№ბს-868(კ-23) 18 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 25 ივნისს თ.გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, თ.გ-ის საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მაისის №03-1874/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის საგრანტო განაცხადის განხილვისა და დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ.გ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის მიღებისა და განხილვის დავალება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით თ.გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე თ.გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ 3.2.1. პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კერძოდ, პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელსაც ამოწმებს დეპარტამენტი წარმოადგენს: 1. საგრანტო განაცხადი წარმოდგენილია დადგენილ ვადაში, ხელმოწერილია, შევსებულია სრულყოფილად და თანდართულია წარმოსადგენი დოკუმენტაცია; მათ შორის, საგრანტო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია; 2. განმცხადებელი არის დევნილის აქტიური სტატუსის მქონე ან იმ ეკომიგრანტი ოჯახის წევრი, რომლებზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, უფლებამოსილი კომისიის მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე; 3. განმცხადებელი არის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013–2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული მომზადებისა ან პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი და ფლობს №1 დანართით გათვალისწინებულ პროფესიას; 4. საგრანტო განაცხადით მოთხოვნილია არაუმეტეს 3 სახელობო იარაღის შეძენა არაუმეტეს 2000 ლარის ღირებულების ფარგლებში. ამასთანავე, ერთი ნივთის ღირებულება არ უნდა იყოს 150 ლარზე ნაკლები; 5. წარმოდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება არ ეწინააღმდეგება გრანტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 29 იანვარს, თ.გ-ემ, „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში წარადგინა საგრანტო განაცხადი და მიუთითა, რომ პროფესიით არის ინჟინერ-მშენებელი და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული. წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხემ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოსარჩელის პროფესიული განათლების დადგენის მიზნით.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2021 წლის 16 თებერვლის MES 0 21 000012010 წერილით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თ.გ-ე არ არის პროფესიული საგანმანათლებლო, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებული. ამდენად, თ.გ-ის საგრანტო განაცხადი ვერ აკმაყოფილებდა მოცემულ სავალდებულო კრიტერიუმს, კერძოდ, იგი არ იყო სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013-2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თ.გ-ე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი რიგი სხვა დოკუმენტებიც (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი და ინვოისი - შესაძენად მოთხოვნილ ნივთებზე), რის თაობაზეც მხარეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქმეში დაცულ ...ის 2004 წლის 9 იანვრის დიპლომზე, რომლითაც სახელმწიფო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით 1982 წლის 30 ივნისს თ.გ-ეს მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია, სპეციალობით საქალაქო მშენებლობა. თუმცა სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დოკუმენტი საგრანტო პროგრამის მიზნებისთვის ვერ ჩაანაცვლებდა 2013-2020 წლებში სახელმწიფო პროფესიული განათლების მიღების სავალდებულოობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, თ.გ-ის საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მაისის №03-1874/ო ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცემულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის თ.გ-ის საგრანტო განაცხადის განხილვისა და დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, თ.გ-ის საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მაისის №03-1874/ო ბრძანების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №01-11/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი“, რომელიც აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) (შემდგომში – ეკომიგრანტი) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგრანტო პროგრამას/პროექტს შეიმუშავებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტისა და დონორი ორგანიზაცი(ებ)ის მონაწილეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საგრანტო პროგრამა იქმნება დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით, პროგრამის მიზნების შესაბამისად. მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს კომისიის სამდივნო. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი არ გადაეცემა კომისიას და რჩება განუხილველი, რის თაობაზეც გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობება განმცხადებელს. განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება სასამართლოში. ამავე წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, სამდივნო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად კი, შემოწმების შედეგად, კომისიის სამდივნო იღებს გადაწყვეტილებას: ა) საგრანტო განაცხადის კომისიისთვის გადაცემის ან განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიის სამდივნო, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პროგრამით დადგენილი ფორმის მიხედვით მოსთხოვოს განმცხადებელს დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას. მე-4 პუნქტის თანახმად კი, განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. კომისიის სამდივნო არ გადასცემს კომისიას განაცხადს განსახილველად და იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან: ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის; ბ) განმცხადებელმა განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი ან/და არ დააზუსტა ან/და არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია; გ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე; დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რის გამოც განაცხადის განხილვას შედეგი არ ექნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3089/ო ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ (შემდგომში ,,საგრანტო პროგრამა’’) 3.2 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს საგრანტო განაცხადების შემოწმებისა და განხილვის წესს. აღნიშნული დებულების თანახმად, წარმოდგენილ საგრანტო განაცხადს ამოწმებს სააგენტოს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) და განიხილავს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგრანტო კომისია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად. დეპარტამენტი უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგრანტო განაცხადების შემოწმებას და ადგენს რამდენად შესაბამისია პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შემოწმების ეტაპზე, განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ოდენობით და მოსთხოვოს მას საგრანტო განაცხადში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება, სავალდებულოდ წარმოსადგენი ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან/და ინფორმაციის დაზუსტება. ამავდროულად, მოთხოვნილი დოკუმენტაცია პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პროგრამის მიზნების განხორციელებასთან. განმცხადებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, რა მიზნით ითხოვს დეპარტამენტი დოკუმენტაციის წარდგენას. აღნიშნულის თაობაზე, სააგენტოსა და განმცხადებელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია როგორც წერილობითი, ისე სატელეფონო და ელექტრონული შეტყობინებით. სატელეფონო შეტყობინების შემთხვევაში, საგრანტო განაცხადის გარეკანზე უნდა გაკეთდეს შესაბამისი მინიშნება შეტყობინების თარიღის მითითებით. დეპარტამენტი არ გადასცემს საგრანტო კომისიას განაცხადს განსახილველად და იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან განმცხადებელმა განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი ან/და არ დააზუსტა ან/და არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია; განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე; არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რის გამოც განაცხადის განხილვას შედეგი არ ექნება.
„დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ 3.2.1. პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კერძოდ, პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელსაც ამოწმებს დეპარტამენტი წარმოადგენს: 1. საგრანტო განაცხადი წარმოდგენილია დადგენილ ვადაში, ხელმოწერილია, შევსებულია სრულყოფილად და თანდართულია წარმოსადგენი დოკუმენტაცია; მათ შორის, საგრანტო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია; 2. განმცხადებელი არის დევნილის აქტიური სტატუსის მქონე ან იმ ეკომიგრანტი ოჯახის წევრი, რომლებზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, უფლებამოსილი კომისიის მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე; 3. განმცხადებელი არის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013–2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული მომზადებისა ან პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი და ფლობს №1 დანართით გათვალისწინებულ პროფესიას; 4. საგრანტო განაცხადით მოთხოვნილია არაუმეტეს 3 სახელობო იარაღის შეძენა არაუმეტეს 2000 ლარის ღირებულების ფარგლებში. ამასთანავე, ერთი ნივთის ღირებულება არ უნდა იყოს 150 ლარზე ნაკლები; 5. წარმოდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება არ ეწინააღმდეგება გრანტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - თ.გ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
2021 წლის 29 იანვარს, თ.გ-ემ, „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, წარადგინა საგრანტო განაცხადი.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მაისის №03-1874/ო ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული თ.გ-ის საგრანტო განაცხადი, ვინაიდან განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კერძოდ, იგი არ იყო სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013-2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის’’ სერტიფიცირებული ბენეფიციარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2021 წლის 16 თებერვლის MES 0 21 000012010 წერილით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თ.გ-ე არ არის პროფესიული საგანმანათლებლო, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ თ.გ-ის საგრანტო განაცხადი ვერ აკმაყოფილებდა მოცემულ სავალდებულო კრიტერიუმს, კერძოდ, იგი არ იყო სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013-2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი. ამასთან, განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია - კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი/ცნობა/სერტიფიკატი, პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი და ინვოისი - შესაძენად მოთხოვნილ ნივთებზე, რის თაობაზეც მხარეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა და აღნიშნული თავად მოსარჩელემაც დაადასტურა სასამართლო სხდომებზე.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია ...ის მიერ 2004 წლის 9 იანვარს გაცემული დიპლომი მასზედ, რომ სახელმწიფო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების 1982 წლის 30 ივნისს თ.გ-ეს მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია, სპეციალობით საქალაქო მშენებლობა, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საგრანტო პროგრამის მიზნებისთვის ვერ ჩაანაცვლებს 2013-2020 წლებში სახელმწიფო პროფესიული განათლების მიღების სავალდებულოობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი