№ბს-1035(კ-23) 18 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დ. ბ-ის მიმართ.
სარჩელის თანახმად, 2021 წლის 20 აგვისტოს დ. ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული ოფიცრის თანამდებობაზე მისაღების სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი №....
აღნიშნული კონტრაქტის მე-3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლება თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისიწნებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 5000 ლარი. დ. ბ-ს კონტრაქტის გაფორმებიდან ნამსახურები აქვს 10 თვე და 18 დღეს და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 20 აგვისტოს №... კონტრაქტის თანახმად, წარმოეშვა 5 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც არ გადაუხდია.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე დ. ბ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის კონტრაქტით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 5000 ლარი.
მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის მე-7.4 პუნქტის თანახმად, ფინანსური ვალდებულება არ წარმოიშობა, როდესაც სახეზეა ამავე კონტრაქტის 9.1.1., 9.1.4, 9.1.5. და 9.1.7. პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლები, კერძოდ, შტატების შემცირება, სამხედრო მოსამსახურის იმგვარი ავადმყოფობა რაც შეუძლებელს ხდის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შემოწმებას, სამხედრო მოსამსახურის მიერ ზღვრული ასაკის მიღწევა და პირადი პატაკი, რომლითაც დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული იქნება მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია პატაკის წარდგენისას დ. ბ-ს არ დაურთავს ობიექტური გარემოებების შესახებ რაიმე ინფორმაცია, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტი დ. ბ-ის დედის ჯანმრთლობის მდგომარეობის თაობაზე. ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე წარდგენილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100ა, დ. ბ-ის დედის - დ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, მას აქვს გულის შეგუბებითი უკმარისობა, მიტრალური, აორტული და სამკარიანი სარქვლის ზომიერი ნაკლოვანება დართული გართულებებით - მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, პულმონური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა. დ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 3 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ იგი არის დედისერთა, 2008 წლიდან მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, აქვს გავლილი არაერთი კურსი და დაჯილდოვებულია სხვადასხვა მედლითა და სიგელით, ფლობს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო კოდს, მონაწილეობა მიუღია არაერთ საიდუმლო ოპერაციაში საქართველოს ინტერესების დასაცავად. დედას აქვს ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობა და საჭიროებს ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას, არ ჰყავს ოჯახის სხვა წევრი, ვინც შეძლებდა მიეხედა დ. ბ-ისთვის. პატაკის დაწერამდე მან გაიარა ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია ზემდგომ პირებთან, რომელთაც განუმარტეს, რომ თავდაცვის ძალების დატოვება პირადი პატაკის საფუძველზე არ ჩაეთვლებოდა ხელშეკრულების დარღვევად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის დადებული კონტრაქტი მოსამსახურის ინიციატივით ვადამდე სამსახურიდან დათხოვნისას უპირობოდ არ წარმოშობს მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს მოსამსახურეს გააჩნდა თუ არა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებული და საპატიო მიზეზი, რომელიც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით და მათ შორის კონტრაქტში დასახელებული მიზეზები არ არის ამომწურავად ჩამოთვლილი, რაც იძლევა საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნეს შეფასებული ამა თუ იმ გარემოების საპატიოდ მიჩნევის საფუძვლიანობა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია განსახილველ შემთხვევაში, დ. ბ-ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სასამართლოს მან წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა მძიმე ოჯახური მდგომარეობა - დედის ავადმყოფობა. ამასთან, დ. ბ-ი არის დედისერთა. დ. ბ-ის სამხედრო გამოცდილების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ მას არ დაუტოვებია შეიარაღებული ძალები არასაპატიო მიზეზით, მას აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ინტერესი ემსახურა თავდაცვის უწყების სისტემაში, თუმცა მხარის მიერ დასახელებული და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციის თანახმად, სახეზე არის კონტრაქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის საპატიო მიზეზი - მძიმე ოჯახური მდგომარეობის სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა გამოწვეული იყო პირის მძიმე ოჯახური მდგომარეობით, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხავ გარემოებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს კონტრაქტის 9.1.7 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც პატაკი დასაბუთებული უნდა იყოს და მიეთითოს შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს მძიმე ოჯახურ მდგომარეობას, სხვა სახელმწიფოში გადასვლას მუდმივად საცხოვრებლად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევასა და დანიშვნას. აღნიშნულის თაობაზე კი, კასატორის მითითებით, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება.
კასატორის მითითებით, დ. ბ-ის მიერ არ არის გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 8 ივლისის №... ბრძანება, რომლითაც იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან. შესაბამისად, იგი დაეთანხმა მისი გათავისუფლების საფუძვლად კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტს, რაც იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დ. ბ-ისათვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებაზე უარის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 5 დეკემბრის №5596 ბრძანებით, დ. ბ-ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ს რეკრუტად, „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, 2008 წლის 4 ნოემბრიდან.
2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ბ-ს შორის გაფორმდა ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №... კონტრაქტი.
ხსენებული კონტრაქტის მე-3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლება თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.კონტრაქტის მე-7 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისიწნებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 5000 ლარი.
2022 წლის 4 ივლისს დ. ბ-მა MOD 4 22 00754703 პატაკით მიმართა ...ის მეთაურს პოლკოვნიკ შ.თ-ეს და მისი შუამდგომლობის საფუძველზე მოითხოვა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 8 ივლისის MOD 5 22 0000... ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ...ი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“; შტატი №...) ლეიტენანტი დ. ბ-ი (სსსკ ძირითადი: ...; მეორადი ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 16 ნოემბრის MOD 2 22 01332663 წერილით დგინდება, რომ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს დ. ბ-ს 2021 წლის №... კონტრაქტის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა 5000 ლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემოსულებების სახაზინო კოდზე არ ჩაურიცხავს.
ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე დ. ბ-ის ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 10 თვესა და 18 დღეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ი ცენტრის დიპლომით დგინდება, რომ კაპრალმა დ. ბ-მა 2010 წლის 7 აპრილიდან 2010 წლის 18 სექტემბრამდე წარმატებით გაიარა რეინჯერების კურსი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ი ცენტრის დიპლომის თანახმად, კაპრალ დ. ბ-მა 2011 წლის 6 ივნისიდან 2012 წლის 23 მარტამდე გაიარა პროგრამით გათვალისწინებული კურსი.
საქართველოს ... უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომით დგინდება, რომ 2015 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით დ. ბ-ს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
შპს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების დიპლომის მიხედვით, ლეიტენანტმა დ. ბ-მა 2020 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 21 აგვისტომდე გაიარა და წარჩინებით დაამთავრა ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის პროგრამა.
... უნივერსიტეტის 2021 წლის 19 ივლისის სერთიფიკატის მიხედვით, დ. ბ-მა 2019 წელს გაიარა ინგლისურ ენაზე ...ის სასწავლო კურსი.
შპს ... უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომით დგინდება, რომ საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ს მიენიჭა ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ...ის სპეციალობით.
... ცენტრის მიერ 2022 წლის 29 აპრილის გაცემული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით დიპლომი გადაეცა ლეიტენანტ დ. ბ-ს მასზედ, რომ მან 2021 წლის 20 სექტემბრიდან 2022 წლის 29 აპრილამდე გაიარა და წარმატებით დაამთავრა უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის საკურიერო საგანმანათლებლო პროგრამა ...ის სპეციალობით.
დ. ბ-ს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის მიღებული აქვს მეორე და მესამე ხარისხის სიგელები. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებებით გამოცხადებული აქვს მადლობა, მიღებული აქვს საპატიო სიგელები და ასევე წარმატებით გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები.
შპს ... უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2022 წლის 16 დეკემბრის დახასიათებით, დ. ბ-ი 2017 წელს ჩაირიცხა ... უნივერსიტეტში და 2021 წელს წარჩინებით დაამთავრა ...ის ფაკულტეტის ...“ პროგრამა. სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა განსაკუთრებული მონდომებით, ენთუზიაზმით და შრომისმოყვარეობით. კარგად ითვისებდა როგორც ზოგად-საინჟინრო, ასევე სპეციალურ სწავლის პერიოდში იყო ...ის, ...ის, ...ის სტიპენდიანტი. საფრენოსნო პრაქტიკის გავლის დროს გამოავლინა პილოტისათვის საჭირო ყველა აუცილებელი თვისება, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე აითვისა სასწავლო საჰაერო ხომალდის ორი ტიპი და საფრენოსნო პრაქტიკის საკვალიფიკაციო-საგამოცდო ფრენებზე პილოტ-გამომცდელისგან მიიღო უმაღლესი შეფასება, რის საფუძველზეც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მასზე გასცა კომერციული პილოტის ლიცენზია №.... 2022 წლის ივლისიდან მუშაობა დაიწყო ... უნივერსიტეტის ... ცენტრში, პილოტ-ინსტრუქტორის თანამდებობაზე, იგი გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობით, და დისციპლინით განსაკუთრებული კანონმდებლობისადმი პატივისცემით. დ. ბ-ი არის მაღალი დონის ფრინავი, კარგი ინსტრუქტორი და მეთოდისტი, რაც პილოტ-ინსტრუქტორის პროფესიონალიზმის ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს. მას შეუძლია სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება, ფრენის დროს გამოირჩევა უზადო ყურადღებით, სწორი გადაწყვეტილების სხარტად მიღების უნარით, რთულ სიტუაციებში ინარჩუნებს სიმშვიდეს და ყოველთვის რეაგირებს შექმნილი სიტუაციის ადეკვატურად. მას შესრულებული აქვს 610 ფრენა/საათი, უზომოდ უყვარს პილოტის პროფესია, მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე და ცდილობს კიდევ უფრო აიმაღლოს პროფესიონალიზმის დონე, ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლიდან იგი ჩაირიცხა ... უნივერსიტეტის ...ო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად მას აბარია ...ი ცენტრის ყველაზე მსხვილი ...ი და მისი პროფესიონალიზმის მეშვეობით საყვარელ პროფესიას ეუფლება ათამდე პილოტ-კურსანტი. იგი არის სამართლიანი, ზომიერად პრინციპული, კანონმორჩილი, თავისი პიროვნული თვისებებით არის სამშობლოს პატრიოტი, მიზანდასახული, გაწონასწორებული პიროვნება. კოლეგებთან და სტუდენტებთან სარგებლობს დიდი ავტორიტეტით, პატივისცემით და სიყვარულით. არის შესანიშნავი მეოჯახე და ღირსეული მოქალაქე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქმეში დაცულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის 26 მაისის ცნობაზე, რომლის მიხედვით დადასტურებულია, რომ დ. ბ-ის დედა დ. ბ-ი 2022 წლის 20 მაისიდან 2022 წლის 26 მაისის ჩათვლით მკურნალობას გადიოდა შპს „...ში“.
სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ასევე წარდგენილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100ა, ცნობა №6088 დ. ბ-ის დედის - დ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით, მას აქვს გულის შეგუბებითი უკმარისობა, მიტრალური, აორტული და სამკარიანი სარქვლის ზომიერი ნაკლოვანება დართული გართულებებით - მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, პულმონური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა.
დ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 3 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ იგი არის დედისერთა, 2008 წლიდან მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, აქვს გავლილი არაერთი კურსი და დაჯილდოვებულია სხვადასხვა მედლითა და სიგელით, ფლობს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო კოდს, მონაწილეობა მიუღია არაერთ საიდუმლო ოპერაციაში საქართველოს ინტერესების დასაცავად. დედას აქვს ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობა და საჭიროებს ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას, არ ჰყავს ოჯახის სხვა წევრი, ვინც შეძლებდა მიეხედა დ. ბ-ისთვის. პატაკის დაწერამდე მან გაიარა ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია ზემდგომ პირებთან, რომელთაც განუმარტეს, რომ თავდაცვის ძალების დატოვება პირადი პატაკის საფუძველზე არ ჩაეთვლებოდა ხელშეკრულების დარღვევად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის კონტრაქტით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისიწნებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 5000 ლარი.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7.4 პუნქტის თანახმად, ფინანსური ვალდებულება არ წარმოიშობა, როდესაც სახეზეა ამავე კონტრაქტის 9.1.1., 9.1.4, 9.1.5. და 9.1.7. პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლები, კერძოდ, შტატების შემცირება, სამხედრო მოსამსახურის იმგვარი ავადმყოფობა რაც შეუძლებელს ხდის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შემოწმებას, სამხედრო მოსამსახურის მიერ ზღვრული ასაკის მიღწევა და პირადი პატაკი, რომლითაც დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული იქნება მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მართალია პატაკის წარდგენისას დ. ბ-ს არ დაურთავს ობიექტური გარემოებების შესახებ რაიმე ინფორმაცია, თუმცა სასამართლოს წარუდგინა მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლითაც დადგენილია ფაქტი დ. ბ-ის დედის ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობის თაობაზე, რომელიც საჭიროებს ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას. დ. ბ-ი არის დედისერთა და არ ჰყავს ოჯახის სხვა წევრი, ვინც შეძლებდა მიეხედა დ. ბ-ისთვის. 2008 წლიდან მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, აქვს გავლილი არაერთი კურსი და დაჯილდოვებულია სხვადასხვა მედლითა და სიგელით, ფლობს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო კოდს, მონაწილეობდა არაერთ საიდუმლო ოპერაციაში საქართველოს ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის იმის დასაბუთების საფუძველს, რომ მას არ დაუტოვებია შეიარაღებული ძალები არასაპატიო მიზეზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი