ბს-667(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ამ 23.12.2019წ. სარჩელით, ხოლო 16.09.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოცოალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2019წ. N04-1797/ო ბრძანების, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 10.08.2020წ. N03-979/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.2021წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოცოალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2019წ. N04-1797/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 10.08.2020წ. N03-979/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "დევნილთა შესახებ" კანონის მე-4, 6.1, მე-13, მე-14, მე-19, 20.1 მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2, მე-3, მე-6 მუხლებზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, ამასთანავე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ნ. გ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია - ქ. თბილისი, ...ის ქ. N6, ბინა N27 (ს/კ N..., იყო მ. შ-ას საკუთრებაში, ამჟამად ა. ჩ-ის საკუთრებაა), საიდანაც გამოსახლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 6.5 ქულით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. გ-ა და მ. შ-ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სსიპ სოცოალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2019წ. N04-1797/ო ბრძანებითა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 10.08.2020წ. N03-979/ო ბრძანებით ნ. გ-ას უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. გ-ას დევნილ ოჯახს (თვითონ, ერთი სული) აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი და შესაბამისად არ გააჩნია განსახლების გადაუდებელი საჭიროება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ ყოფილა წარდგენილი ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით საქმეში დაცული არაერთი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. გ-ა არ საჭიროებდა სასწრაფო განსახლებას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის სამსახურის მიერ 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე შევსებული მონიტორინგის ოქმები, მათ შორის, დამატებით განხორციელებული ადგილზე დათვალიერების და გასაუბრების ოქმები, საიდანაც დგინდება, რომ ნ. გ-ა 2001 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N6, ბინა N27 (დღევანდელი ...ის ქ. N6). აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მ. შ-ას საკუთრებას, რომელიც არის ნ. გ-ას მეგობარი ქალი. აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელე შეუფერხებლად ცხოვრობს 18 წელია. 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია ასევე ქ. თბილისი, ...ის ქ. N6, ბინა N27. შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი, სადაც იგი წლებია ცხოვრობს მეგობარ ქალთან ერთად. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა იმ დროისათვის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, რაც არ ადასტურებდა იმ ეტაპზე ნ. გ-ას სასწრაფო განსახლების საჭიროებას.
კასატორმა აღნიშნა, რომ დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობისა და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მათ. მოცემულ შემთხვევაში კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში არ ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო სადავო აქტი, შესაბამისად იგი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე ნ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. N39 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნ. გ-ას განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. სსიპ სოცოალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2019წ. N04-1797/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) ნ. გ-ას, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულის შემდგომ, ნ. გ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განმეორებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. N36 სხდომის ოქმით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნ. გ-ას, უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 10.08.2020წ. N03-979/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36) ნ. გ-ას, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდება: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა (ამჟამად, ...ის I შესახვევი) N6, ბინა N27 (ს/კ N...). აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. შ-ას საკუთრებას, რომელიც მონიტორინგის მასალებში მითითებულია როგორც ნ. გ-ას ყოფილი ცოლი, თუმცა ნ. გ-ასა და მ. შ-ას ნათესაური კავშირი საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. ამჟამად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს ა. ჩ-ის საკუთრებას 28.03.2019წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საქმეში დაცულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.04.2021წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ჩ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მოპასუხეების - ნ. გ-ას და მ. შ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ...ის I შესახვევი, N6-ში მდებარე N27 ბინა (ს/კ N...) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ა. ჩ-ეს. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ორგანოს წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომელიც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით არ ქმნის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს.
აღსანიშნავია, რომ ნ. გ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ამასთან, ნ. გ-ას ოჯახისათვის (ერთსულიანი) მინიჭებული ქულა საკმარისი იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ნ. გ-ასათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი