საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1423(კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ხ-ემ 2021 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 10 ივნისის №MOD 72100000019 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მ.ხ-ის სასარგებლოდ 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე ხელფასის დანაკლისის ანაზღაურების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება, 2020 წლის 1 დეკემბრიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მ.ხ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანების გაუვრცელებლობა, თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2020 წლის 1 დეკემბრამდე რედაქციით) საფუძველზე ხელფასის დაანგარიშება, კერძოდ წოდებრივი სარგოს 20%-ის, ხოლო გამოძახების დღეებში წოდებრივი სარგოს 100% დამატებული მე-18 მუხლით განსაზღვრული წელთა ნამსახურების დანამატი და 30-ე მუხლით დადგენილი მე-14 დანართით განსაზღვრული დანამატის მიცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 10 ივნისის №MOD 72100000019 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 10 ივნისის №19 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მ.ხ-ემ 2021 წლის 12 აპრილს №327527 საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის თანახმად მოითხოვა პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისათვის 2020 წლის 5 აგვისტოს №674867 განცხადებაზე წერილობითი პასუხის გაცემის დავალება და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისათვის 2020 წლის 5 აგვისტოს №674867 განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების გადაცემის დავალება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2021 წლის 15 აპრილი №349402 წერილით მ.ხ-ეს 2021 წლის 12 აპრილის №327527 საჩივარზე ეცნობა, რომ 2020 წლის 5 აგვისტოს №674867 განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანება, რომლის თანახმად საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად არსებობდა მისი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი და ეთხოვა მოსაზრების წარმოდგენა. 2021 წლის 19 აპრილის №356643 განცხადებით მ.ხ-ემ წარადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა, რომ მისთვის არავის უცნობებია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანების არსებობის შესახებ. ასევე განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანებით არსებითად სხვაგვარად მოწესრიგდა რეზერვისტის ანაზღაურების საკითხი და ის ვერ გავრცელდებოდა 2019 წლის 15 ოქტომბრიდან ( მ.ხ-ის ხელშეკრულების გაფორმებიდან) წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, სამინისტრო ვალდებული იყო 2019 წლის 15 ოქტომბრიდან კონტრაქტის დასრულებამდე - 2024 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდზე მის მიმართ გაეცა რეზერვისტის ანაზღაურება სრული ოდენობით, რაც განსაზღვრული იყო ცვლილებამდე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2021 წლის 21 აპრილის №372198 წერილით მ.ხ-ეს ეცნობა, რომ 2021 წლის 19 აპრილის №356643 განცხადებაში მითითებულ 2019 წლის 15 ოქტომბრიდან კონტრაქტის დასრულებამდე პერიოდზე შრომის ანაზღაურების მოთხოვნა არ წარმოადგენდა 2021 წლის 12 აპრილის №327527 საჩივარში ჩამოყალიბებულ დავის საგანს. შესაბამისად, საჩივრის ავტორს ეთხოვა ეცნობებინა აღნიშნული მოთხოვნა განხილულიყო როგორც ახალი განცხადება, თუ როგორც ადმინისტრაციული საჩივრის ერთ-ერთი მოთხოვნა. მ.ხ-ემ 2021 წლის 26 აპრილის №387591 განცხადებით განმარტა, რომ 2021 წლის 19 აპრილის №356643 განცხადებაში მითითებული საკითხები განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.
2021 წლის 02 ივნისს 2021 წლის 12 აპრილის №327527 საჩივრის განხილვისას მ.ხ-ემ დააზუსტა მოთხოვნა, რომლის თანახმად მოითხოვა - პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისათვის 2020 წლის 5 აგვისტოს №674867 განცხადებაზე წერილობითი პასუხის გაცემის დავალება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 28 აპრილის №338 ბრძანებით მ.ხ-ის 2021 წლის 12 აპრილის №327527 საჩივრის განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 ივნისამდე.
კასატორის მითითებით, მ.ხ-ის 2020 წლის 5 აგვისტოს №674867 განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში. კერძოდ, დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, აგრეთვე ამავე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც რეზერვში ჩარიცხული პირისთვის შრომის ანაზღაურება შედგება წოდებრივი სარგოსგან; ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2021 წლის 15 აპრილის №349402 წერილით გაეგზავნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანების ასლი. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მ.ხ-ის 2021 წლის 12 აპრილის №327527 ადმინისტრაციული საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2021 წლის 21 აპრილის №372198 წერილით მ.ხ-ეს ეცნობა, რომ 2021 წლის 19 აპრილის №356643 განცხადებაში მითითებულ 2019 წლის 15 ოქტომბრიდან კონტრაქტის დასრულებამდე პერიოდზე შრომის ანაზღაურების მოთხოვნა არ წარმოადგენდა 2021 წლის 12 აპრილის №327527 საჩივარში (რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო ბრძანება) ჩამოყალიბებულ დავის საგანს, შესაბამისად სამინისტრო ვერ გასცდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სარჩელის უარყოფის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ პირობებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს თავდაცვის სამინისტროს საჩივრის ფარგლებში და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2009 წლის 12 ოქტომბრის №962 ცნობის თანახმად, რეზერვისტი სერჟანტი მ.ხ-ე ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში 2004 წლის 15 იანვრიდან 2009 წლის 15 აპრილამდე. სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გასაფორმებელი 2019 წლის 14 ოქტომბრის №442/19 კონტრაქტის თანახმად, მ.ხ-ე ირიცხებოდა ტერიტორიულ რეზერვში. კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი. აქტიური რეზერვისტის შრომის ანაზღაურებად მიეთითა კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში - წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მ.ხ-ემ 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD42000674867 განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და აღნიშნა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ზემდგომ მეთაურობას მიმართა №36300 პატაკით რეზერვისტის ანაზღაურების არასწორად დაანგარიშების შესახებ, თუმცა პატაკთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია. განცხადებაში აღინიშნა, რომ რეზერვისტზე გასაცემი შრომის ანაზღაურება იანგარიშებოდა მხოლოდ წოდებრივი სარგოდან, რაც განმცხადებლის მოსაზრებით წარმოადგენდა სავარაუდო კანონდარღვევას, ვინაიდან გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში შრომის ანაზღაურება უნდა გაცემულიყო სრული ოდენობით, რაც უნდა მოიცავდეს წოდებრივ სარგოს 20%-ს დამატებული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წოდებრივი სარგოს 100% და დამატებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვარი №1 ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრულ წელთა ნამსახურების 20%-ს (გადაანგარიშებული სამხედრო სამსახურის გავლის დღეებზე) დამატებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვარი №1 ბრძანების მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანამატი, „დანართი 14“-ის შესაბამისად (გადაანგარიშებული სამხედრო სამსახურის გავლის დღეებზე). ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა აღნიშნული საკითხის შესწავლა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ასევე დადგენილია, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვარი №1 ბრძანებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანებით შევიდა ცვლილება, კერძოდ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება შედგება: სამხედრო მოსამსახურისათვის (რეზერვში ჩარიცხული პირის გარდა) - წოდებრივი სარგოსგან, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან. სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება ეძლევა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით.“
მ.ხ-ემ 2021 წლის 12 აპრილის №MOD32100327527 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისათვის 2020 წლის 5 აგვისტოს №674867 განცხადებასთან დაკავშირებით აქტის გამოცემის დავალება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით განსაზღვრული აქტის გამოცემის ვადები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 15 აპრილის №MOD92100349402 წერილით მ.ხ-ეს ეცნობა, რომ 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD42000674867 განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანება, რომლითაც განხორციელდა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვარი №1 ბრძანებაში. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით საჩივრის ავტორს ეთხოვა წერილობითი პოზიციის დაფიქსირება.
მ.ხ-ემ 2021 წლის 19 აპრილის №MOD42100356643 განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. განცხადებაში აღინიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანების გამოცემის საფუძვლები. განცხადებაში მიეთითა, რომ დასახელებულმა ბრძანებამ არსებითად სხვაგვარად მოაწესრიგა რეზერვისტის ანაზღაურების საკითხი, რომელიც არ შეიძლება გავრცელებულიყო ცვლილების განხორციელებამდე არსებულ ურთიერთობაზე, თანახმად ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა. ამდენად, ითხოვა 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე შესრულებულიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვარი №1 ბრძანებით ნაკისრი ვალდებულება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 21 აპრილის №MOD72100372198 წერილით მ.ხ-ეს ეცნობა, რომ 2021 წლის 19 აპრილის №MOD42100356643 განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნა, არ წარმოადგენდა მის ადმინისტრაციულ საჩივარში ჩამოყალიბებულ სადავო საგანს, შესაბამისად ეთხოვა დაეზუსტებინა - მოცემული მოთხოვნა განხილულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, თუ როგორც განცხადება. მ.ხ-ემ 2021 წლის 26 აპრილის №MOD02100387591 განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და აღინიშნა, რომ 2021 წლის 19 აპრილის №MOD42100356643 განცხადებაში მითითებული საკითხები განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 28 აპრილის №MOD12100000338 ბრძანებით მ.ხ-ის 2021 წლის 12 აპრილის №MOD32100327527 ადმინისტრაციული საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 ივნისამდე. მ.ხ-ის 2021 წლის 12 აპრილის №MOD32100327527 ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის შესახებ 2021 წლის 2 ივნისის ოქმის თანახმად, მ.ხ-ემ დააზუსტა ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD42000674867 განცხადებაზე პასუხის გაცემა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 10 ივნისის №MOD92100542803 წერილით მ.ხ-ეს ეცნობა, რომ მისი 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD42000674867 განცხადება განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ. შედეგად გამოიცა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანება, რომელიც მ.ხ-ეს წარედგინა დანართის სახით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 10 ივნისის №MOD72100000019 სადავო ბრძანებით მ.ხ-ის 2021 წლის 12 აპრილის №MOD32100327527 ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მ.ხ-ე 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD42000674867 განცხადებით ითხოვდა შრომის ანაზღაურების დაანგარიშებას სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოქმედი ნორმების შესაბამისად. სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია და განმცხადებლისათვის შესაბამისი პასუხი არ გაუცია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტული შინაარსის განცხადებაზე პასუხად ვერ განიხილება საკანონმდებლო ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ცვლილება უკავშირდებოდეს განცხადებაში დასმულ საკითხს. ამდენად, განცხადებაში დაფიქსირებულ კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მ.ხ-ეს შესაბამისი დასაბუთებული პასუხი არ მიუღია, რაც გამორიცხავდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მისი საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვარი №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანა გულისხმობს მომავალში წარმოშობილი საკონტრაქტო ურთიერთობის ახლებურ მოწესრიგებას, თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD42000674867 განცხადებაში დასმული საკითხზე გადაწყვეტილების მიღებად, ვინაიდან მ.ხ-ესთან კონტრაქტი გაფორმებული იყო 2019 წლის 14 ოქტომბერს, ცვლილება კანონმდებლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი შევიდა 2020 წლის 1 დეკემბრიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა 2019 წლის 14 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში მ.ხ-ისათვის გადახდილი შრომითი ანაზღაურების შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან. ასევე უნდა ემსჯელა 2020 წლის 1 დეკემბრიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მ.ხ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №107 ბრძანების დანაწესის გავრცელების მიზანშეწონილობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა