Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-943(2კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.პ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 05 ივლისს მ.პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 10 თებერვლის №000975 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 აპრილის №614 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 10 თებერვლის №000975 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 აპრილის №614 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათების ერთობლივი შეფასების შედეგად, დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N40-ში არსებული (ნაკ ...) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სადავო დადგენილებისა და ბრძანების გამოცემის დროისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი; ჯიპიეს კოორდინატები: ...; ...) აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა. კასატორმა განმარტა, რომ მოცემული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი დოკუმენტაცია ვერც საჩივრის ავტორის მიერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რაც, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კასატორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს უნებართვოდ განთავსებული შენობა სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარეობდა, შესაბამისად, შეფარდებული სანქციაც აღნიშნული სამართალდარღვევიდან გამომდინარეობს, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია 2021 წლის 19 ნოემბერს, დადგენილებისა და ბრძანების გამოცემის შემდგომ განახორციელა, ვერ გახდება სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი - ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს, რომ სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევა სასამართლოს მიერ შეუძლებელია და ამ გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. განჩინებაში არაა მითითებული სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესის მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები.

კასატორის განმარტებით სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში გართულებულია ან ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას, რაც შეეხება დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას, აღნიშნული ასევე არ ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებს, რადგან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება თავად სასამართლომ უნდა მოახდინოს. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს თავად უნდა გაეთვალისწინებინათ ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების გამოცემის შემდეგ მოსარჩელე მხარისთვის შექმნილი საშეღავათო გარემოება და ეს არ უნდა დაევალებინათ ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ამასთან თავად უნდა ემსჯელათ საკითხის გადაწყვეტაზე არსებითად იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკით მხარისთვის საბოლოო შედეგს იწვევს არა ზედამხედველობის მიერ დადგენილების გამოცემა, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება. კასატორს მიაჩნია, რომ ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს, უნებართვო მშენებლობის განხორციელების საფუძვლით, მოსარჩელისათვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2020 წლის 29 ნოემბერს მ.პ-ის მიმართ შედგა №000975 მითითება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N40-ში არსებული № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმდებარედ მ.პ-ი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ახორციელებდა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობას შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით, უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ.პ-ის მიმართ 2020 წლის 10 დეკემბერს შედგა №000975 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2020 წლის 29 ნოემბრის №000975 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იქნა შესრულებული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 10 თებერვლის №000975 დადგენილებით მ.პ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N40-ში არსებული № ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მიმდებარედ (სახელმწიფო ტერიტორია; ჯიპიეს კოორდინატები ...; ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. იმავე დადგენილების მე-2 პუნქტით, მ.პ-ს დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული, მითითებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ.პ-მა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N40, №... საკადასტრო კოდის მიმდებარედ (სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ჯიპიეს კოორდინატები ...; ...) განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, თუმცა ტერიტორია, რომელზეც ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობა მდებარეობს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ კრების ოქმის N19/08/21 N211295383 საფუძველზე აღირიცხა მ.პ-ის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 93-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.

მითითებული კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას ადმინისტრაციული ორგანო იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არა უმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ხოლო იმავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: ა) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ბ) მითითების გაცემის გარეშე მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა; გ) მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, კასატორების მიერ არაა შეფასებული კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ინდივიდუალური გარემოებები. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი განსხვავებულ საჯარიმო სანქციას ადგენს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ და კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობაზე საჯარიმო სანქციას. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე კანონით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის დაკისრებამდე არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ გარემოების გამორკვევას, რომ ტერიტორია, რომელზედაც განხორციელდა უნებართვო მშენებლობა, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის თუ კერძო პირის საკუთრებაშია, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, შეცვლილია და გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე დასტურდება მ.პ-ის საკუთრების უფლება და იგი რეგისტრირებულია ნივთის მესაკუთრედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა დაადგინოს, უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა განთავსებულია თუ არა დღეის მდგომარეობით კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის შესაბამისად მოახდინოს დაკისრებული სანქციის შემცირება.

ამდენად, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში (სუსგ საქმეზე №ბს-320(2კ-21)).

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე