საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-747(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ.ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ.ჩ-ემ 2019 წლის 01 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 392,90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ქართული ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით; ასევე დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელე ჯ.ჩ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 392,90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით; მოსარჩელე ჯ.ჩ-ის მოთხოვნა 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, ჯ.ჩ-ე სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 04 ივლისს ვერ ისარგებლა მის სახელზე გაცემული N... პასპორტით. კასატორის მითითებით სააგენტოს თანამშრომლის ქმედების გამო, კერძოდ, N... პასპორტის გაუქმების შედეგად, მხოლოდ ერთი დღით იზარალა ჯ.ჩ-ემ. როგორც თავად განმარტავს, იგი 2018 წლის 02 ივლისს, 15:50 საათზე უნდა გადაფრენილიყო ქუთაისი-მილანი-პორტოს მიმართულებით, თუმცა ფრენამ გადაიწია 23:00 საათისთვის, რის გამოც იძულებული გახდა მილანიდან პორტოს მიმართულებით ნაყიდი ბილეთები შეეცვალა. აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტოს ბრალი არ იკვეთება, ვინაიდან ფრენის განრიგის შეცვლა გამოწვეული იყო ავიაკომპანიის მიერ, შესაბამისად, ბილეთების გადაცვლისას მიღებული მატერიალური ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხარემ უნდა მოითხოვოს "WizzAir-ისგან". ჯ.ჩ-ე განმარტავს, რომ 2018 წლის 02 ივლისს ქუთაისიდან გაფრენის წინ აღმოაჩინა, რომ პასპორტი N... იყო გაუქმებული, რის გამოც იძულებული გახდა ბილეთი გადაეცვალა 04 ივლისისათვის, ამის გამო მოუწია გადაეხადა ჯარიმა - 75,02 დოლარი.
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააგენტო მუდმივად ზრუნავს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხარისხზე და ამ მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პროგრამულ უზრუნველყოფაში შესაბამის ცვლილებებს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ან გამორიცხავს თანამშრომელთა მხრიდან მსგავსი ხასიათის შეცდომებს. ხარვეზის იდენტიფიცირების შემთხვევაში კი, სააგენტო ცდილობს დაუყოვნებლივ გამოასწოროს დაშვებული შეცდომა და მიიღოს პრევენციული ზომები მომავალში იდენტური ან მსგავსი ხარვეზის თავიდან ასაცილებლად. ზემოაღნიშნული ფაქტის გამოკვლევის მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 01/249126 წერილით ამავე სააგენტოს გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თუ როდის გადაეგზავნა N... პასპორტის გააქტიურების შესახებ ინფორმაცია საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელ უწყებას. პასუხად მიღებული N01/252048 წერილის მიხედვით გაირკვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) სარგებლობს სააგენტო მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციაზე დროის რეალურ რეჟიმში დაშვების უფლებით, სამინისტროსთვის რაიმე სახის ინფორმაციის სააგენტოს ინიციატივით მიწოდება არ ხორციელდება და სამინისტროს მხრიდან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მის მიერ სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე წვდომის განხორციელების შემთხვევაში. შესაბამისად, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში საქართველოს მოქალაქის პასპორტის (N°...) სტატუსის შესახებ არსებული ინფორმაცია სამინისტროსთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა მყისიერად, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ცვლილებისთანავე.
კასატორის განცხადებით, ჯ.ჩ-ის განმარტებებიდან გამომდინარე, ზიანი გამოიხატება იმაში, რომ იგი 2018 წლის 3 ივლისის ნაცვლად 6 ივლისს ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, რის გამოც დაკარგა შვებულების სამი დღე. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, 03.07.2018წ-დან 06.07.2018წ-მდე პერიოდში სააგენტოს მიერ გამოსწორებული იყო ხარვეზი პასპორტთან დაკავშირებით, რაც დასტურდება სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის N01/213677 წერილით. ამასთან, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, სააგენტოს თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელებით, კონკრეტულად რა უფლება შეელახა.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურება დაკავშირებულია ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობით. განსახილველ შემთხვევაში, ჯ.ჩ-ე ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რა სახის ზიანი მიადგა სააგენტოს თანამშრომლის ქმედების შედეგად, იმ პირობებში, როდესაც მან ჩვეულებრივ იმოგზაურა სასურველ ქვეყნებში, მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით, საიდანაც 2 დღით დაგვიანებას სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო, რაც შეეხება ერთ დღეს, მასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ სახეზე იყოს თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომა და არა ბრალეული ქმედება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის თანახმად, ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის მიზანია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაციის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის ძირითადი ამოცანაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა, კერძოდ იმავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრების მიზანია საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა; ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ენიჭებოდა უფლებამოსილება გაეცა საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 24 მარტს, ჯ.ჩ-ის მიმართ გასცა საქართველოს პასპორტი N...; მოქმედების ვადა - 2026 წლის 24 მარტი. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჯ.ჩ-ის მიმართ გასცა ერთწლიანი საქართველოს პასპორტი N.... მოქმედების ვადა 2017 წლის 27 აგვისტომდე.
2018 წლის 2 ივლისს, ჯ.ჩ-ემ ქუთაისიდან გამგზავრება ვერ შეძლო, რადგან აღმოაჩინა, რომ მისი N... პასპორტი გაუქმებული იყო. 2018 წლის 3 ივლისს, ჯ.ჩ-ემ N141115 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პასპორტის მოქმედების აღდგენის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N01/213677 წერილით ჯ.ჩ-ეს ეცნობა, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მოქალაქის N... პასპორტის დამზადების დროს შეცდომით იქნა გაუქმებული მისი საქართველოს მოქალაქის პასპორტი N... და აღნიშნული პასპორტი გააქტიურდა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2018 წლის 3 ივლისს. 2018 წლის 4 ივლისს, ჯ.ჩ-ემ შეიძინა თურქეთის ავიახაზების საიტიდან, თბილისი-სტამბული-პორტოს ბილეთი, 04.07.2018წ. 04:15 და გადაიხადა 392,90 აშშ დოლარი, თუმცა გაფრენამდე 2 საათით ადრე, 04.07.2018 წლის 02:00 საათზე კვლავ უარი უთხრეს გამგზავრებაზე, რადგან მათ ბაზაში არ ჩანდა აქტიური პასპორტი.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N76/დ დასკვნის თანახმად, 2017 წლის 28 აგვისტოს 00.04 საათზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი N... გაუქმდა ავტომატურად მიზეზით „დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა“, რაც შეეხება N... პასპორტს, იგი 2016 წლის 27 აგვისტოს 13.53 საათზე გაუქმდა მიზეზით „დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია“, ხოლო იმავე დღეს 13.54 საათზე შეიცვალა გაუქმების მიზეზი "დოკუმენტის გაუქმება მფლობელის განცხადებით"; სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში საქართველოს მოქალაქის პასპორტი N... გააქტიურდა 2018 წლის 03 ივლისს 12:35 საათზე.
სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ პასპორტის გაუქმება განახორციელა სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტმა მ.ხ-ამ, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 აგვისტოს No 7006/კ ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 24 აგვისტოდან - ამავე წლის 15 სექტემბრამდე ასრულებდა თავის უფლებამოსილებას სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქის N... პასპორტის გაუქმების პროცესში, მ.ხ-ას მიერ მართლაც ჰქონდა ადგილი სააგენტოს შრომის გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს სააგენტოს თავმჯდომარის N9175/კ ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 15 სექტემბრიდან ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტი - მ.ხ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აღარ მუშაობს სააგენტოს სისტემაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ასანაზღაურებელი ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელს მიანდობს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. მითითებული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჯ.ჩ-ის N... პასპორტის გაუქმება გამოიწვია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლის ქმედებამ, რის გამოც მას დაუდგინდა დისციპლინარული გადაცდომის ფატი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N76/დ დასკვნით. ამრიგად, ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 392,90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 11 ივლისს №14441 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე