საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-556(კ-22) 19 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირები - ნ.მ-ე, გ.პ-ო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.გ-მა 2014 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის, გ.გ-სა და ნ.მ-ის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, იმავე სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელის სახელზე სოფელ ...ში არსებული მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით. მოსარჩელემ აგრეთვე იშუამდგომლა ხაშურში, სოფელ ...ში მდებარე ნ.მ-ის საკუთრებად აღრიცხულ 2 093 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და რეგისტრაციის დავალების ნაწილში, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 2053.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) გ.გ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე დაევალა ხელახლა მსჯელობა გ.გ-ს 2011 წლის 13 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება თ.გ-მა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა, ნ.მ-ემ და გ.პ-ომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თ.გ-მა აგრეთვე გაასაჩივრა თ.გ-ის სახელზე გაცემული N5 მიღება-ჩაბარების აქტისა და გ.გ-ს სახელზე გაცემული N7 მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც ყალბი დოკუმენტების, მტკიცებულებებიდან ამორიცხვის და საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის თაობაზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინება და მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით გ.გ-ს გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით გ.გ-ს უფლებამონაცვლედ დადგინდა გ.პ-ო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება გ.პ-ოს მიერ შესაბამისი მხარდაჭერის მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მოპასუხის სტატუსით მონაწილე პირები - გ.პ-ო და ნ.მ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით თ.გ-ის, ნ.მ-ის, გ.პ-ოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინება, მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი ასევე ასაჩივრებს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებისა და სადავო მიწის ნაკვეთის ამსახველი ფოტოსურათების საქმეზე დართვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებას, მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 26 იანვრის განჩინებას; ადგილზე დათვალიერების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქმის მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაგზავნის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებებს და მტკიცებულებათა დართვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 02 მარტის საოქმო განჩინებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები, რომელთა დაკმაყოფილების პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებების გაცნობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ასევე №5 მიღება-ჩაბარების აქტი არ მიიჩნეოდა ყალბ დოკუმენტად. მაგალითად, მოწმე დ.გ-ის განცხადებით ირკვეოდა, რომ ის 1994 წელს სოფელ ...ში იყო მიწების განაწილების კომისიის თავმჯდომარე და, შესაბამისად, ადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთის თ.გ-ისთვის გადაცემას ფაქტს. ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თ.ჩ-ის წერილის თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად საქმეზე დართვის შესახებ. აღნიშნული წერილიდან ირკვევა, რომ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ინახება 1993 წლით დათარიღებული ...ის საკრებულოს სოფლების მიწების განაწილების მიღება-ჩაბარების აქტების რეგისტრაციის ჟურნალი, რომლის თანახმად, სოფელ ...ის სიაში №5 რიგითი ნომრით აღნიშნული იყო მოქალაქე თ.გ-ი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულების დართვის შემთხვევაში, კითხვები მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობასთან დაკავშირებით არ გაჩნდებოდა და მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით თ.გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას საჭიროებს. ხსენებული გადაწყვეტილებით, ხაშურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2093 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გ.გ-ს საკუთრებად.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 02 მარტის განჩინება მოპასუხესა და მესამე პირებს არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ პირობებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს თ.გ-ის საჩივრის ფარგლებში და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებს მხოლოდ სარჩელის უარყოფის ნაწილში.
საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2007 წლის 28 სექტემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თ.გ-ის საკუთრების უფლება ხაშურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,32 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2007 წლის 25 სექტემბერს გაცემული №800 ცნობა.
ისიც დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით ხაშურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2093.00 კვ.მ (ს/კ ...) და 1507.00 კვ.მ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთებზე დარეგისტრირდა გ.გ-ს საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო მიღება-ჩაბარების აქტი №7. ასევე დადგენილია, რომ 2093.00 კვ.მ და 1507.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთები გ.გ-მა 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებით აჩუქა ნ.მ-ეს.
2014 წლის 25 ივლისს თ.გ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ხაშურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით თ.გ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში გ.გ-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. თ.გ-ს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 01 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება თ.გ-ის განცხადებაზე, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი რეგისტრაციის 2007 წლიდან არსებობის პირობებში, 2014 წელს გ.გ-ს სახელზე ისე დარეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთი, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადო წესით არ გამოუკვლევია სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა და კონფიგურაცია შესაძლო ზედდების თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს სადავო გადაწყვეტილების უკანონობის დამადასტურებელ რაიმე გარემოებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით გამოკვლევასა და შეფასებას. მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, უნდა შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა (სუსგ. 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12)).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საჯარო რეესტრში კონკრეტული მონაცემების დაფიქსირება ხორციელდება სარეგისტრაციო წარმოების გზით, რომელიც გულისხმობს რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემთა სრულყოფილად აღრიცხვის პროცესს. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (სუსგ 28.02.2013წ. ბს-367-363(კ-12)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, ან ასეთი გართულებულია, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებაზე მსჯელობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც სადავოა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება (საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები), ასეთი ქონების სამოქალაქო წესით განკარგვის და შესაბამისად მისი სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის პირობებში, სამართლებრივ ურთიერთობაში შემოდის შემძენის კეთილსინდისიერების ინსტიტუტი, რაც ემსახურება როგორც უძრავი ქონების შემძენთა ინტერესების დაცვას, ისე სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენება და ამ საფუძვლით მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობა, გაუმართლებელია, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვისას სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ აღდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება (სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ.მ-ის საკუთრების უფლებით), შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის საბოლოო მოგვარება - გადაწყვეტა გაჭიანურდება. მიუხედავად განვითარებული მსჯელობისა, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად გადაწყვიტოს მოცემული დავა გარდა სარჩელის უარყოფისა, რისი წინაპირობაც სახეზე არ არის, ვინაიდან საკასაციო საჩივარი მოპასუხესა და მესამე პირებს არ წარმოუდგენიათ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გ.გ-ს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილი იყო, რომ თ.გ-ის სახელზე უკვე არსებობდა რეგისტრაცია (ხაშურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,32 ჰა მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ...). ე.ი. მარეგისტრირებელ ორგანოს ჰქონდა წვდომა ინფორმაციაზე, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, თუმცა მაინც დააკმაყოფილა გ.გ-ს განცხადება, ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეკვლია და შეესწავლა მოცემულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით და ამის შემდეგ დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, განსაზღვროს დაცვის ღირსი უფლება და მისი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, მართებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების შესახებ.
რაც შეეხება კასატორის მიერ გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებს, პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებებზე, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს მათ უკანონობას. კასატორის მიერ სააპელაციო პალატის სხვადასხვა სხდომებზე წარდგენილი შუამდგომლობები არ იყო რელევანტური მოცემული დავის გადაწყვეტისათვის. მხარემ ვერ დაასაბუთა ხსენებული შუამდგომლობებით დაყენებული საკითხების მნიშვნელობა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის. მათ შორის, საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის ნიშნით საგამოძიებო ორგანოსთვის გადაგზავნის განჩინებაში სასამართლოს შეფასებებს, რაც ეყრდნობა როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ისე მიღება-ჩაბარების აქტში არსებული მონაცემების მისი შედგენის თარიღისთვის მოქმედ საკანონმდებლო დანაწესთან არსებით შეუსაბამობას (სასამართლოს დასკვნით, გაყალბებულია ხელმოწერები, ბეჭედი და სხვა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე 16.06.2022წ. №0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება და 2021 წლის 15 დეკემბრის, 2022 წლის 26 იანვრისა და 2022 წლის 02 მარტის საოქმო განჩინებები;
3. თ.გ-ს (პ/ნ ... ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.06.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გ.ბ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა