Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-815(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - კ.მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ბ.ს-ე, თ.ი-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

2020 წლის 01 ივნისს კ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ- 39.382211917 განკარგულება და დაევალოს კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, აღიარებული იქნება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე (760 კვ.მ ქ. რუსთავი, ...ის ქ. N3-ის მიმდებარე ტერიტორია) კ.მ-ის საკუთრების უფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ბ.ს-ე და თ.ი-ე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით კ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე მესამე პირებად ბ.ს-ის და თ.ი-ის ჩაბმის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 08.06.2022 წლის განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა 08.06.2022 წლის განჩინების გადასინჯვისა და გაუქმების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, სრულიად უკანონოდ იქნენ ჩაბმულნი მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში ბ.ს-ე და თ.ი-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მესამე პირებად. კასატორმა აღნიშნა, რომ 09.09.2020 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დასრულებულ საქმეში პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოპასუხემ დააყენა შუამდგომლობა ამ პირების საქმეში მოწმის სახით გამოძახების და დაკითხვის შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მაშინ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ ეს პირები წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს - არა ასკ-ის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ დაინტერესებულ მესამე პირებს, არამედ სუბიექტურად დაინტერესებულ პირებს. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ 13.11.2018 წლის განცხადება მაშინაც წარმოდგენილი იყო საქმეში და სასამართლოს არც განცხადების ხელმომწერი პირების საქმეში მესამე პირებად ჩაბმის გადაწყვეტილება არ მიუღია. სასამართლოსთვის აბსოლუტურად ნათელი იყო ამ პირების სუბიექტური დამოკიდებულება. აღნიშნული განჩინება ადასტურებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ 09.09.2020 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მოწმის სტატუსითაც არ დაუშვა ეს პირები და ახლა კი ისინი ჩაბმულ იქნენ სასკ-ის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირებად, რაც კასატორის განმარტებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მესამე პირები - ბ.ს-ე და თ.ი-ე წარმოადგენენ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მეზობლებს და მათზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საქმის გადაწყვეტა, გარდა აღნიშნულისა ისინი, როგორც მითითებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები წარმოადგენენ ქუჩის მცხოვრებთა საერთო ინტერესებს, რათა შენარჩუნებულ იქნეს სადავო მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობის ფართის სახით შენარჩუნება, რაც კასატორის განმარტებით მცდარი მსჯელობაა, ვინაიდან აღნიშნული მესამე პირები არ წარმოადგენენ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მეზობლებს, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე დართული სიტუაციური ნახაზი.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ საკითხზე, რომ 1982 წელს ...ის ქუჩა სახელმწიფომ აქცია ჩიხად (ააშენა შენობა, შემოღობა ბეტონის მასიური კედლით), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებითაც, ეს ქუჩა 1982 წლიდან არის ჩიხი. ამდენად, კასატორის შეფასებით გაუმართლებელია, მხოლოდ იმის გამო, რომ სახელწოდება „ქუჩა“ გადაკეთებული არ იქნა სახელწოდება - „ჩიხად“, უგულებელყოფილი იქნეს ფაქტობრივი მონაცემები და იგი დღესდღეობითაც ქუჩად იქნეს მიჩნეული. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც დაადასტურებს, რომ ...ის როდისმე მოასფალტებული გზით უკავშირდებოდა ...ოს ქუჩას.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს არგუმენტაციის იმ ნაწილზე, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის №ბს-771(კ-21) გადაწყვეტილების ციტირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონაში არსებულ საერთო სარგებლობის ფართს, უზენაესმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ უნდა დაქვემდებარებოდა ლეგალიზაციას. კასატორის მოსაზრებით, დაუშვებელია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ ციტატები ამოიღოს და გამოიყენოს ისე, რომ არ იყოს შესაბამისობაში (იდენტური) ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი იცნობს მითითებულ გადაწყვეტილებას და მითითებული გადაწყვეტილება სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს მიესადაგება, გარდა აღნიშნულისა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინება სავალდებულო არ არის სხვა სასამართლოებისათვის (ასეთი რამ კანონში არსად წერია), ერთგვაროვანი პრაქტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეხმარებოდეს სასამართლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით ვინაიდან ყველა მიწის ნაკვეთი, რომლის ლეგალიზებასაც ითხოვენ დაინტერესებული პირები, მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში, შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებული №ბს-771(კ-21) გადაწყვეტილების გავრცელება მოცემულ შემთხვევებზე გამოიწვევს ყველა დაინტერესებული პირისთვის მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ.მ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კ.მ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 09 მარტის №18, 2019 წლის 02 აგვისტოს №203 განკარგულებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდგომ ახალი აქტის გამოცემა. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ადმინისტრაციული წარმოებაში დაინტერესებული პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიწვევის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სპეციალისტის მიწვევის, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის გამოთხოვისა და შემოწმების შემდეგ კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებებით, მიჩნეულ იქნა, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებობდა ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება მიწის ნაკვეთის სტატუსთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ორგანოს კი უნდა დაედგინა სახეზე იყო თუ არა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2022 წლის 29 აპრილს მიღებულ იქნა №გ- 39.382211917 განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა მოქალაქე კ.მ-ს მის მიერ საკადასტრო ნახაზით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ'' ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე); მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი (წარმომადგენლები), ხოლო ამავე კანონის მე-51 მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, ...ო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; ამავე შინაარსის დათქმაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1960 წლის 10 000 მასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკით სადავო, სალეგალიზაციო ობიექტი გახსნილია და ჩიხი არ არის, 1982 წლის მდგომარეობით 2000 მასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკებით სალეგალიზაციო ობიექტზე დატანილია ჩიხი. საქმეში წარმოდგენილი MAPS.GOV.GE-ის 2000 წლის ორთოფოტოს შინაარსით დგინდება, რომ სალეგალიზაციო ობიექტი მდებარეობს ...ის ქუჩაზე. ქუჩა განიმარტება, როგორც ქალაქის ტიპის დასახლებაში ორ პარალელურ მწკრივად განლაგებულ შენობებს შორის გაყვანილი გზა, ხოლო ჩიხი, როგორც - პატარა, ცალ მხარეს ჩაკეტილი ქუჩა (www.ganmarteba.ge). ამასთან ის გარემოება, რომ სალეგალიზაციო ობიექტი მდებარეობს საკუთრებათა შორის და ...ის ქუჩა, რომლითაც სარგებლობდა ქუჩის მოსახლეობა, გადაკეტილია ღობით, დასტურდება 2022 წლის 15 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმით. დაინტერესებულ პირთა განმარტებით, აღნიშნული ქუჩა წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს და მისი გადაკეტვით ექმნებათ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა აღნიშნულისა გასაჩივრებულ ადმინისტრაციული ორგანოს განკარგულებაში მითითებულია, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი საკუთრებით აღრიცხვის შემთხვევაში კეტავს დღეის მდგომარეობით დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე მისასვლელ გზას, რაც აფერხებს შემდგომ მის განკარგვის შესაძლებლობას.

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს მიეკუთვნება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობის, თანასწორობის, თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.

საკასაციო პალატა ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, შესაძლოა არსებობდეს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი სხვა გარემოება. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, დამატებითი მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშეც, თავის მხრივ, წარმოადგენს საკმარის საფუძველს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მითითებული ტერიტორია წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართის შემადგენელ ნაწილს, საცხოვრებელ ზონაში არსებულ საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს - ქუჩას, რომელიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით, მისი საერთო სარგებლობის დანიშნულებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იმყოფებოდეს კერძო პირთა საკუთრებაში. შესაბამისად, ვინაიდან კ.მ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონაში არსებულ საერთო სარგებლობის ფართს - ქუჩას, ამავდროულად, გაცხადებული იყო იქ მცხოვრები მოსახლეობის პრეტენზიები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული განკარგულება კანონშესაბამისია.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას არსებული ფაქტობრივი ვითარების უგულებელყოფით მიეღო გადაწყვეტილება და დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი მიწა საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება, რასაც ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ კ.მ-ი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას მესამე პირებად ბ.ს-ისა და თ.ი-ის ჩართვის არაკანონიერების თაობაზე და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ორივე მესამე პირი წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და მათზე უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს საქმის გადაწყვეტა. გარდა ამისა, ისინი, როგორც მითითებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ამავდროულად წარმოადგენენ ქუჩის მცხოვრებთა საერთო ინტერესებს, რომელთა მიზანია სადავო მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობის ფართის სახით შენარჩუნება, რაც ადასტურებს მათი მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში ჩართვის აუცილებლობას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ კომისიამ სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, მოუსმინა და გაითვალისწინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მცხოვრები პირების აზრი, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, 2022 წლის 15 აპრილს უშუალოდ ადგილზე გასვლით დაათვალიერა მიწის ნაკვეთი, შეადგინა ადგილზე დათვალიერების აქტი და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულყოფილად იქნა გამოკვლეული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. მ.ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 04 ივლისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე