საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-408(2კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
2. ქ.ჯ-ე (მესამე პირი)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ.ი-ი, თ.ხ-ი
მესამე პირი - სს „ლ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 09 ივნისს ა.ი-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ასევე მესამე პირის - ქ.ჯ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2004 წლის 20 იანვრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობის (საკადასტრო კოდით ...) ნაწილობრივ - ა.ი-ის მიწის ნაკვეთის 0.722 ჰექტარის ნაწილში ბათილად ცნობა, ... საკადასტრო კოდით (ნაკვეთის წინა ნომერი ...) რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 09.10.2007 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ - ა.ი-ის მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2016 წლის 29 მარტისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მაისისა და 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისათვის ახალი აქტის გამოცემისა და ა.ი-ის სახელზე, მის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის რეგისტრაციის დავალება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ა.ი-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, შეჩერდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, ა.ი-ის ნაცვლად საქმეში ჩაებნენ მისი უფლებამონაცვლეები - ზ.ი-ი და თ.ხ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სს ,,ლ...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით ა.ი-ის უფლებამონაცვლეების - ზ.ი-ისა და თ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც თ.ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით თ.ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ი-ის უფლებამონაცვლე თ.ხ-ისა და ზ.ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ი-ის უფლებამონაცვლე თ.ხ-ისა და ზ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 20 იანვრის სარეგისტრაციო მოწმობა №53/04/00079 (ს/კ ...) ა.ი-ის 0.722 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ქ.ჯ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ნ.ს-ს მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: ... საკუთრების უფლება წარმოეშვა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფიზიკური პირებისგან უძრავი ქონებების შეძენის და შემდგომ მათი გაერთიანების შედეგად (51.6 ჰა მიწა). შესაბამისად, ნ.ს-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია არა სადავო სარეგისტრაციო მოწმობის (განაცხადის რეგისტრაციის №53/04/00079), არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ამრიგად, გარდა იმისა, რომ სასამართლომ ბათილად ცნო დოკუმენტი, რომელიც არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგს ან/და საფუძველს ნ.ს-ის შემთხვევაში, პალატამ ასევე არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე მხარეს წინამდებარე შემთხვევაში არ გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი სადავოდ გამხდარი აქტის მიმართ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად ასევე დგინდება, რომ 2006 წლის 2 მარტის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №81 ოქმის თანახმად, ნ.ს-ს სახელმწიფოსაგან შეძენილი აქვს 420000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია ... ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოიშვა საკადასტრო კოდი ..., რომლის დაუზუსტებელი ფართობი იყო 938000.00 კვ.მ. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიყო ... და ... საკადასტრო კოდებად. ... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ქ.ჯ-ე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. 2016 წლის 24 მარტის №... სარეგისტრაციო განცხადებით ა.ი-ის მიერ მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვის შპს „ გ...“-ს 15.03.2016 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც რეგისტრაცია მოთხოვნილია თელავში, სოფელ ... ში 7259.87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თუმცა, მასში ასახული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ხვდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში და დგინდება ზედდება. მარეგისტრირებელი ორგანოს №... (03.05.2016) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. გაუქმებულ სარეგისტრაციო მოწმობასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 20 იანვრის №53/04/00079 სარეგისტრაციო მოწმობა არასოდეს წარმოადგენდა თელავში, სოფელ ... ში მდებარე 51.6 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, პალატის მხრიდან აღნიშნული დოკუმენტის ბათილად ცნობა იმ პირობებში, როდესაც მის საფუძველზე სააგენტოში არ განხორციელებულა არცერთი ქმედება/რეგისტრაცია, მოსარჩელისათვის ვერ იქნება რაიმე სამართლებრივი შედეგის მომტანი. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო მოწმობა არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია. ამრიგად, მისი ბათილად ცნობა არ გამოიწვევს არცერთი სხვა გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინამდებარე დავასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განჩინებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქმის ხელახლა განხილვის პროცესში სააპელაციო სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძვლიანობისთვის და განესაზღვრა ა.ი-ის სარჩელის პერსპექტიულობა. ზემოაღნიშნული მითითება არ გულისხმობდა სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების დავალებას. იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო სწორად შეაფასებდა სარჩელის პერსპექტიულობას, მას ყურადღება უნდა გაემახვილებინა როგორც დოკუმენტის შინაარსზე, ასევე, იმ გარემოებაზე, თუ რამდენად გააჩნია მხარეს იურიდიული ინტერესი. ცალსახაა, რომ მხოლოდ სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა ვერანაირ სამართლებრივ შედეგს ვერ მოუტანს მოსარჩელე მხარეს და ვერ იქნება უზრუნველყოფილი მისი უფლების რეალიზება. შესაბამისად, ამ პირობებში, სარჩელი არ შეიძლებოდა შეფასებულიყო პერსპექტიულად.
კასატორის მითითებით, სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით, საგადასახადო სიითა და 1993 წლის 12 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, დგინდება ა.ი-ისთვის სულ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის, მათ შორის 0.722 ჰა მიწის სოფელ ... ში გადაცემის ფაქტი, რომლის რეგისტრაციის განხორციელებაც ვერ მოხდა ქ.ჯ-ის რეგისტრირებული უფლების არსებობიდან გამომდინარე. წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა არამხოლოდ ზედდება, არამედ ის გარემოებაც, რომ არ დგინდება მისი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კერძოდ, ა.ი-ის მიერ წარმოდგენილი იყო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 23 მარტის №AA2016022651-03 საარქივო ცნობა. ცნობის თანახმად, თელავის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს 2001-2006 წწ. საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ა.ი-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა.ი-ი, ქ.ი-ი, ზ.ი-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1960 წელს აგებული სახლი, სულ მიწა - 1 ჰა. ცალსახაა, რომ აღნიშნულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ ერთვის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის დადასტურებას. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მითითებულ 1993 წლის 12 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტს, დღეის მდგომარეობით მოქმედ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული: მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი და მასზე დასმულია მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის წელი; მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ა.ი-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტს არ ერთვის ექსპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამ დოკუმენტზე, როგორც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე ყურადღების გამახვილება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო უთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილებით დაწესებული საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ოდენობის თაობაზე. აღნიშნულთან მიმართებით კი ადგენს, რომ სადავო აქტის მიხედვით, ნ.ს-ს კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული ჰქონდა სოფელ ...ში მდებარე 51.6 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ 0.722 ჰა მიწის ნაკვეთსაც. აღნიშნულ მსჯელობას კასატორი არ ეთანხმება, ვინაიდან ნ.ს-მა 51.6 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა ფიზიკურ პირებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეზღუდვები, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთები მას არ გადასცემია მიწის რეფორმის ფარგლებში.
კასატორი - ქ.ჯ-ე მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და სააპელაციო პალატის შეფასებებზე და აღნიშნავს, რომ თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა განცხადება №... (დაინტერესებული პირი: ა.ი-ი), რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთზე მისამართზე - თელავი, სოფელი .... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი ...) საზღვრებში.
კასატორის მითითებით, იმის მიუხედავად, რომ რეესტრის მიერ არ იქნა განსაზღვრული პირობითი კოდი სრულად, ნათელია, რომ ა.ი-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კოდის საწყისი ციფრებია 53.00, ხოლო მესამე პირის - 53.15 (და შემდგომ გრძელდება 33.003). №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მისამართია არა თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., არამედ თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების უპირველესი და ძირითადი საფუძველია. კასატორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სხდომაზე მიუთითა შესაბამის წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც არაა ასახული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში.
ნ.ს-ს გარდაცვალებამდე საკუთრების უფლებით ერიცხებოდა 93.8 ჰა მიწის ნაკვეთი, მ.შ. 78 ჰა-ზე გაშენებული ვენახის, ... „...ოს“, დამხმარე ნაგებობების, 2498 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, მდებარე თელავის რაიონი, სოფელი ..., აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა: 1. მიწის და სხვა სხვა უძრავი ქონების დამადასტურებელი ოქმი №81, 02.03.2006 წელი; 2.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №25/180-1, 01.02.2000 წელი; 3.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №25/178ა, 01.02.2000 წელი; 4.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №25/179-ა, 01.02.2000 წელი; 5.სარეგისტრაციო მოწმობა №53/04/00079. 20.01.2004; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, განაცხადის რეგისტრაციის №..., თარიღი 05.07.2007 წელი, მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო №...), გაცემული 16.07.2007 წელი, რის გამოც მოსარჩელე/აპელანტი ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, სად მდებარეობდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მიწის გამოყოფის/მიღება/ჩაბარების აქტის თანახმად. კასატორის მითითებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენი ნოტარიუს გ.ბ-ის მიმართ, სადაც მოსარჩელეზე - ა.ი-ზე საუბარიც კი არაა. მეტიც, კასატორის განმარტებით, მან პალატას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პირები, რომლებიც დაზარალებულებად არიან ცნობილები აღნიშნული განაჩენით, დღევანდლამდე არ არიან იმ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, რაც ნ.ს-ის, შემდეგ კ.ს-ის და შემდგომ ქ.ჯ-ის საკუთრებას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ რეაგირების გარეშე დატოვა დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია: თელავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 02 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №81 42 ჰა მიწის ნაკვეთზე, რაც შედის ნ.ს-ის დანაშთი სამკვიდროს მასაში, ფართობით 93.8 ჰა, მდებარე თელავის რაიონი, სოფელი .... პალატას მსჯელობის საგნად ასევე არ გაუხდია შპს „მ...ის“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 93 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილზეც ზედდებაში აღმოჩნდა მოსარჩელის/აპელანტის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი. პალატამ შეფასების გარეშე დატოვა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთზე, მდებარე თელავის რაიონი, სოფელი ..., ს/კ №..., რომელიც შემდგომ შეიცვალა ს/კ ...-ით, სადაც უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: 1.მიწის და სხვა სხვა უძრავი ქონების დამადასტურებელი ოქმი №81, 02.03.2006 წელი; 2.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №25/180–1, 01.02,2000 წელი; 3.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №25/178ა, 01.02.2000 წელი; 4.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №25/179 -ა, 01.02.2000 წელი; 5.სარეგისტრაციო მოწმობა №53/04/00079. 20.01.2004, ანუ მოწმობა, რომელიც პალატამ ბათილად ცნო 0.722 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში. ის გარემოება, რომ ნ.ს-ს ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გააჩნდა მიწის ნაკვეთები სოფელ ...შიც, დასტურდება შესაბამისი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, სადაც უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის გამოც სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა ა.ი-ის უფლებამონაცვლეების სააპელაციო საჩივარი სათანადო მტკიცებულების - საინჟინრო ტექნიკური საექსპერტო დასკვნის გარეშე. დაუდგენელია რამდენად შეესაბამებოდა მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გამოყოფილი/მიწის მიღება/ჩაბარების თუ განაწილების გეგმის თანახმად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 162-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ სადავო მოწმობის კანონშესაბამისობის თაობაზე და არა ა.ი-ის მიერ გამოყენებული უფლების დამდგენი დოკუმენტისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ.ჯ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ.ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) 20.01.2004წ. საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, ნ.ს-ს საკუთრებაში ერიცხება თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 51.6 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.კ. №...). 2007 წლის 6 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, კ.ს-მა, როგორც ნ.ს-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ნ.ს-ის სამკვიდრო ქონება. კ.ს-სა და ქ.ჯ-ეს შორის დადებული 2007 წლის 28 სექტემბრის №1-6561 ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თელავში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 938 830 კვ.მ მიწის ნაკეთის (ს.კ. №...) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია ქ.ჯ-ე.
საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობისა და საგადასახადო სიის შესაბამისად, დადგენილადაა ცნობილი, რომ ა.ი-ს გადაცემული ჰქონდა 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მათ შორის, დამატებით გამოეყო ვენახი 7308 კვ.მეტრი სოფელ ...ში, რომელიც მდებარეობს სოფელ ...ს მომიჯნავედ, შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორის, ქ.ჯ-ის მითითება მოსარჩელეების მამკვიდრებელზე გადაცემული მიწის ნაკვეთის სადავო მიწის ნაკვეთიდან არსებითად სხვა ადგილას მდებარეობის შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს 2016 წლის 24 მარტს განცხადებით მიმართა ა.ი-მა და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - მდებარე თელავი, სოფელი ... . სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს.კ. № ... ) საზღვრებში. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ა.ი-ის მიერ დამატებით არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 3 მაისს მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის უფლებამონაცვლეებს არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ პირობებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ.ჯ-ის საკასაციო საჩივრების ფარგლებში და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებს მხოლოდ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) 20.01.2004წ. საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის კანონიერების თვალსაზრისით.
საქმეში წარმოდგენილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით, თელავში, სოფელ ...ში მდებარე 51,6 ჰა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ.ს-ის კერძო საკუთრებაში.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც არსებული, ისე სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მოითხოვებოდა გარკვეული წინაპირობების არსებობა. აუცილებელი იყო განმცხადებელს მარეგისტრირებელ ორგანოში წარედგინა მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნისათვის ხელშეწყობის მიზნით მიღებული ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორი ხელმძღვანელობდა საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადებითა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტით. აქტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დართვოდა მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ.
ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროისთვის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის განაწილების სია და აგრეთვე საგადასახადო სია წარმოადგენდა იმ სახის დოკუმენტებს, რომელიც მხარეს ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების პირველადი რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში, გაურკვეველია სადავო აქტის გამოცემის, შესაბამისად, ნ.ს-ის სახელზე 51,6 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი არ არის ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრაციის საფუძველი გახდებოდა.
საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო აქტით ნ.ს-ის სახელზე დარეგისტრირებული მიწის საერთო ფართობი სულ ცოტა 10-ჯერ აღემატება სადავო პერიოდში კანონმდებლობით დადგენილ საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრულ ნორმას, რაც დამატებით მიუთითებს სადავო სარეგისტრაციო მოწმობის კანონშეუსაბამობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ შეძლო სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით სადავო აქტის გამოცემამდე არსებული სააღრიცხვო ბარათის წარმოდგენა, რომელიც ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიული საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით, საგადასახადო სიითა და 1993 წლის 12 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, დგინდება ა.ი-ისთვის სულ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის, მათ შორის, 0,722 ჰა მიწის სოფელ ...ში გადაცემის ფაქტი, რომლის რეგისტრაციის განხორციელება და საკუთრების უფლების რეალიზაცია მხარემ ვერ მოახდინა ნ.ს-ის სადავო რეგისტრაციის, შემდგომ კი ამავე ნაკვეთზე ქ.ჯ-ის რეგისტრირებული უფლების არსებობიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს იმის შესახებ, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გამოცემული იქნა სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გაუთვალისწინებლად, შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ.ჯ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.05.2022წ. №12155 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. ქ.ჯ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.მ-ის (პ/ნ...) მიერ 11.04.2022წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა