საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-881 (გ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის სს ,,...ის“ საჩივრის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 30 აგვისტოს სს ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33543 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33543 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სს ...-ის“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახური და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33543 ბრძანების ბათილად ცნობა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამსახურის მისამართია: ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16 და ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,...ის“ იურიდიული მისამართია - ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა №... (თავისუფალი ინდუსტრიული ზონა).
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-301-297 (გ-14)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული მოცემული ნორმის მიზნებისათვის ორი მისამართის მითითება განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების განხორციელების ადგილს, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში ქალაქ თბილისს, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ქალაქ ქუთაისს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ორი ადგილსამყოფლის განსაზღვრა თავისთავად დაკავშირებულია თავად მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ადგილთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია როგორც საგადასახადო დავების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ასევე, მათი დედაქალაქში თავმოყრის შესუსტების ტენდენციით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლო პროცესის ეკონომიურობის პრინციპის განხორციელების მიზნით საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინებით სს ,,...ის“ სარჩელი, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე მოპასუხეებად მითითებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური. სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე განსჯადობით განსახილველად გადმოუგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, იმ მოტივით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მისამართია ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5.
სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა დავის საგანი - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33543 ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლ. კ-ა. სადავო ბრძანებით დამტკიცებულია „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითება“, რომლის პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად: „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითება (შემდგომ - მეთოდური მითითება) განმარტავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესებს, მათ შორის, ნებადართული და აკრძალული საქმიანობის, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესებს, აგრეთვე, განსაზღვრავს ამ სტატუსის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებებსა და უფლებებს“. შესაბამისად, ბრძანება შეიცავს მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენების ზოგად წესს და წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-301-297 (გ-14)), დადგენილია პრაქტიკა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას უფლებამოსილი სასამართლოების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმე №ბს-301-297 (გ-14)) საქმეში დავის საგანი არ არის იდენტური განსახილველი საქმის დავის საგანთან, და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი მითითებული პრაქტიკა ვერ გავრცელდება განსახილველ საქმეზე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება. ამ კატეგორიის დავებზე კი, უფლებამოსილ სასამართლოდ უნდა იქნეს მიჩნეული სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,...-ის“ სარჩელი, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით შპს "...ის" სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. თუკი პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, იმავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს. აღნიშნული დანაწესის შესრულება უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თავიდან არიდებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძვლების გამორიცხვას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. დასახელებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და ცალსახად მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33543 ბრძანების ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია სსიპ შემოსავლების სამსახური. სადავო ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 1-ლი მუხლით რეგულირდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესები,, მათ შორის, ნებადართული და აკრძალული საქმიანობა, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესები, აგრეთვე, განისაზღვრება ამ სტატუსის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებები და უფლებები. ამავე მეთოდური მითითების მე-2 მუხლის 4 პუნქტით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად. ამდენად, სადავო ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობას, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით საქართველოს მთავრობის ინიციატივის შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. მოქმედი კანონმდებლობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის აკრძალვას მხოლოდ გეოგრაფიული არეალის მიხედვით არ ითვალისწინებს და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შესაძლებელია შეიქმნას როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები და კონკრეტული დავის თავისებურებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების 1.4 მუხლზე, რომლითაც შემოსავლების სამსახურის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16 და ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5. ამდენად, შემოსავლების სამსახურის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს როგორც ქ. თბილისი, ასევე, ქუთაისი. ორი მისამართის არსებობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-301-297(გ-14)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,დებულებაში ორი მისამართის მითითება დაკავშირებულია მოპასუხის უფლებამოსილების გამიჯვნასთან ტერიტორიულ პრინციპზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დებულების მოცემული ნორმის მიზნებისათვის ორი მისამართის მითითება განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების განხორციელების ადგილს, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში ქ. თბილისს, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ქ. ქუთაისს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ორი ადგილსამყოფელის განსაზღვრა თავისთავად დაკავშირებულია თავად მეწარმე-სუბიექტების საქმიანობის ადგილთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია როგორც საგადასახადო დავების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ასევე, მათი დედაქალაქში თავმოყრის შესუსტების ტენდენციით“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საქმიანობის ადგილის (ქ.ქუთაისი, ...ის ქუჩა №... - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა) ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების 1.4 მუხლით შემოსავლების სამსახურის იურიდიული მისამართი არის - ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5, საერთო განსჯადობის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო მართალია ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო ბრძანების ინდივიდუალურ თუ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევაზე, რამეთუ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, რომლის დადგენა სამართლებრივად წყვეტს წინამდებარე დავას, თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება გამოცემული არ არის ნორმატიული აქტებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დაცვით (არ არის გამოქვეყნებული საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში) და სადავო ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ შემოსავლების სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "უ" ქვეპუნქტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსს ანიჭებს უფლებამოსილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები, შესაბამისად, ფორმალურად, სადავო აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილი წესით არის გამოცემული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე