდ მოიჯარეები ახორციელებდნენ, იგი ვალდებული იყო ამის შესახებ ეცნობებინა სამსახურის ან ოპერატორისათვის და წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობებში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ვერ განხორციელდებოდა.
კასატორის განმარტებით, 2015 წლის 19 მაისიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასახადს იხდის შპს „მე...“. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კასატორის ვალდებულებას წარმოადგენდა, რომ დაედასტურებინა შპს „მე...ის“ მიერ მაისიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადახდა, ამასთან მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში კი კასატორმა ვერ დაძლია ზემოხსენებული სტანდარტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების ნამდვილობას და გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნის მცდარობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება;
3. გ.ქ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 20.07.2022წ. №... საკრედიტო საგადახდო დავალებით მის მიერ სს „მ...ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 008.04 ლარის 70% - 1 405.63 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა