საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-828(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ს-ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ.ს-ამ 2019 წლის 08 მაისს სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 16 აპრილის №257 განკარგულების ბათილად ცნობა; კომისიის მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ...ის პირველ შესახვევში მდებარე 253,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, 61.75 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.ს-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მ.ს-ამ ასევე სარჩელით მიმართა 2019 წლის 26 ივნისს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 23 აპრილის N... გადაწყვეტილებისა და იმავე სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მაისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა მ.ს-ას სარჩელები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ აღძრული სარჩელები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 16 აპრილის №257 განკარგულება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა, ძალადაკარგულად ცნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 23 აპრილის N... გადაწყვეტილება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი იდნივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), საჯარო რეესტრში მ.ს-ას 2018 წლის 14 აპრილის N... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის 1-ელ შესახვევში მდებარე 253 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ, 62 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორმა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე უფლების აღიარების კომისიის მიერ განხილულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 დეკემბრის N... წერილობითი შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაცია ქ. ბათუმში, ...ის 1-ლი შესახვევში მდებარე 253,0 კვ. მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 62,0 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.ს-ას (პ/ნ: ...) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტაციით და მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დადგინდა, რომ მ.ს-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს - ტროტუარს. მასზე განთავსებულია ავტოფარეხის ტიპის შენობა-ნაგებობა, რომელიც დღეის მდგომარეობით გამოიყენება საცხოვრებლად. მიწის ნაკვეთი მოქცეულია ღობეში, მისი ნაწილი გამოიყენება ეზოდ, ნაწილზე კი არ დასტურდება სარგებლობის ფაქტი.
კასატორმა მიუთითა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაკავებულია საზოგადოებრივი სივრცის - ტროტუარის ნაწილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი 253,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ღობით, დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება მისი გამოყენება საზოგადოებრივი დანიშნულებით. მიწის ნაკვეთის ღობე არის განთავსებული უშუალოდ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის კიდიდან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ მ.ს-ას განცხადება არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ.ს-ასათვის მიწის ნაკვეთის აღიარებაზე მოპასუხის მიერ 2019 წლის 16 აპრილის N 257 განკარგულების უარის თქმის კანონიერების შეფასება, იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს და არ ექვემდებარე აღიარებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 აპრილს მ.ს-ამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ქალაქ ბათუმში, ...ის 1-ელ შესახვევში მდებარე, 253 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 61,75 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2018 წლის 12 დეკემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია №... მიმართვით გადაეგზავნა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება გადაიდო ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 16 აპრილის №257 განკარგულებით უარი განუცხადა მ.ს-ას ქ. ბათუმში, ...ის 1-ელ შესახვევში მდებარე 253,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 61,75 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და განმარტა, რომ მ.ს-ას მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს - ტროტუარს, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ ნორმების გათვალისწინებით, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
2019 წლის 23 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №25/7030 წერილზე თანდართული №257 განკარგულების თანახმად, უარი ეთქვა მ.ს-ას ქ. ბათუმში, ...ის 1-ელ შესახვევში მდებარე, 253 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 62 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე,“ რომლის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ პირობებს, რაც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე- პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
მოცემული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ.ს-ას მოთხოვნის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იქნა მიღებული დასკვნა, რომ მოსარჩელის განცხადება არ აკმაყოფილებდა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, კერძოდ, წარმოადგენდა თუ არა, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და იყო თუ არა, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მიწის ნაკვეთზე იყო თუ არა განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან იგი ემიჯნებოდა თუ არა, მოსარჩელეთაგან რომელიმეს საკუთრებაში (ან მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს. საკუთრების აღიარების კომისიას ასევე უნდა გამოეკვლია კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, მასზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოებები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორად იქნა დადგენილი, მ.ს-ას მიერ მოთხოვნილი, ქ. ბათუმში, ...ის 1-ელ შესახვევში მდებარე ასაღიარებელი 253 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ, 62 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიისა და ...ის 1-ლი შესახვევის ამ ნაწილის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის გეგმა, ქალაქის განაშენიანების ზოგადი გეგმის, ან ამ კონკრეტული ტერიტორიის კეთილმოწყობის სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ გააჩნდა მიწის ნაკვეთზე მ.ს-ას საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვის დროს, რამდენადაც ასეთი გეგმა საერთოდ არ არსებობდა და არც იმ დროისათვის არ გააჩნდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რაც მოპასუხე მხარის მიერაც იქნა დადასტურებული. ამასთან, საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი სიტუაციური გეგმისა და საკადასტრო ნახაზების საფუძველზე დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის 1-ელ შესახვევში მდებარე 253 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარებას მოითხოვს მ.ს-ა, არ ემიჯნება უშუალოდ ქუჩის მოასფალტებულ, ავტომანქანის სავალი ნაწილის და მისი ნაკვეთის საზღვარი, რომელზეც ღობე აქვს შემოვლებული, მოასფალტებული ნაწილიდან მოშორებულია გარკვეული სივრცით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საკითხის გადაწყვეტისას, სწორად მიუთითეს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი, ქ. ბათუმში, ...ის 1-ელ შესახვევში მდებარე ასაღიარებელი 253 კვ.მ კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოიცავს საზოგადოებრივ სივრცეს, ქუჩის ფეხით მოსიარულეთა ნაწილს - ტროტუარს. საქმეში არ იყო წარმოდგენილი და ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა ისეთი მტკიცებულების არსებობაზე, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა აღნიშნული გარემოება.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 9 მარტის N... სამსახურებრივ ბარათზე, რომლის თანახმად, მ.ს-ას 2018 წლის 14 აპრილის N... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ რეგისტრირებულია წყალარინების ქსელი, ... საკადასტრო კოდით და გაზსადენი მილი, ... საკადასტრო კოდით. სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის შესაბამისი სიტუაციური გეგმა, სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემების სახით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს რიგი ფაქტობრივი გარემოებები კერძოდ, სადავო ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობს ქალაქის განაშენიანების ზოგადი გეგმის თანახმად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოებები, ასევე შეისწავლოს სიტუაციური გეგმა, სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემების სახით.
ამდენად, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე