Facebook Twitter

ბს-997(კ-23) 21 დეკემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა. ა-იმ 18.01.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

17.01.2022წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური, ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ზიანის სახით 25800 აშშ დოლარის მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.01.2022წ. განჩინებით, დაზუსტებული სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2022წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროს არსებული ეროვნული ბანკის კურსით, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1 000 (ათასი) ლარის, ექსპერტიზის ხარჯის - 54 ლარის, მინდობილობების, ავტომანქანის დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების დამოწმებისათვის გადახდილი თანხის - 49 ლარის და ფაქტის კონსტატაციისთვის გაწეული ხარჯის - 77 ლარის ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2017წ. განჩინებით საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის სანქციის სახით ჩამორთმევის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 12.04.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მოქმედება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.07.2017წ. განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 03.08.2017წ.. აღნიშნულის მიუხედავად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 05.10.2017წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩამორთმეული ავტომანქანა გადასცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელმაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით გაასხვისა 09.02.2018წ.. სსიპ შემოსავლების სამსახურს ასევე არ მიუწოდებია ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის იმ სამართალდარღვევის ოქმის მოქმედების შეჩერების შესახებ, რომლითაც ავტომანქანა იქნა ჩამორთმეული. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა სსიპ შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედებით პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედებას შორის. პალატამ მიუთითა, რომ ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 38 400 ლარის ოდენობით მოსარჩელეს დაუბრუნდა 31.07.2019წ., რა დროსაც 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენდა 2,9507 ლარს, შესაბამისად მას დაუბრუნდა დაახლოებით 13.013 აშშ დოლარი, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება მის მიერ ავტომობილში გადახდილი საფასურისგან, მათ შორის ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია ზიანის შეფასებისას დოლარის კურსის სხვადასხვა დროს მოქმედი განაკვეთის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობა მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას ითვალისწინებს ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობა სწორად იქნა განსაზღვრული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანი უნდა იყოს ჩამორთმეული ავტომანქანის საბაზრო ფასი. ქვედა ინსტანციის სასამართლოები უნდა დაყრდნობოდნენ ავტომანქანის სარეალიზაციო ფასს, რაც თითქმის ემთხვევა 11.07.2017წ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტში მითითებულ ფასს. 11.07.2017წ. შემოწმების აქტით სატრანსპორტო საშუალების ღირებულება განისაზღვრა 40 000 ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოახდინა ჩამორთმეული ავტომანქანის რეალიზაცია და 09.02.2018წ. ავტომანქანა გადაეცა აუქციონში გამარჯვებულ პირს. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 38 400 ლარი გადაეცა რ. გ-ს (პირი, რომელიც მართავდა ავტომანქანას). 23.12.2020წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმით 2013წ. გამოშვებული „...ის“ ფასი ვებგვერდზე ... შეადგენს 2 250 000 რუბლს (დღგ-ს გარეშე). მოსარჩელემ აღნიშნული ავტომობილი შეიძინა 2 480 900 რუბლად (დღგ-ს ჩათვლით). იმ პირობებში, როდესაც 2012წ. გამოშვებული ავტომანქანა იმავე წელს გაიყიდა 2 480 900 რუბლად, შეუძლებელია იგივე ავტომანქანა 7 წლის შემდეგ უფრო ძვირი ღირდეს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა, რომ ექსპერტმა შეაფასა 2016-2017წ. გამოშვებული ავტომანქანების საბაზრო ღირებულება, ხოლო ჩამორთმეული ავტომანქანა გამოშვებული იყო 2012წ., ამასთან, ზიანის ოდენობა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა უკვე ანაზღაურებული თანხის - 38 400 ლარის გაუთვალისწინებლად. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ქმნიდა ზიანის სახით 20 000 აშშ დოლარის განსაზღვრის შესაძლებლობას, ასევე გაუგებარია ზიანის ოდენობის აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დაკისრების საფუძვლები. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ კანონი განმარტავს საბაზრო ფასის ცნებას, მითითებული კანონის 1.1 მუხლის თანახმად, თავისუფალი (საბაზრო) ფასი ეწოდება ფასს, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხამების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ამ პრინციპის დაცვით განხორციელდა ჩამორთმეული ავტომანქანის რეალიზაცია, შესაბამისად, მიყენებული ზიანი არის 38 400 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული 07.02.2013წ. შპს „...სა“ და ა. ა. ა-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ა. ა. ა-მა ავტომობილი ... შეიძინა 2 480 900,00 რუბლად, მათ შორის გათვალისწინებული იყო დღგ 18%. დადგენილია, რომ 12.04.2017წ. სგპ „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შემოვიდა რ. გ-ი მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, რომლის დათვალიერების შედეგად უფლებამოსილმა პირმა აღმოაჩინა არადეკლარირებული საქონელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 12.04.2017წ. შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც რ. გ-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. რ. გ-ის მიერ საბაჟო დეპარტამენტის 12.04.2017წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა ჯერ სსიპ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში და ბოლოს - სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2017წ. განჩინებით საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა გასაჩივრებული აქტები, შესაბამისად, შეჩერდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის სანქციის სახით ჩამორთმევის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 12.04.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მოქმედება. დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.07.2017წ. განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 03.08.2017წ.. სსიპ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტომანქანა გადასცა 05.10.2017წ., ხოლო სააგენტომ ავტოსატრანსპორტო საშუალება განმეორებით ელექტრონული აუქციონის ფორმით გაასხვისა 09.02.2018წ.. ამდენად, დგინდება, რომ სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიუხედავად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 05.10.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სადავო ავტომანქანა გადასცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მისი რეალიზაციის მიზნით, ამასთან, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.06.2018წ. გადაწყვეტილებით, რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 12.04.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.05.2017წ. ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 07.07.2017წ. გადაწყვეტილება ავტომანქანის ჩამორთმევის ნაწილში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სახეზეა ზიანის ანაზღაურების სავალდებულო წინაპირობები, კერძოდ დგინდება სსიპ შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედებით პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედებას შორის. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია სსიპ შემოსავლებისა სამსახურის მიერ ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავ გარემოებებთან დაკავშირებით.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ავტომანქანა შეიძინა 07.02.2013წ. 2 480 900 რუბლად (დღგ-ს ჩათვლით), რაც იმ დროისათვის შეადგენდა 83 815 აშშ დოლარს. 12.04.2017წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, რ. გ-ს (პირს, რომელიც მართავდა მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას) საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. იმავე დღეს შედგა საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, სადაც ჩამორთმეულ ნივთებს შორის მიეთითა 2012წ. გამოშვებული „...“. აღნიშნული ოქმის ფორმა შეიცავს გრაფას, ველს - „მდგომარეობა“, თუმცა „...“-ის გასწვრივ აღნიშნული გრაფა შევსებული არ არის (ტ. 1, გვ. 71). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 11.07.2017წ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტით შეფასდა 12.04.2017წ. ჩამორთმეული ავტომანქანა „...“ (ტ. 1, ს.ფ. 90). აქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არის საშუალო შენახულობის, ძარა (თუნუქი) 50%-ზე ნაკლებად დაზიანებულია, ავტომანქანას აღენიშნება ჭყლეტა-ნაკაწრები, ჟანგვა-კოროზია, საჭიროებს სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების ჩატარებას, დაზიანებულია წინა საქარე მინა, ავტომანქანის საბაზრო ღირებულად განისაზღვრა 40 000 ლარი, ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 31.01.2018წ. ბრძანებით ავტომანქანის რეალიზაციის განხორციელება დადგინდა ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით, 25%-იანი ფასდაკლებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის ავტომანქანის უკანონო ჩამორთმევით გამოწვეული ზიანის ოდენობის გამოსათვლელად მნიშვნელოვანია ჩამორთმევის მომენტში არსებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი 78.8 მუხლიდან გამომდინარე ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ინახებოდა საწყობებში, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვები იყო მისი სხვა პირისათვის შესანახად მიბარება, ამასთან, შემნახველს განემარტებოდა შესანახად გადაცემული პროდუქციის გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება იმ საგანთან დაკავშირებული გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელზეც იგი ფაქტობრივ ბატონობას დროის შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა. განსახილველ საქმეზე უდავოა მოპასუხის (კასატორის) მიერ ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება ჩამორთმეულ ნივთზე მისი ჩამორთმევიდან მომსახურების სააგენტოს მიერ შეფასებამდე პერიოდში. ავტომანქანის დაზიანება და მისი საბაზრო ღირებულების შემცირება ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული მოვლენებია. განსახილველ შემთხვევაში რეალიზაციის მიზნით ავტომანქანა შეფასდა მისი ჩამორთმევიდან სამი თვის შემდგომ და მას აღენიშნებოდა ისეთი სახის დაზიანებები, რაც ასახული არ ყოფილა 11.04.2017წ. სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმში, მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ოქმის ფორმა ითვალისწინებდა ჩამორთმეული საქონლის მდგომარეობის აღნიშვნას. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ავტომანქანას აღნიშნული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა მისი ჩამორთმევის დროისთვისაც, აკისრია იმ ადმინისტრაციულ ორგანოს (ამ შემთხვევაში კასატორს), რომლის ფაქტობრივ ბატონობაშიც იმყოფებოდა საქონელი მისი ჩამორთმევიდან შეფასებამდე პერიოდში. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დასაბუთებას არ შეიცავს, ამასთან, კასატორი 11.07.2017წ. შემოწმებისა და ჩამორთმეული ავტომანქანის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის საფუძვლად მიუთითებს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ 27.07.1993წ. კანონზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ 03.06.2005წ. კანონით (ძალადაკარგულია 08.05.2012წ. №6148-Iს კანონით). „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 25.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი ძალას კარგავს თუ მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს. ამდენად, მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასება, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განხორციელდა ისეთი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე, რომელიც შეფასების მომენტისთვის არ იყო მოქმედი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის საბაზრო ფასსა და შესაბამისად მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შეადგენს 38 400 ლარი (რომელიც უკვე დაუბრუნდა რ. გ-ს).

კასატორი არ იზიარებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 23.12.2020წ. ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.01.2022წ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში ასახულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ ქმნიდა ზიანის ანაზღაურების საკმარის საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 102.1 და 102.3 მუხლებზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასკ-ის 17.1 მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს (კასატორს) არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც მითითებულ დოკუმენტებში ასახულ ინფორმაციას უარყოფდა და საწინააღმდეგოს დაადასტურებდა. მხოლოდ ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ასახულ ცნობებს გააქარწყლებს და საპირისპიროს დაადგენს, შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე მხოლოდ ახსნა-განმარტება ავტომანქანის საბაზრო ღირებულების თაობაზე კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს არ ქმნის. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული არ ყოფილა უკვე დაბრუნებული თანხა 38 400 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატა მიუთითებს დაბრუნებული თანხის ოდენობაზე, რაც პალატის მოსაზრებით მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობისგან. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ გათვალისწინებული იქნა უკვე დაბრუნებული თანხის ოდენობა. რაც შეეხება დაკისრებული თანხის ვალუტას, საკასაციო პალატა მიუთითებს, სასკ-ის 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო სსკ-ის 3.1 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა მიუთითა უცხოურ ვალუტაში. ვინაიდან საქართველოში საგადამხდელო საშუალებაა ეროვნული ვალუტა - ლარი, შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა შესაბამისი ეკვივალენტი ლარში. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი