საქმე №ბს-1015(უს-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ჯ.ჯ-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ.ჯ-ამ 2022 წლის 04 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 01 აპრილის №579 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში მდებარე 725 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჯ.ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ამავე სარჩელში ჯ.ჯ-ამ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქმედების აკრძალვის გამოყენება; კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აკრძალვოდა სადავო მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ. თბილისი, ...ის №29-ში, 725 კვ.მ) რაიმე სახით გასხვისება/გადაცემა/აუქციონზე გატანა, ან რაიმე სახის იმგვარი ქმედება, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელს შეუშლიდა მოსარჩელის უფლების რეალიზებას. ამასთან, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი სხვა ნაკვეთებთან ერთად ერთი საკადასტრო კოდით (№...) არის რეგისტრირებული, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მხოლოდ 725 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოითხოვა. ჯ.ჯ-ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კიდევ ერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ 2020 წლის 08 მაისს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ გამოაქვეყნა ლოტი №..., აუქციონი №..., რომლის მიხედვითაც აუქციონზე გატანილი იქნა სადავო ქონება. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არსებობდა რეალური საშიშროება იმისა, რომ მოსარჩელის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განმეორებით მოხდებოდა მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებას აღუსრულებელს გახდიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით ჯ.ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აეკრძალა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში - ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №31-ში მდებარე, 2580 კვ.მ დაუზუსტებელ ფართობზე, მიწის (უძრავი ქონების) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთში შემავალი/მოქცეული 725 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. N29-ში) გასხვისება/გადაცემა/აუქციონზე გატანა ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინება გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინება საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ჯ.ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვის შემთხვევაში, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა აღნიშნული აკრძალვის მოპასუხე მხარის მიმართ მიმართვა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრნველყოფის ღონისძიების ადრესატს მოპასუხე მხარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ წარმოადგენდა და იგი მიმართული იყო საქმეში მესამე პირად ჩართულ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით მესამე პირისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მესამე პირისათვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოპასუხის მოვალეობა მესამე პირის სტატუსის მქონე პირზე არ ვრცელდებოდა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული იყო არა სარჩელში მოპასუხედ დასახელებული პირის, არამედ მესამე პირის მიმართ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების სააგენტოსთვის (მესამე პირი) ქმედების განხორცილების აკრძალვის თაობაზე შუამდგომლობა მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 01 აპრილის №579 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
ჯ.ჯ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე; კერძოდ, მოითხოვა, ქ. თბილისის მერიას აკრძალვოდა რაიმე სახით სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება/გადაცემა/დატვირთვა/აუქციონზე გატანა ან რაიმე სახის იმგვარი ქმედება, რომელიც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელს შეუშლიდა მისი უფლების რეალიზაციას.
შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მესამე პირის ქონებაზე რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუვრცელებლობის საფუძვლით, იყო უსაფუძვლო, ვინაიდან ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამსახურს, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მისი გამოცალკევება, თითქოს ის იყო სხვა სუბიექტი და მისი, როგორც მესამე პირის ქონებაზე უზრუნველყოფა არ შეესაბამებოდა კანონს. ჯ.ჯ-ას მოსაზრებით, როგორც კომისია, ასევე ქონების მართვის სააგენტო არიან მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურები და შესაბამისად არ უნდა გაუქმებულიყო საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას მოჰყვა მუნიციპალიტეტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც გამოიხატა 2023 წლის 21 ივნისს ქონების მართვის სააგენტოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში სერვიტუტის დარეგისტრირებაში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. შედეგად, მიწაზე, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო მოსარჩელე მხარის უფლებები, კიდევ უფრო დაირღვა მერიის მიერ სერვიტუტის დარეგისტრირების გამო. ამასთან, ჯ.ჯ-ას განმარტებით, ქონების მართვის სააგენტოს რეესტრში, აღნიშნული მოთხოვნის რეგისტრაციიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, არაერთი განცხადებით იყო ცნობილი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, რომ ადგილი ჰქონდა მისი უფლებების მიზანმიმართულად დარღვევას, რაც არ იქნა გათვალისწინებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ამასთან ჯ.ჯ-ა განმარტავდა, რომ სადავო მიწა რამდენჯერმე იქნა გატანილი აუქციონზე, სარჩელის სასამართლოში განხილვის დაწყებიდან სააპელაციო შესაგებლის წარდგენის მომენტამდე ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ფოტოების გადასაღებად და მიწის ნაკვეთის ასაზომად მისი აუქციონზე გატანის მიზნით რამდენჯერმე გამოცხადდნენ ჯ.ჯ-ასთან, რამაც გამოიწვია სიტყვიერი კონფლიქტი მეზობლებს, მასა და სააგენტოს თანამშრომლებს შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენდა უკიდურესად მნიშვნელოვანს, ვინაიდან მერია მიზანმიმართულად, ყოველგვარი უფლებების დარღვევით ახორციელებდა საკუთარი ინტერესების გატარებას სადავო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, მოითხოვა მერიისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის ქმედების აკრძალვა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ჯ.ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მითითებით, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ამავე დავის ფარგლებში სასამართლოს ერთხელ უკვე განხილული ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი, ხოლო სხვა ქონებასთან მიწის ნაკვეთის გაერთიანების გამო საკადასტრო კოდის ცვლილება არ ცვლიდა შუამდგომლობის არსობრივ შინაარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებაზე ჯ.ჯ-ამ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ჯ.ჯ-ას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის მოტივით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის საფუძველზე, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ჯ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის (საჩივრის) განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახეების ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიც, თავის მხრივ, თვითონვე განსაზღვრავს უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმებს; სახელდობრ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები, რაც დიფერენცირებულია ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება წარმოადგენს ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. იგი ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას (იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავს საკითხზე, სუსგ ბს-1562(უს-18), 09.01.2019წ.).
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა გამოყენების საჭიროებაზე მიუთითებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის საკითხი, რაც მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მოწესრიგებული არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. შესაბამისად, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალებები მოწესრიგებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქმის განმხილველი სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებით დაინტერესებული მხარის მიზნის მიღწევის უზრუნველყოფა და მხოლოდ გამონაკლისის სახით (მაგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები, კონკრეტულ შემთხვევაში, ქმნის პირის უფლებების წინასწარი დაცვის უფრო ეფექტურ წესრიგს და სხვ.) გადავიდეს სამოქალაქო საპროცესო დებულებების გამოყენებაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელის უზრუნველმყოფი პრევენციული ღონისძიებების დანიშნულება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. ამგვარი ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკმარის საფუძველს. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ჯ.ჯ-ას მიერ სააპელაციო შესაგებელში შუამდგომლობის განმეორებით დაყენების მიზანს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა წარმოადგენს. მისი ინტერესი გამოიხატებოდა იმაში, რომ სადავო ქონების გასხვისებით ან უფლებრივად სხვაგვარი დატვირთვით ხელი არ შეშლოდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მხარემ შუამდგომლობა დაამყარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე, ამასთან მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რაც მოსარჩელის აზრით, ემსახურებოდა შუამდგომლობის საფუძვლიანად წარმოჩენას და ასევე წარმოადგენდა ახალ გარემოებას (რაც გამოიხატა 2023 წლის 21 ივნისს ქონების მართვის სააგენტოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში სერვიტუტის დარეგისტრირებაში), თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ამავე დავის ფარგლებში ერთხელ უკვე განხილული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი და სხვა ქონებასთან ამ მიწის ნაკვეთის გაერთიანების გამო საკადასტრო კოდის ცვლილება არ ცვლიდა შუამდგომლობის არსობრივ შინაარს, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შუამდგომლობა დატოვა განუხილველად, ისე, რომ ახალ გარემოებაზე მითითება, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლების წინასწარი დაცვის მომწესრიგებელი ნორმები ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობის პირობებში პრევენციული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ საკითხის განხილვისას სასამართლომ, კონკრეტული საპროცესო სამართლით რეგულირებული სარჩელის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გამოყენების საჭიროება, შეარჩიოს მხარის უფლებების უფრო ეფექტურად დაცვის ინტერესიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, არ შეიბოჭოს მოთხოვნის ფორმულირებით და დაეხმაროს მხარეს მისი მოთხოვნის მიზნის უფრო რაციონალურად მიღწევაში შესაბამისი სამართლის გამოყენების გზით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის დანაწესი, კანონის ანალოგიით, ასევე ვრცელდება მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ. პალატა აქვე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებაზე დაყრდნობით (საქმე №ბს-1174-1168(კს-17)) განმარტავს, რომ ,,ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება დასაშვებია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არამედ სხვა გარემოებების არსებობისას (მაგ.: ზიანის გაზრდის, გარემოებათა შეცვლის და სხვ.). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი თავისი არსით უფრო ფართო შემთხვევებს მოიცავს და უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ბევრად ფართო შემთხვევებს, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით“.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული შინაარსი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს არა მარტო იურიდიულ ფაქტებს, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და ცნობილი არ იყო არც განმცხადებლის და არც სასამართლოსთვის, არამედ იმ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტებსაც, რომლებიც წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და რომელთა გათვალისწინება არსებითად ცვლის მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს და შესაბამისად ფაქტობრივ საფუძველს აცლის სასამართლოს მიერ ამ ფაქტების გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას.
ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო შესაგებელში მხარის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გარეშე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვება, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის უგულებელყოფა, შეუსაბამოა უფლების ეფექტური დაცვის პრინციპთან, რაც გულისხმობს როგორც უფლების რეპრესიულ დაცვას, ანუ დარღვეული უფლების აღდგენას, ისე უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმების გამოყენებას და რასაც დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის ფუნქცია გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ.ჯ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოსა და 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.ჯ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოსა და 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა