საქმე №ბს-900(კ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ა...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 29 აპრილს, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ა...ს“ მიმართ.
მოსარჩელემ 14 776,95 ლარის ოდენობით გაწეული მომსახურების საფასურის დავალიანების ანაზღაურების, ვადაგადაცილებულ დღეებზე 2020 წლის 13 აპრილის მდგომარეობით 4 054,85 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის და 2020 წლის 14 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 14 776,95 ლარის 0.2 პროცენტის გადახდის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს ,,ა...ს“ მოსარჩელე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 16 776,95 ლარის გადახდა, საიდანაც 14 776,95 ლარი წარმოადგენდა მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, ხოლო - 2 000 ლარი პირგასამტეხლოს; მასვე დაეკისრა 2020 წლის 14 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 14 776,95 ლარის 0,1 პროცენტის ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს რაოდენობის ნაწილში, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 23 ოქტომბრის №199 ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით, რომელზეც ხელშემკვრელმა მხარეებმა გამოხატეს თანხმობა.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის არასწორი, რადგან აღნიშნული პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეებს შორის და ასევე ძირითადი ვალდებულების თანხა არ იქნა გადახდილი სრულად 2019 წლის ნოემბრის შემდგომ, რაც საკმაოდ დიდ დროდ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების შეუსრულებლობისა და ამით გამოწვეული ზიანისთვის.
კასატორის მითითებით, მსგავსი კატეგორიის საქმეზე ნამსჯელი აქვს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, ასევე ხაშურის და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებს, რომელთა გადაწყვეტილების შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა და ძირითადი ვალდებულებისა და გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა არ იქნა ჩათვლილი სამოქალაქო ბრუნის სამართლიანობის დარღვევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ა...ს“ წარმომადგენელს შორის 2019 წლის 23 ოქტომბერს დაიდო №199 ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ აიღო ვალდებულება 2019 წლის 23 ოქტომბრიდან 2021 წლის 23 ოქტომბრამდე გაეწია ...ის განხორციელება. ხელშეკრულებით განისაზღვრა გაწეულ მომსახურებაზე შედარების აქტის შედგენისა და ამ აქტის საფუძველზე ანგარიშსწორების თარიღები. ვადის დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურის 0.2%.
ისიც უდავოდ დადგენილია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა 2019 წლის 29 ნოემბერს მიმართა შპს ,,ა...ს“ წარმომადგენელს შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეთა მიერ არ იყო წარმოდგენილი. ...ზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტებით, შპს ,,ა...სთვის“ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 8928 ლარი, 4924 ლარი, 10 ლარი, 916 ლარი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ა...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, რამაც წარმოშვა ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (სუსგ 11.07.2012წ. საქმე №ბს-175-173(კ-12) და სხვ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს აღჭურავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებით. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერება და გონივრულობა. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (ს.კ. 205142200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.12.2022წ. №35220 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა