Facebook Twitter

საქმე №ბს-861(კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 26 დეკემბერს თ.ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან - დ.მ-თან და შვილებთან - ქ. და გ. მ-ებთან ერთად ახლო ნათესავის საკუთრებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ... მე-3 მ/რ, კორპ. 17, ბ....

მოსარჩელემ 2021 წლის 2 აპრილს №65398 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მოთხოვნით. ამასთან, შეავსო შესაბამისი კითხვარი. კერძო საკუთრებაში არსებული ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, თ.ფ-ას ოჯახი შეფასდა 4.00 ქულით (1.50 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები; 1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი). განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მშობლები, ბებია, ძმა და ორი შვილი; განაცხადი კი გააკეთა შვილებთან და არადევნილ მეუღლესთან, დ.მ-თან ერთად. დედას ლ.ს-ეს გააჩნია საკუთრება მდებარე ქ. თბილისი, ... მე-3 მ/რ, კორპუსი 17, ბინა ... (90 კვ.მ), მამას, თ.ფ-ას, კი გააჩნია საკუთრება ქ. ზუგდიდში, სოფ. ...ში. აღნიშნული საკუთრებები ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, თ.ფ-ას განაცხადიდან გამომდინარე, 2022 წლის 26 იანვარს, თბილისში (მისამართზე - თბილისი, ... ...ს მე-3 მ/რ, კორპ.17, ბინა ...), განხორციელდა მონიტორინგი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: თავად თ.ფ-ა, მეუღლე - დ.მ-ი, შვილი - ქ. მ-ი, შვილი - გ. მ-ი. განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2012 წლიდან. 2008-2012 წლებში ცხოვრობდა თბილისში, მისამართზე - თბილისი, ... ...ს მე-3 მ/რ, კორპ.17, ბინა ... მშობლების საკუთრებაში. 2005-2008 წლებში ცხოვრობდა თბილისი, ..., მე-3 მ/რ, კორპუსი 15 მშობლების საკუთრებაში (გაიყიდა და იყიდეს ზედა ბინა). 1993-2001 წლებში ცხოვრობდა ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე, მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლი, რომელიც დაინგრა. 2001-2005 წლებში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ...ში. განმცხადებელი ცხოვრობს მეუღლის მშობლების საკუთრებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 20 აპრილის №42 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №30/ნ ბრძანების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) განიხილა, სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში შევსებული 1151 განაცხადი. კომისიის გადაწყვეტილებით, თ.ფ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, მიჩნეულ იქნა, რომ ამ ეტაპზე, დედამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 დეკემბრის №IDP 7 22 00001135 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 დეკემბრის №IDP 7 22 00001135 ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ.ფ-ას ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი იძლევა იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა, რომელიც არ შეესაბამება შესაბამის ნორმატიულ აქტს და არ გამომდინარეობს მისგან, არღვევს კანონიერების პრინციპს და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეეფასებინა გადაუდებელი განსახლების საჭიროება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემისა და თ.ფ-ას ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათ არ ჰქონდათ გადაუდებელი განსახლების საჭიროება. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ თ.ფ-ას ოჯახს არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე იგი სარგებლობდა თბილისში, ...ში, ...ის მე-3 მ/რ, კორპ. 17, ბ. ...-ით, სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც გახდა შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო გარემოება, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სადავო საკითხის გადაწყვეტისას, გასცდა პრიორიტეტის მინიჭებისთვის დადგენილ ფარგლებს და კრიტერიუმების გათვალისწინებით დაჯამებულ ქულათა გათვალისწინების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს რომ "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. კასატორი საქმეშე არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჯერ მშობლების საკუთრებაში, კერძოდ მოსარჩელის მამა თ.ფ-ა ფლობდა საკუთრებას მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-3 მ/რ კორპ №15, ბინა №..., რომელიც 2007 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა და იმავე წელს იყიდა ის ბინა, რომელშიც მოსარჩელე 2012 წლამდე ცხოვრობდა. მოსარჩელე 2012 წლიდან დღემდე შეუზღუდავად სარგებლობს დედამთილის საკუთრებით. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მასზედ, რომ მიუხედავად ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელით შეუზღუდავად სარგებლობისა, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ მოსარჩელესთან მიმართებით კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 დეკემბრის №IDP 7 22 00001135 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

დადგენილია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2021 წლის 2 აპრილს, თ.ფ-ამ №65398 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მოთხოვნით. კერძო საკუთრებაში არსებული ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, თ.ფ-ას ოჯახი შეფასდა 4.00 ქულით (1.50 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები; 1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი). ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 20 აპრილის №42 სხდომის ოქმის თანახმად, თ.ფ-ას უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, დედამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო, მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო 2022 წლის 13 დეკემბრის №IDP 7 22 00001135 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.ფ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

სზაკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება თ.ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, რადგან დევნილი პირი შეუზღუდავად სარგებლობს დედამთილის საკუთრებით. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახებიც, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ უფრო ნაკლები ქულაც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით ქირის გარეშე სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საგულისხმოა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ქირის გარეშე ახლობლის/ნათესავის სახლში ცხოვრებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო დევნილის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. კასატორის მითითება, რომ მოსარჩელეს მისი ნათესავის საკუთრებაში არსებული ბინით შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიზლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ.ფ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილებს - ქ. და გ. მ-ებს, რომელთა უპირატესი ინტერესების დაცვაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა