ბს-677 (2კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ნ-ის, ხ. გ-ის, ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაზუსტებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2023წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ნ-ემ, ხ. გ-მა და ლ. გ-მა 23.12.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სარჩელისა და მოპასუხე მხარეების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის ლ. გ-ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის - 10 151.2 ლარის ანაზღაურების დაკისრება. სარჩელით ასევე მოთხოვნილ იქნა მოპასუხეებისათვის მოსარჩელეების - ლ. ნ-ის და ხ. გ-ის სასარგებლოდ, შვილის გარდაცვალებით მიყენებული არამატერიალური ზიანის - 13 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2016წ. საოქმო განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძვველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ამავე სასამართლოს 22.01.2018წ. საოქმო განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2019წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2020წ. გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ლ. გ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 10 151.2 (ათი ათას ასორმოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ლ. ნ-ისა და ხ. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 13 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.09.2021წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2020წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ დ. გ-ის გარდაცვალებასა და ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს განვითარებულ სტიქიურ მოვლენას შორის კავშირი სადავო არ არის. განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია სტიქიური მოვლენების განვითარების პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლად შეუსრულებლობის (უმოქმედობის) ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას/არასათანადო მოქმედებასა და მოსარჩელეებთან მიმართებაში დამდგარ ტრაგიკულ შედეგს შორის, რაც ქმნის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილ „წინასწარ შეფასებაზე“, რომლის თანახმად, კონკრეტულად 2015 წლის 13-14 ივნისის კატასტროფული ღვარცოფული ხასიათის წყალმოვარდნა გარკვეულწილად განაპირობა მდინარე ვერეს აუზის მარჯვენა შენაკადის სათავეში წარმოქმნილმა გრავიტაციული ხასიათის ერთ-ერთმა მეწყერმა. ამასთანავე, სახეზე არ იყო ტიპური მეწყრული მოვლენა. ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობის გრუნტში ჩაჟონვამ გამოიწვია მისი მაღალი ხარისხით გაწყლოვანება, რამაც ხელი შეუწყო მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების სწრაფ ჩასახვა-გააქტიურებას. ამავე შეფასებაში ასახულია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ განვითარდებოდა ღვარცოფული პროცესი ტყის მასივის ჩართვით (რომლის პროგნოზირება დროში, ადგილმდებარეობასა და მოცულობებში პრაქტიკულად შეუძლებელია) არ მოხდებოდა მასიურად წყალსადინარების დახშობა და ქალაქში ნაკლები ტრაგიკული შემთხვევა იქნებოდა. სპეციალისტების მოსაზრებით, ერთმანეთში არეულმა წყალ-ტალახ-ქვიანმა მასამ, წატაცებული დიდი რაოდენობის ხე-მცენარეულობა ჩამოიტანა ქალაქის ტერიტორიაზე. სწორედ აღნიშნული გახდა მდინარის კალაპოტში არსებული გვირაბების ჩახერგვა-გადაკეტვისა და ტალახოვანი ნაკადების კალაპოტის გარეთა სივრცეში გადადინების მთავარი მიზეზი.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1924 წლიდან 2015 წლის სტიქიამდე მდინარე ვერეს აუზში სტიქიური მოვლენების არაერთხელ განვითარება და ტერიტორიის ისტორიულად მეწყერსაშიშობა, რასაც ძირითადად ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თავისთავად არ გამორიცხავს 2015 წლის მოვლენის ინდივიდუალურად შეფასების აუცილებლობას, მისი განსაკუთრებული ნიშნებიდან გამომდინარე. ის გარემოება, რომ შესაბამისი ტერიტორია ისტორიულად სენსიტიურია (მათ შორის - მეწყერსაშიშობის თვალსაზრისით) სადავო არ არის და გამყარებულია „წინასწარი შეფასების“ დასკვნებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას 04.06.2015წ. დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან 13.06.2015წ. მოსალოდნელ სტიქიურ მოვლენასთან მიმართებაში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. საქმის მასალებით (მათ შორის - თავად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად შეფასებული „წინასწარი შეფასებით“) და შესაბამისი დარგის სპეციალისტთა განმარტებებით დგინდება, რომ მაღალი ტექნოლოგიების არსებობის და უფრო მეტი სათანადო მოწყობილობების არსებობის შემთხვევაშიც, შეუძლებელი იქნებოდა ისეთი კომპლექსური სტიქიური მოვლენის წინასწარ განსაზღვრა, რომელიც 13.06.2015წ. განვითარდა. ამასთან, სხვა თანმდევი ფაქტორების გათვალისწინებით, იგი მკვეთრად განსხვავდება მანამდე და მათ შორის 04.06.2015წ. განვითარებული მოვლენებისაგან. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რომლებიც ისტორიულად განვითარებულ მოვლენათა ურთიერთკავშირიდან გამომდინარეობს, ვერ უზრუნველყოფს მათი კომპლექსური კავშირის დადგენის შესაძლებლობას, მითითებული მოვლენების მასშტაბებისა და ხასიათის განსხვავებულობის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთების პროცესში საყურადღებოდ მიიჩნია საქმეში CD დისკის სახით წარმოდგენილი, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შემდგომ მომზადებული სიუჟეტები და მიუთითა ჩანაწერების კონკრეტულ მონაკვეთებზე, რომლებშიც გამოთქმულია ცალკეულ პირთა მოსაზრებები, განვითარებული სტიქიური მოვლენის შესაძლო პროგნოზირებისა და მისი განვითარებით შესაძლო ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ეფექტური ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ცალკეული სიუჟეტების გამოყენების შესაძლებლობა არ გამოირიცხება, თუმცა რესპოდენტთა გამოსვლები და მათი სუბიექტური აღქმები თუ სურვილები, მეცნიერული დასაბუთების ან სპეციალისტთა დასკვნის გარეშე ვერ ასაბუთებს 13.06.2015წ. განვითარებული მოვლენის წინასწარ განჭვრეტადობას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა კონკრეტულ ვითარებაში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამის ვალდებულებათა ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის წინასწარ განჭვრეტადი იყო სტიქიის ზონა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება მისი მხრიდან იყო დაგვიანებული და საქმის მასალებით არ დგინდებოდა საგანგებო სიტუაციების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფა. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია მასალები, რომლითაც დგინდება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ინტენსიური სამაშველო მოქმედებების განხორციელება სტიქიის ზონაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს ინფორმაციას სამაშველო მოქმედებებში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობის, სამუშაოებისათვის გამოყენებულ საშუალებათა სახეობებისა და ოდენობების შესახებ, თითოეული შესრულებული მოქმედების აღწერით. ამდენად, სამსახურის უმოქმედობა განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. რაც შეეხება სამსახურის მხრიდან სტიქიის ზონის იმთავითვე განსაზღვრისა და შესაბამისი რეაგირებისათვის პრიორიტეტულად მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის ჩათვლის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, სტიქიის შესაბამისი ზონის საბოლოოდ ფორმირებამდე, რამდენად რეალური იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის პრიორიტეტად მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიის განსაზღვრა და ძალების მობილიზება მხოლოდ ამ მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცესში საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებაზე, სადაც აღინიშნა, რომ 13.06.2015წ. მოვლენის განვითარების პროცესში, 00:20 საათზე სამსახურმა გამოაცხადა განგაში, რაც მიზნად ისახავდა შიდა ძალების მკაცრად მობილიზებას და სტიქიის ზონაზე მაქსიმალური ყურადღების გადატანას. საკასაციო პალატამ საქართველოს პრეზიდენტის 26.08.2008წ. N415 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმაზე“ მითითებით აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციაში შედის განგაშის გამოცხადების შესაძლებლობა, რასაც ის ატყობინებს შესაბამის ორგანოებს და პირებს, ხოლო მეორე მხრივ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ შესაძლო ქმედებად მიჩნეულია გზის გადაკეტვა საგანგებო სიტუაციის დროს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამორკვევას და დადგენას საჭიროებდა განგაშის გამოცხადების დრო, ასევე დროში გონივრული თანხვედრა განგაშის შეტყობინებასა და გზის გადაკეტვას შორის და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გზის გადაკეტვის ვალდებულების საგანგებო სიტუაციის სამსახურის მხრიდან განგაშის გამოცხადებასა და მის ინფორმირებაზე დამოკიდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2023წ. გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა ლ. გ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 10 151.2 ლარის ანაზღაურება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა ლ. ნ-ის და ხ. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 13 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგნოთა პასუხისმგებლობის ფარგლების შეფასება უნდა მოხდეს დიფერენცირებულად, თითოეულ მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებისა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დეტალურად გაანალიზების მეშვეობით. სააპელციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 10.05.2013წ. N27 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სააგენტოს მიზნებზე, ამოცანებზე, ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებზე, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს 12.06.2015წ. N163 ბიულეტენზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილ თბილისის ტერიტორიზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგად ანალიზსა და 2015 წლის 13-14 ივნისის წინასწარ შეფასებაზე და აღნიშნა, რომ "წინასწარი შეფასების“ მიხედვით, 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს წყალშემკრებ აუზში წარმოქმნილი კატასტროფული მოვლენა გამოიწვია გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ (მეწყერები, ღვარცოფები, კლდეზვავები, ატმოსფერული ნალექები წვიმის და სეტყვის სახით, არსებულ წყალსადინარებზე გვერდითი და სიღრმისეული ეროზია, წყალმოვარდნა და დატბორვა, რაც ყველაზე მთავარია - მდ. ვერეს აუზის რთული მორფოლოგიური, გეოლოგიური და ტექტონიკური პირობები). "წინასწარი შეფასების" მიხედვით, კატასტროფის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხანგრძლივმა ინტენსიურმა ნალექებმა (ბოლო 2,5 თვის მანძილზე მოსულმა მრავალწლიურ საშუალოზე 60%-ით მეტმა ნალექმა), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიჟონა ტერიტორიის ამგებ გრუნტებში, ტერიტორიაზე არსებული ხშირი ტყის გავლენით, რამაც საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა მასშტაბური მეწყრულ-გრავიტაციული პროცესები, გადასული ღვარცოფულ ნაკადებში. ქალაქის ფარგლებში არსებულმა გვირაბებმა სრულად ვერ უზრუნველყვეს წყალტალახოვანი ნაკადების დროულად გატარება, ვინაიდან მათი ჩახერგვა ძირითადად გამოიწვია ხეობის ფერდობებზე მეწყერების მიერ ტყის საფარის მოწყვეტამ და გადატანამ მთავარ არტერიაში (მდ. ვერე). მხოლოდ ე.წ. დიდი მეწყერის ფარგლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე პროცესებმა წარიტაცა 4000-ზე მეტი კუბ. მეტრი მერქნიანი ხე-მცენარე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20.03.2023წ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ახსნა-განმარტებისას დაადასტურა, რომ კლდეზვავური ტიპის მეწყერული პროცესის განვითარების წინასწარ პროგნოზირება, მით უფრო სხვა მოვლენებთან ერთობლიობაში, არის შეუძლებელი და აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს ყველაზე განვითარებული ქვეყნის შესაბამისი ორგანოც კი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას დამატებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან, თუმცა დამატებითი მასალებით წარმოდგენილი არ ყოფილა საქმეში მანამდე არსებულისაგან არსებითად სხვაგვარი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდნენ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებმაც სასამართლოს მისცეს სათანადო განმარტება და დაადასტურეს მოვლენათა ამგვარი განვითარების წინასწარ პროგნოზირების შეუძლებლობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან 13.06.2015წ. მოვლენების კომპლექსურად განვითარებით მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირება არ იყო ობიექტურად შესაძლებელი, შედეგი არ ექვემდებარებოდა კონტროლს და წინასწარ განჭვრეტას. გარემოს ეროვნული სააგენტოს "წინასწარი შეფასების" შესაძლებლობა ზღვარდადებული იყო იმ დროისათვის მის ხელთ არსებული ბერკეტებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიღებული მონაცემების გაანალიზებით. ამდენად, სახეზე არ არის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მასზე დაკისრებულ ფუნქცია - მოვალეობათა განზრახი ან გაუფრთხილებელი უგულებელყოფა. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N993 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე მითითებით აღნიშნა, რომ ამავე დებულების მე-6 მუხლით, კანონმდებლის მიერ დარეგულირებულია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები. კერძოდ „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზებაზე პასუხისმგებებლობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეკისრება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული არგუმენტი, იმის შესახებ, რომ იმ პერიოდისათვის, როდესაც დ. გ-ი გადაადგილდებოდა ახალი გზის ტერიტორიაზე, სახელმწიფო არ იდგა გზის გადაკეტვის აუცილებლობის წინაშე. სააპელაციო პალატამ მიუთითა 112-ში 13 ივნისის ღამეს შესულ ზარებზე და აღნიშნა, რომ მითითებულ ზარებში დაფიქსირებული ფაქტები წინ უსწრებდა დ. გ-ის გარდაცვალებას. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბოლო სატელეფონო კავშირი დ. გ-თან ახალი გზის ტერიტორიაზე შედგა 00:44 საათზე, რა დროსაც ტელეფონი გაითიშა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის ხელახლა განხილვის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განგაშის გამოცხადების ზუსტ დროსთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოში 03.12.2021წ. წარმოდგენილ წერილში აღნიშნულია, რომ 13.06.2015წ. თბილისში განვითარებულ საგანგებო მდგომარეობაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას განგაში გამოცხადდა 14 ივნისს, 00:20 საათზე. საქმეში დაცული მტკიცებულებების, მათ შორის სატელეფონო ზარების კომპლექსური შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა მოქალაქეთა მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადეკვატურად აღქმა, სტიქიის ყველაზე მწვავე გამოვლინების ზონების განსაზღვრა/დადგენა, ვითარების სწორად გაანალიზება/აღქმა. გზა არ გადაკეტილა თვით განგაშის გამოცხადების, 00:20 საათის შემდეგაც, რის გამოც მოქალაქე დ. გ-მა (განგაშის გამოცხადებიდან მინიმუმ 24 წუთის შემდეგ) უპრობლემოდ შეძლო მისულიყო სტიქიის ეპიცენტრში 14 ივნისს 00:44 წუთზე, რა დროსაც მასთან შედგა ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია. განგაშის გამოცხადების დროსა და გარდაცვლილ დ. გ-თან ბოლო სატელეფონო კომუნიკაციას შორის არსებული 24 წუთიანი შუალედი საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რათა საგზაო მოძრაობის ბლოკირებაზე უშუალოდ უფლებამოსილ ორგანოს - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაედგა მყისიერი და ადეკვატური ნაბიჯები, მოეხდინა სტიქიის ეპიცენტრის იდენტიფიცირება და გადაეკეტა მისკენ მიმავალი გზები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სწორედ გზის არგადაკეტვის გამო აღმოჩნდა გარდაცვლილი დ. გ-ი სტიქიის ზონაში. ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ დროული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში დ. გ-ის გარდაცვალების თავიდან აცილება იყო რეალური და შესაძლებელი. პალატის მოსაზრებით სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თავმოყრილი ინფორმაციის სწრაფი ანალიზის, კოორდინირებული მოქმედებისა და ადეკვატური გადაწყვეტილების დროულად მიღების იმგვარი დეფიციტი, რამაც საბოლოო შედეგის სახით ხელი შეუშალა სამსახურისათვის დაკისრებული ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გზის გადაკეტვის ფუნქცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. ბრძანებით დამტკიცებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის "ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სწორედ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მასალებით დასტურდება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ინტენსიური სამაშველო მოქმედებების განხორციელება სტიქიის ზონაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს ინფორმაციას სამაშველო მოქმედებებში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობის, სამუშაოებისათვის გამოყენებულ საშუალებათა სახეობებისა და ოდენობების შესახებ, თითოეული შესრულებული მოქმედების აღწერით. ამდენად, სამსახურის უმოქმედობა განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. რაც შეეხება სამსახურის მხრიდან სტიქიის ზონის იმთავითვე განსაზღვრისა და შესაბამისი რეაგირებისათვის პრიორიტეტულად მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის ჩათვლის შესაძლებლობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სტიქიის შესაბამისი ზონის საბოლოოდ ფორმირებამდე, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის პრიორიტეტულად მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიის განსაზღვრა და ძალების მობილიზება მხოლოდ ამ მიმართულებით რეალურად იყო შეუძლებელი. საქმის მასალებით დგინდება, რომ 13.06.2015წ. 112-ში ვაკე-საბურთალოს რაიონის გარდა შეტყობინებები შედიოდა ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან. განხორციელებული ზარების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების სამსახურს უწევდა რეაგირება სხვადასხვა რაიონში არსებულ პრობლემურ ადგილებთან მიმართებაში თანადროულად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მიმართებაში არ იკვეთება უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტებით (დებულებებით) გათვალისწინებული ფუნქციების უგულებელყოფის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც გამორიცხავს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრალეულმა უმოქმედობამ გამოიწვია დ. გ-ის გარდაცვალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის მიერ.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ 24 წუთი საკმარისი დრო იყო კონკერტული გადაწყვეტილების მისაღებად და რომ განგაშის გამოცხადება საპატრულო პოლიციისათვის სიგნალს წარმოადგენდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისათვის და საპატრულო პოლიციისათვის სტიქიის მოვლენების უეცარი განვითარებისას ობიექტურად შეუძლებელი იყო პრიორიტეტულად რომელიმე ლოკაციის მიჩნევა. 13 ივნისს, დ. გ-ის გარდაცვალების დროისათვის სსიპ 112-ში დაახლოებით 500 ზარი იყო შესული, ზარები ფიქსირდებოდა თბილისის სხვადასხვა უბნებიდან. კასატორმა აღნიშნა, რომ სტიქიური უბედურების არსებობისას განსახორციელებელი მოქმედებები დამოკიდებულია სახელმწიფო სისტემების ერთობლივ კოორდინირებულ მოქმედებაზე. იდეალურ შემთხვევაში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წინასწარ უნდა განესაზღვრა 10 სხვადასხვა მწვავე პროცესის განვითარება ვერეს ხეობაში და ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის, რომელიც საპატრულო პოლიციას მოუწოდებდა მობილიზებისაკენ, მიაწვდიდა შესაბამის ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში გადაიკეტებოდა გზები, თუმცა მოვლენების განვითარება არ ექვემდებარებოდა პროგნოზირებას, ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორს. კასატორის მითითებით საპატრულო პოლიცია გადაწყვეტილებას იღებდა შესაბამისი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე გამოკვლეული არ ყოფილა რა სახის ინფორმაციას იღებდა საპატრული პოლიციის დეპარტამენტი და რამდენად იყო საკმარისი გზის გადაკეტვის გადაწყვეტილების მისაღებად.
კასატორის მითითებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განგაშის გამოცხადება მოუწოდებს ამავე სამსახურის თანამშრომლებს მობილიზებისკენ, რაც კავშირში არ არის საპატრულო პოლიციის მიერ განსახორციელებელ ქმედებებთან. განგაშის გამოცხადება მხოლოდ იმ ფაქტს გადმოსცემს, რომ სიტუაცია გართულდა, საჭიროა მობილიზება და არ ნიშნავს რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელებისაკენ მოწოდებას. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სტიქიის ყველაზე მწვავე გამოვლინების ზონების განსაზღვრა, ვითარების სწორად გაანალიზება და აღქმა საპატრულო პოლიციას არ შეეძლო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გარეშე. გზის გადაკეტვის გადაწყვეტილების მიღება მიბმული იყო ინფორმაციის მიღებაზე, რომელსაც მოსახლეობა უშუალოდ საპატრულო პოლიციას არ აწვდიდა. კასატორის მითითებით დ. გ-ის გარდაცვალება გამოიწვია არა წყალდიდობამ, არამედ უეცარმა წყალმოვარდნამ, რომელსაც ტალღისებრი ეფექტი ჰქონდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. კასატორის მითითებით სტიქიური უბედურებისას მსოფლიოში შემუშავებული პოლიციელთა სამოქმედო გეგმის სათავეშია ინფორმაციის მიღება, რომელიც აუცილებელია სხვა მოქმედების განსახორციელებად. განსახილველ შემთხვევაში არ დასატურდება, რომ საპარულო პოლიციას ჰქონდა გზის გადასაკეტად საკმარისი ინფორმაცია. ამასთან, საგზაო მოძრაობის რეგულაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე უპირატესია გაჭირებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რაც დასტურდება სტიქიის ზონაში ინტენსიურად მიმდინარე სამაშველო მოქმედებებით.
კასატორებმა - ლ. ნ-ემ, ხ. გ-მა და ლ. გ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვეს. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ გზის გადაკეტვის საკითხი, თუმცა შეუფასებელი დარჩა მოწინააღმდეგე მხარეების ბრალეულობა დამდგარ შედეგთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა შემდეგი საკითხები, კერძოდ, სტიქიის ზონასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებში პირველადი შეტყობინების დაფიქსირების და ამ უწყებების მხრიდან რეაგირების საკითხი, მდ. ვერეში წყლის დონის მონიტორინგის და მისი შედეგების გაანალიზების საკითხი, ვერეს ისტორიული გამოცდილება და სტიქიის ზონასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლები, განგაშის გამოცხადების და სტიქიის ზონის განსაზღვრის საკითხი. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის კრიზისულ სიტუაციაში კომპლექსური მოქმედებების განხორცილება იყო საჭირო. კასატორების მითითებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, სპეციალისტების მოსაზრებების თანახმად შესაძლებელი იყო სტიქიის პროგნოზირება. მოცემულ საქმეში იკვეთება რამდენიმე ტიპის პრობლემა, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მდინარეებზე მონიტორინგის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ვერ ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ამასთან, ის ორგანოები, რომლებიც არიან სტიქიური უბედურების თავიდან აცილებასა და ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელნი, ვერ მუშაობენ ეფექტურად. ასევე მნიშვნელოვანია საავტომობილო გზების გადაკეტვის საკითხი, რომელიც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო დეპარტამენტის უფლებამოსილებას. აღნიშნულმა უწყებებმა ვერ შეძლეს გზების გადაკეტვა და მოძრაობის შეჩერება, რის გამოც გარდაცვლილმა დაუბრკოლებლად შეძლო სტიქიის ეპიცენტრში შესვლა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სტიქიის შესახებ ინფორმაციის დროული დამუშავება და გაანალიზება არ მომხდარა, რის გამოც გართულდა პირველადი რეაგირების განხორციელება. კასატორების მოსაზრებით მოპასუხეებად დასახელებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი მომხდარზე, რამეთუ ასეთი მასშტაბის სტიქიასთან ბრძოლა თითოეული მათგანის კომპეტენციას წარმოადგენს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ნ-ის, ხ. გ-ის, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით 2015 წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დ. გ-ი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.09.2015წ. N003488215 ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დ. გ-ის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია, განვითარებული სითხეში (წყალში დახრჩობით). 21.12.2015წ. N151374149 სამკვიდრო მოწმობის თანახმად ლ. გ-ი არის გარდაცვლილი დ. გ-ის მემკვიდრე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისის მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისათვის ლ. გ-ისათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ 26.02.2016წ. ხელშეკრულებისა და თანხის გადარიცხვის საბარათე ანგარიშის თანახმად, შემფასებლის მიერ 08.02.2016წ. N000629716 დასკვნის 55-ე პუნქტის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირს ლ. გ-ს პირველი კატეგორიის დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისათვის (სახელმწიფო ნომრით ..., სერია LEXUS GX470, გამოშვების წელი - 2006, საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადაეცა საბაზრო ღირებულების 49784 (ორმოცდაცხრა ათას შვიდას ოთხმოცდაოთხი) ლარის 70% - 34848,8 (ოცდათოთხმეტი ათას რვაას ორმოცდარვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 13.06.2015წ. გარდაცვლილი დ. გ-ის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანების გამო, მისი საბაზრო ღირებულების 30%-ის 10 151.2 ლარის ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დაკისრება ლ. გ-ის სასარგებლოდ და ასევე მოპასუხეებისათვის ლ. ნ-ისა და ხ. გ-ის სასარგებლოდ, შვილის გარდაცვალებით მიყენებული არამატერიალური ზიანის 13 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო პალატა მიუთითებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015წ. შედგენილ "თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგად ანალიზსა და 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარ შეფასებაზე", რომლის თანახმად, 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს წყალშემკრებ აუზში წარმოქმნილი კატასტროფული მოვლენა გამოიწვია გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ (მეწყერები, ღვარცოფები, კლდეზვავები, ატმოსფერული ნალექები წვიმის და სეტყვის სახით, არსებულ წყალსადინარებზე გვერდითი და სიღრმისეული ეროზია, წყალმოვარდნა და დატბორვა, რაც ყველაზე მთავარია - მდ. ვერეს აუზის რთული მორფოლოგიური, გეოლოგიური და ტექტონიკური პირობები). კონკრეტულად 2015 წლის 13-14 ივნისის კატასტროფული ღვარცოფული ხასიათის წყალმოვარდნა გარკვეულწილად განაპირობა მდინარე ვერეს აუზის მარჯვენა შენაკადის სათავეში წარმოქმნილმა გრავიტაციული ხასიათის ერთ-ერთმა მეწყერმა. ამასთანავე, სახეზე არ იყო ტიპური მეწყრული მოვლენა. ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობის გრუნტში ჩაჟონვამ გამოიწვია მისი მაღალი ხარისხით გაწყლოვანება, რამაც ხელი შეუწყო მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების სწრაფ ჩასახვა-გააქტიურებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოში 08.07.21წ. და 09.09.21წ. გამართულ სხდომებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განმარტებეზე, რომელთა თანახმად 2015 წლის 13 ივნისს განვითარებულ მოვლენათა ერთობლიობის პროგნოზირება და პრევენცია მაღალი დონის ტექნოლოგიების არსებობის პირობებშიც შეუძლებელი იქნებოდა, აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს ყველაზე განვითარებული ქვეყნის შესაბამისი ორგანოც კი. მეტეოსადგურების რაოდენობა მნიშვნელოვანია მხოლოდ უხვი ნალექების პროგნოზირების თვალსაზრისით, მეწყერის განვითარების შესაძლებლობის პროგნოზირებას მეტეოსადგური ვერ მოახდენს. აღნიშნული მოსაზრების გამომრიცხავი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შეფასების შედეგად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან 13.06.2015წ. მოვლენების კომპლექსურად განვითარებით, 10-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების თანხვედრით გამოწვეული შედეგის პროგნოზირება არ იყო ობიექტურად შესაძლებელი, შედეგი არ ექვემდებარებოდა კონტროლს და წინასწარ განჭვრეტას. 13.06.2015წ. განვითარებული სტიქიური კატასტროფა წარიმართა ტრაგიკულ მოვლენათა ისეთი უიშვიათესი თანადროული მიმდინარეობით, რომლის მზადყოფნისა და რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტის და ელიმინაციის ვალდებულება არ შეიძლება შეფასებულ იქნას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოსაჩენი წინდახედულობის აუცილებელ ფარგლებში შემავალ პასუხისმგებლობად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 01.12.2021წ. წერილის თანახად, 13.06.2015წ. თბილისში განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ განგაში გამოცხადდა 14 ივნისს 00:20 საათზე. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 26.08.2008წ. N415 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმაზე“, რომელიც ემსახურება ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებას, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემის ამოქმედებას აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული „გეგმის“ 17.1 მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა ხორციელდება 17 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით. მათ შორის, საგანგებო მართვის უზრუნველყოფის ფუნქციასთან მიმართებაში ძირითად ორგანოდ მიჩნეულია შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (ფუნქცია N1), რომელიც ოპერატიული რეაგირების მიზნით, საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი განვითარების შემთხვევაში, იწყებს საგანგებო მართვის ღონისძიებების განხორციელებას - აცხადებს განგაშს და ატყობინებს შექმნილი მდგომარეობის თაობაზე შესაბამის უწყებებსა და პირებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ არ იკვეთება უფლება-მოვალეობების უგულებელყოფის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია მასალები, რომლითაც დგინდება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ინტენსიური სამაშველო მოქმედებების განხორციელება სტიქიის ზონაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს ინფორმაციას სამაშველო მოქმედებებში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობის, სამუშაოებისათვის გამოყენებულ საშუალებათა სახეობებისა და ოდენობების შესახებ, თითოეული შესრულებული მოქმედების აღწერით. ამდენად, სამსახურის უმოქმედობა განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების - ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ გზის გადაკეტვის საკითხი და არ შეაფასა დანარჩენი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეულობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელების შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს რეალური. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობამ (განვითარებულ მოვლენასთან მიმართებაში პრევენციის ან რეაგირების კუთხით შესაბამის ვალდებულებათა განუხორციელებლობამ) წარმოშვას ბრალეული მიზეზობრიობა, აუცილებელია ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედებით, თავიდან იქნებოდა აცილებული შედეგი, რომელმაც კონკრეტული პირის (პირებისათვის) ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევის სპეციფიკურობის, განსაკუთრებულობის და მასშტაბურობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეულის საკითხი და მართებულად დაადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის 13.1 მუხლის "ა" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პილიციის დეპარტამენტის სადავო პერიოდში მოქმედი დებულების 6.1 მუხლის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტია. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 26.08.2008წ. N415 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის" N14 ფუნქცია მოიცავს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფას. ფუნქციის განმახორციელებელ ერთ-ერთ ძირითად ორგანოდ მიჩნეულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთ-ერთ შესაძლო ღონისძიებად მიჩნეულია საგანგებო სიტუაციების დროს ქუჩების გადაკეტვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია კასატორის - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ჰქონდათ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ "112"-ში დაფიქსირებული ინფორმაცია რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემოდა. ამასთან, კასატორი არ უარყოფს, რომ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დეპარტამენტი ჩართული იყო სამაშველო მოქმედებებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 01.12.2021წ. წერილით დგინდება, რომ თბილისში განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ განგაში გამოცხადდა 14 ივნისს 00:20 საათზე. უდავო ფაქტია, რომ გზა არ გადაკეტილა განგაშის გამოცხადების შემდეგაც. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა ჯეროვნად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა უსაფრთხოების წესების ეფექტიან გატარებას, მათ შორის, სტიქიის ზონისკენ მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას/შეწყვეტას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ნ-ის, ხ. გ-ის, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ნ-ის, ხ. გ-ის, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2023წ. გადაწყვეტილება;
3. ლ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.08.2023წ. N18059245086 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 508.21 ლარის 70% - 355,75 (სამას ორმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი